დღეს საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, VII ტური უნდა გამართულიყო, თუმცა, ეროვნულ და 7-კაცა ნაკრებში მორაგბეთა მივლინების გამო, ოთხიდან სამი თამაში გადაიდო და მხოლოდ ერთიღა გაიმართება.
თბილისში, დიდ დიღომში, “ვისოლის” სტადიონზე დედაქალაქურ დერბიში, “აკადემია” “ლელოს” დაეჭიდება. სატურნირო ცხრილის და აკადემიელთა მებრძოლი სულის გათვალისწინებით, მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა უნდა იხილოს. წინა ტურში, ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივის” ძლევის შემდეგ, ამ გუნდმა საუკეთესო ოთხეულში შეაღწია და ახლა, თუ ვიცე ჩემპიონიც დაამარცხა, ლიდერთა შორის ადგილს გაიმყარებს.
გუნდები მომავალ შეხვედრას ერთნაირი საკადრო პრობლემებით ხვდებიან: “აკადემიას” ეროვნულ ნაკრებში ორი (გიორგი ბეგაძე და შალვა მამუკაშვილი), ხოლო 7-კაცაში ერთი მორაგბე ყავს მივლინებული (მერაბ შარიქაძე), ხოლო “ლელოს” სამი მორაგბე (ალექსანდრე თოდუა, ლექსო გუგავა და ლაშა ხმალაძე) ეროვნულ გუნდთან ერთად ბუქარესტში იმყოფება. გასულ ტურში, “ლელოს” აუტსაიდერი “ხარების” ძლევა გაუჭირდა და წესით, “აკადემიასთანაც” ძალთა სრული მობილიზება უნდა დასჭირდეს.
VII ტურის დანარჩენი შეხვედრებიდან, “არმაზი”-“ლოკომოტივი” 29 ივნისს, ხოლო “აია”-“არმია” 30 ივნისს უნდა გაიმართოს. რაც შეეხება მეოთხე შეხვედრას, “ხარები” “ყოჩებს” დიდი შესვენების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს უმასპინძლებს.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
VII ტური. 18 ივნისი. შაბათი
თბილისი. “ვისოლი”. 18:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი)
1. აია 6 6 0 0 167-72 12
2. არმია 6 4 1 1 138-117 9
3. ლელო 6 4 0 2 159-112 8
4. აკადემია 6 2 2 2 113-116 6
5. ლოკომოტივი 6 3 0 3 128-110 6
6. არმაზი 6 2 1 3 121-148 5
7. ხარები 6 1 0 5 56-122 2
8. ყოჩები 6 0 0 6 85-170 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია