ამბები

19:46 | 17.06.2011 | ნანახია 3301 - ჯერ

“მერანმა” საქართველო საფრანგეთში ასახელა

იყო დრო, როდესაც ქართული სარაგბო კლუბებისთვის ფრანგული შეკრებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ ახლა, ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპასა და მსოფლიოში მხოლოდ სანაკრებო გუნდებს გაჰქონდათ. ეს ტრადიცია წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის გუნდმა “მერანმა” დაარღვია”, რომელმაც საფრანგეთში გამართულ ბავშვთა ტურნირში ორი გუნდი გაიყვანა და ორივემ ფინალში ითამაშა.
ამ სკოლის ხელმძღვანელობას, რომლისთვისაც ფიზკულტურის გაკვეთილები რაგბის გაკვეთილებადაა ქცეული, დიდი ხანია საერთაშორისო დონეზე სურდა გასვლა და ფრანგულ მიწვევასაც დიდი სიამოვნებით დათანხმდა. 11 და 13-წლამდელთა გუნდებმა, ქვეყნის სახელი არ შეარცხვინეს და სულ პატარები საფრანგეთიდან დაუმარცხებლები დაბრუნდნენ, ხოლო მეორემ მხოლოდ ორჯერ, ერთი და იმავე გუნდთან წააგო.
“კანის გარეუბანში, მონდელიუფში, ლაჟვარდოვან სანაპიროზე საერთაშორისო ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და ორივე ასაკობრივი ჯგუფის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. 13-წლამდელები, 16-გუნდიან ტურნირში სულ ორჯერ დამარცხდნენ, ორივეჯერ ერთი და იმავე გუნდთან (0:1) და მეორე ადგილს დასჯერდნენ. ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს, მაგრამ თავისზე ძლიერებთან ვერაფერს გახდნენ.
გულდასაწყვეტი იყო 11-წლამდელების მარცხი. მათ ფინალამდე ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ერთი მასპინძლებთან, რომელსაც ფინალში შეხვდნენ. თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე, კურიოზული შემთხვევა მოხდა. როდესაც ჩვენ გუნდს მეტოქის ჩათვლის მოედნამდე ორიოდე მეტრი რჩებოდა, ქალაქის მერიის წარმომადგენელმა და მასპინძელი გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, ხმის გამაძლიერებლით თქვეს, რომ აუტი იყო. მსაჯმა თამაში გააჩერა, გვერდითი მსაჯი გაოცდა, არანაირი აუტი არ ყოფილაო, მაგრამ შეტევა ჩაიშალა და ფინალიც ფრედ დასრულდა. მერე დამატებითი მონაცემები დათვალეს, რომელსაც ვერავინ გადაამოწმებდა და გამარჯვებულად მასპინძელთა გუნდი გამოცხადდა, ჩვენ კი, მეორე ადგილზე დავრჩით. მართალია, ბავშვებს ცოტა გული გაუტყდათ და ცრემლი მოერიათ, მაგრამ ჩვენ მათ გამარჯვებულებად მივიჩნევთ” - გვითხრა სკოლის დირექტორმა სოსო ხუციშვილმა.
13-წლამდელებში - თექვსმეტმა, ხოლო 11-წლამდელებში თვრამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირს სარაგბო კლუბ “ვოლ დე სიანის” ბაზამ უმასპინძლა და ამ კლუბის პრეზიდენტის შვილი სწორედ იმ 11-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, რომელთანაც წაგება ჩაგვითვალეს.
“ჩვენ ადრეც გვქონდა მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილი და რიჩი დიქსონის დახმარებით, კონტაქტზე შოტლანდიელებთან გავედით. ამით არაფერი გამოვიდა, ახლა კი, “ლელოსა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბის, ლევან ღვაბერიძის დახმარებით, ოცნება რეალობად იქცა. ბავშვებმა ბევრი რამ შეიძინეს. მანამდე, თბილისში სარაგბო ფესტივალზე თუ ვითამაშებდით, იქ კი, ერთ დღეში 13 შეხვედრა გამართეს. ბავშვებმა ბევრი რამ ისწავლეს და იმედია, მსგავსი შესაძლებლობა მომავალშიც გვექნება” - დაამატა ხუციშვილმა.
მთლიანობაში, ტურნირში 1000-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და თითოეული შეხვედრა მეოთხე მოედანზე ექვს წუთს გრძელდებოდა. საფრანგეთში მსგავსი შეჯიბრები თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იმართება, თუმცა, მათ საერთაშორისო ხასიათი ნაკლებად აქვთ და ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს. მომავალში, “მერანი” თავად გეგმავს მსგავსი შეჯიბრების მოწყობას და ფრანგი სტუმრების დაპატიჟებას. წმინდა გიორგის საერო სკოლაში რაგბი ფიზკულტურის გაკვეთილის ნაწილია და ბავშვებს ვანო ქაფიანიძე და მიშა ძოწენიძე ავარჯიშებენ, რომელთაც ბავშვებს საფრანგეთშიც უთავკაცეს. საფესტივალო ასაკის ზევით, “მერანის” მოთამაშეები ჯერჯერობით სარაგბო კლუბ “ლელოს” ავსებენ და ოსტატობას იქ, ჭაბუკთა “ბ” ლიგაში თამაშით ხვეწენ, სამომავლოდ კი, დამოუკიდებლად აპირებენ ასპარეზობას.
“რაგბის გარდა, ჩვენს სკოლაში კლდეზე ცოცვას, თხილამურზე სრიალს, ცურვას, მხატვრულ ტანვარჯიშს ვასწავლით. სათამაშო სახეობებიდან რაგბი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ის სხვებზე მეტად ვაჟკაცური სახეობაა და გუნდურობის პრინციპს აყალიბებს. რაგბიში ინდივიდუალურობა არაფერს წყვეტს, ბავშვები სწავლობენ ბრძოლას, ერთმანეთის გატანას და პატარა მეომრები იზრდებიან. სპორტის ამ სახეობას სწორედ ამ კუთხით განვიხილავ და დანარჩენებთან მიმართებაში რაგბის უპირატესობაც ამის გამო მივანიჭეთ” - ამბობს ხუციშვილი.
წმინდა სპორტული თვალსაზრისის გარდა, “მერანის” პატარა “მებრძოლებს” საფრანგეთში ექსკურსიებიც ჰქონდათ. მათი განსაკუთრებული ემოციები მაინც იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თამაშებზე გულშემატკივართა ნაკლებობას არ უჩიოდნენ. საფრანგეთში მოღვაწე სანდრო მჭედლიშვილი და ილია კახურიძე ოჯახებით, ასევე ილია ზედგინიძეს მეუღლე, ბავშვებს მთელი ეს პერიოდი გვერდში ედგნენ. საფრანგეთში ჩასვლისას, აეროპორტში მათ მამუკა გორგოძე დახვდა, ხოლო უკან დაბრუნებულებს თბილისის აეროპორტში მშობლებმა და ახლობლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და თავი ისე აგრძნობინეს, თითქოს მსოფლიო თასი მოიგეს.
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089403