ამბები

22:56 | 17.06.2011 | ნანახია 2100 - ჯერ

ოლიმპიადის გზა ლიონით იწყება

მას შემდეგ, რაც 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბის დამატება გადაწყდა, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, თავისი წევრი ქვეყნებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე იზრუნა და ტურნირის ჩატარების ფორმატი შეცვალა.
აქამდე ასე იყო: ევროპის მასშტაბით იმართებოდა 7 ეტაპი, რომელთაგან თითოში 10 ნაკრები მონაწილეობდა. ამასთან, ერთ გუნდს ორ ეტაპზე მეტში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ბოლოს, ქულები ყველა ეტაპზე გუნდების მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით იკრიბებოდა, ვლინდებოდა 12 საუკეთესი ნაკრები, რომლებიც შუაგულ ზაფხულში დასკვნით ეტაპს თამაშობდნენ. ამასთან, დიდი ბრიტანეთის გუნდები და ირლანდია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ევროპის ჩემპიონატის ეტაპზე არ მონაწილეობდნენ.
ახლა სიტუაცია შეიცვალა. ევროპის ჩემპიონატს სახელი შეეცვალა, მის უმაღლეს, თორმეტგუნდა ჯგუფს “გრან პრი” დაერქვა და ის ოთხ ეტაპად გაიმართება. ამასთან, ტურნირში ჩაერთვნენ საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და უელსი. სახეცვლილი ტურნირის პირველი ეტაპი საფრანგეთში, ლიონში გაიმართება და უძლიერესთა შორის, წინა წლებში მოპოვებული ავტორიტეტის ხარჯზე, საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.
თბილისში გამართული 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასის გამო, ეროვნულ პირველობაში გამოწვეული შესვენებით, საქართველოს 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ ისარგებლა და კანდიდატები საქმეში ნახა. ამსტერდამისა და რომის ტურნირები ქართველმა მორაგბეებმა არცთუ ურიგოდ ჩაამთავრეს და მწვრთნელებმაც ოფიციალური მატჩებისთვის ეროვნულ ჩემპიონატში მობურთალი 10 საუკეთესო მორაგბე შეარჩიეს, რომელთაც ძველი მოშვიდკაცეები, ფრანგულ კლუბებში მოთამაშე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ჩხაიძე დაამატეს და გეზი ლიონისკენ აიღეს.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს ლიონში გასამართი გრან-პრის პირველ ეტაპზე გაუმართლა. მართალია, A ჯგუფში, საქართველო ძლიერ მოშვიდკაცე, ევროპის მრავალგზის ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, ასცდა საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, იტალია და ასევე, 7-კაცაში ძლიერი რუსეთი. პორტუგალიელთა გარდა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ორივე ჯგუფის საუკეთესო გუნდი, თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალში განაგრძობს, ჯგუფის მესამე-მეოთხეადგილოსნები ტურნირზე V-VIII ადგილებისთვის მებრძოლი ნაკრებების ნახევარფინალურ წყვილებს შეადგენენ, ჯგუფის ორ-ორი ნაბოლარა კი, ბოლო ოთხ ადგილს გაინაწილებს.
ლიონის ეტაპის კვირის თავზე, გუნდებს მოსკოვის ეტაპი ელით, მერე ერთ შაბათ-კვირას გამოტოვებენ და ესპანეთში, ბარსელონაში შეიყრებიან, სულ ბოლოს კი, ძალებს რუმინეთში, ბუქარესტში მოსინჯავენ. უშუალოდ ლიონის გრან-პრის, საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებთა ჯახი გახსნის. თამაში თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო 15:40 საათზე, ქართველი მორაგბეების მეტოქე უკრაინა იქნება. ამავე დღის მე-3 მატჩში, ალანიას შეგირდები 19:20 საათზე ესპანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 20:20 საათზე, გათამაშების ფავორიტ პორტუგალიას შეხვდებიან. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მეორე დღეს, ანუ 19 ივნისს, 12:40 საათზე, ქართველთა მეტოქე რუმინეთი იქნება და იმავე დღეს, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალური და ფინალური მატჩის ჩატარება მოუწევს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი (4) თბილისის “ლოკომოტივს” ჰყავს, 3 მორაგბეა “ყოჩებიდან”, თითო მორაგბე კი, ნაკრებში “არმიამ”, “აკადემიამ” და პირველლიგელმა “ხულიგანამ” წარადგინა.
ზევითაც ვახსენეთ და თქმაც არ უნდა, რომ ლეგიონერები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ჩხაიძე გუნდის ლიდერები იქნებიან.     
საქართველოს ნაკრები ლიონის გრან-პრიზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
მწვრთნელები: კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი

A ჯგუფი
პორტუგალია
ესპანეთი
საქართველო
რუმინეთი
უკრაინა
ჰოლანდია

18 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია (12:00 საათი. თბ. დრო)

ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - უკრაინა
რუმინეთი - ჰოლანდია
საქართველო - უკრაინა (15:40)
პორტუგალია - ესპანეთი
უკრაინა - ჰოლანდია
პორტუგალია - რუმინეთი
ესპანეთი - საქართველო (19:20)
რუმინეთი - უკრაინა
ესპანეთი - ჰოლანდია
პორტუგალია - საქართველო (20:20)
19 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა
საქართველო - რუმინეთი (12:40)
პორტუგალია - ჰოლანდია  

B ჯგუფი
საფრანგეთი
რუსეთი
ინგლისი
უელსი
იტალია
მოლდოვა

18 ივნისი
ინგლისი - მოლდოვა
რუსეთი - უელსი
საფრანგეთი - იტალია
უელსი - მოლდოვა
ინგლისი - იტალია
საფრანგეთი - რუსეთი
იტალია - მოლდოვა
საფრანგეთი - უელსი
რუსეთი - ინგლისი
უელსი - იტალია
რუსეთი - მოლდოვა
საფრანგეთი - ინგლისი
19 ივნისი
რუსეთი - იტალია
ინგლისი - უელსი
საფრანგეთი - მოლდოვა

 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.068911