ერთი წლის წინ, ნამიბიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუქარესტში საქართველოს ნაკრებს სძლია და IRB-ს ერთა თასს დაეუფლა, ხოლო ქართული რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო. მსოფლიოს თვალში შელახული რეპუტაცია, რეიტინგში ოფლისა და სისხლის ფასად ნაგროვები რამდენიმე ქულის და ადგილის დაკარგვა, გულშემატკივართა გულისწყრომა...
მერე რა, რომ რუმინეთში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იდეალურისგან ძალიან შორს იყო? ეს ოფიციალურად არაფერს ცვლის, მხოლოდ თავის დასაშვიდებლად თუ გამოდგება და ამ ამბავს მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი შეეწირა. ეს ამბები კარგად უნდა ახსოვდეს გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონს და სამსოფლიოთასო შემადგენლობის შერჩევის პარალელურად, მატჩის მოგებაზე უნდა იზრუნოს, თორემ, შესაძლოა, ავსტრალიელის ბედის გაზიარება მასაც მოუწიოს.
შარშანდელი მარცხი კარგად უნდა ახსოვდეთ მალხაზ ურჯუკაშვილს, სანდრო თოდუას, რევაზ გიგაურს, ირაკლი ჩხიკვაძეს, ლაშა ხმალაძეს, ვასილ კაკოვინს, ჯაბა ბრეგვაძეს, ვიქტორ კოლელიშვილსა და ბიძინა სამხარაძეს, რადგან ეს ბიჭები შარშან აფრიკელებთან წაგებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ და ახლა რევანში სხვებზე მეტად უნდა სწყუროდეთ. ზემოთ ჩამოთვლილი 9 მორაგბიდან, 7 ძირითად შემადგენლობაშია, ორს კი შეცვლაზე შეუძლია თამაში. შარშან ამ ბიჭების უმრავლესობა დიდ, სანაკრებო რაგბიში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ახლა კი, სულ სხვა სიტუაციაა და იმედია, რევანშიც ღირსეული იქნება.
არგენტინის “იაგუარებთან” მოგებულ შემადგენლობაში, დიქსონმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. 15 ნომერზე დააბრუნა მალხაზ ურჯუკაშვილი, რომელიც ოთხი დღის წინ ისვენებდა, ბექა ურჯუკაშვილმა კი, სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. უკანა ხაზის მოთამაშეთაგან, სხვებს ცვლილება არ შეხებიათ. სამაგიეროდ, ცვლილებები მოხდა შერკინების ხაზში. გუნდს ბუქარესტში შეემატა “არმიას” პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე და ძირითად შემადგენლობაში ორი ნომრის პოზიციას დაიკავებს. ვასილ კაკოვინის ადგილს დაიკავებს გამოცდილი გოდერძი შველიძე, კაკოვინს თავის გამოჩენის შანსი შეცვლაზე ექნება, პირველ ხაზს კი, “ტულონის” პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი შეავსებს. მეორე ხაზში, გიორგი ნემსაძის ნაცვლად ვახტანგ მაისურაძე ითამაშებს, ხოლო მესამე ხაზში დაბრუნდნენ “ლოკომოტიველები” - გივი ბერიშვილი და ზვიად მაისურაძე, რომლებმაც სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშეს. ბერიშვილი “იაგუარებთან” მატჩში შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ზვიად მაისურაძე კი, ისვენებდა. მესამე მატჩს ძირითად შემადგენლობაში იწყებს ვიქტორ კოლელიშვილი.
ნამიბიელთა წინააღმდეგ თამაში არ მოუწევთ ბესიკ ხამაშურიძეს, აქვსენტი გიორგაძეს, სიმონ მაისურაძეს, გიორგი ჯიმშელაძეს და კარლენ ასეიშვილს. როგორც ჩანს, ნამიბიელები თავიანთი გამოსვლით კმაყოფილები არიან და საქართველოსთან იმავე შემადგენლობით იწყებენ თამაშს, როგორითაც პორტუგალიელთა წინააღმდეგ ითამაშეს და 29:23 იმარჯვეს. ამ შეხვედრის შედეგი რეიტინგზე აისახება, მაგრამ რადგან ნამიბია საქართველოს საგრძნობლად ჩამორჩება (საქართველო 70,16 ქულით მეთოთხმეტეა, ნამიბია 60,43 ქულით - ოცდამეერთე), “ბორჯღალოსნებს” გამარჯვება მნიშვნელოვან სარეიტინგო ქულებს ვერ მოუტანს და წინსვლაც ვერ მოხერხდება, ღმერთმა ნუ ქნას და, მარცხის შემთხვევაში კი, მინიმუმ ორადგილიანი ვარდნა გარანტირებული იქნება.
თეორიულად, საქართველოს ნაკრებს IRB-ს ერთა თასის მოგების შანსი ჯერ კიდევ შერჩა, მაგრამ ამისათვის, ჩვენს შეხვედრასთან ერთად, სხვა ორი მატჩიც საქართველოსთვის სასურველი სცენარით უნდა წარიმართოს. ჯერ პორტუგალიამ უნდა მოუგოს სამხრეთ აფრიკის “კინგზს”, თანაც ისე, რომ მეტოქეს პრემიალური ქულა არ ააღებინოს (შვიდ ქულაზე მეტი სხვაობით და 4 ლელო არ გაუშვას) და პრემიალური ქულის მოპოვება ვერც თავად შეძლოს (4 და მეტი ლელო ვერ გაიტანოს), მერე საქართველოს ნაკრებმა ნამიბიას ოთხი და მეტი ლელო უნდა გაუტანოს და რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოუგოს, სულ ბოლოს კი, არგენტინის “იაგუარებმა” რუმინეთი უნდა დაამარცხოს, ან მასთან ისე წააგოს, რომ მეტოქეს 4 და მეტი ლელო არ გაატანინოს. მოკლედ, ვარიანტების თვლა აზრს კარგავს, მითუმეტეს, რომ შესაძლოა, დასკვნითი დღის პირველსავე მატჩში სამხრეთაფრიკელებმა პორტუგალია დაამარცხონ და საჩემპიონო გათვლებს წერტილი დაუსვან და სჯობს, “ბორჯღალოსნებმა” პროგრამა მინიმუმზე იზრუნონ, ანუ ნამიბია დაამარცხონ და მწვრთნელი და რეიტინგი შეინარჩუნონ.
აქამდე, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან. პირველი ნაცნობობა ოთხი წლის წინ, ივნისში, სწორედ რუმინეთში შედგა და “ბორჯღალოსნებმა” 26:18 იმარჯვეს (3:2 ლელოებით). იმავე წლის სექტემბერში, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე, საქართველომ მეტოქე 30:0 გაანადგურა (3:0 ლელოებით), აი, შარშან კი, ბუქარესტში პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 16:21 დამარცხდა (1:2 ლელოებით). მიმდინარე გათამაშების განვლილ შეხვედრებში, საქართველო ჯერ სამხრეთ აფრიკის “კინგზთან” დამარცხდა 17:31, ხოლო მერე არგენტინის “იაგუარებს” აჯობა 14:13. პირველ ტურში ნამიბია მასპინძელ რუმინეთთან დამარცხდა 11:13, ხოლო 15 ივნისს პორტუგალიას სძლია 29:23.
ნამიბიასთან მატჩის წინა დღეს, ტურნირის ორგანიზატორის, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ვებგვერდის თანამშრომლები საქართველოს ნაკრების უცხოელი მწვრთნელებით, შოტლანდიელი რიჩი დიქსონით და ავსტრალიალი ჯონ მაგლტონით დაინტერესდნენ და თავიანთ საიტზე მათი კომენტარებიც გამოქვეყნდა.
“შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ტურნირმა თავისი მისია შეასრულა, რადგანაც უკვა განვლილმა შეხვედრებმა იმ კითხვების უმეტესობას გასცა პასუხი, რომლებიც ბუქარესტში გამომგზავრებამდე გვქონდა. გუნდი გეგმაზომიერად ვითარდება მსოფლიო თასისთვის. მორაგბეებმა და მათ მიერ შესრულებულმა კომბინაციებმა, დადებითი და უარყოფითი მხარეები დაგვანახა” - თქვა რიჩი დიქსონმა.
“ძალიან სასარგებლო სამუშაო გავწიეთ. საქართველოს ნაკრებში მუშაობა გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ და შეგიძლია ნახოთ, რომ ეს ბიჭები ყოველდღიურად იზრდებიან. ისინი თავად არიან სწავლას მოწყურებულნი და ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. ქართველთა შერკინების ძალა ყველასათვის ცნობილია და ახლა ვცდილობთ, რომ მისი მოდერნიზებით უკანა ხაზის კვალიფიკაცია ავამაღლოთ. ამასთან, გვსურს, რომ შეტევაში თამაში უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ვცდილობ, რომ ქართული ენა შევისწავლო, რათა ამ ბიჭებთან უფრო მარტივად დავამყარო კონტაქტი”, - დაამატა დაცვის მწვრთნელმა მაგლტონმა.
2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
საქართველო - ნამიბია (20:00)
საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი, 66 კეპი, 307 ქულა), 14. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 21, 25), 13. სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 23, 5), 12. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 30, 5), 11. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 24, 25), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 8), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 1); 1. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 60, 35), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი, 12, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 16, 0), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერენი”, საფრანგეთი, 62, 65), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სან ნაზარი”, საფრანგეთი, 7), 6. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 2), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 9, 5), 8. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 29, 30).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი, 2), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 14), 18. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 21, 25), 19. დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი, 15, 5), 20. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 55, 25), 21. ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი, 41, 16), 22. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 6, 19).
ისვენებენ: ბესიკ ხამაშურიძე, გიორგი ჯიმშელაძე, კარლენ ასეიშვილი, აქვსენტი გიორგაძე, სიმონ მაისურაძე
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი (18:00)
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები (22:00)
1 | აფრიკელი მეფეები | 2 | 2 | 0 | 0 | 58-40 | 8 |
2 | ნამიბია | 2 | 1 | 0 | 1 | 40-36 | 5 |
3 | პორტუგალია | 2 | 1 | 0 | 1 | 48-50 | 5 |
4 | რუმინეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 36-38 | 5 |
5 | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 31-44 | 4 |
6 | იაგუარები | 2 | 0 | 0 | 2 | 34-39 | 2 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია