თბილისის “აკადემიამ”, გასულ ტურში ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივის” დამარცხებას, XXIII ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით მატჩში თასის მფლობელი, ვიცე ჩემპიონი “ლელოს” ძლევაც მიაყოლა და მესამე ადგილამდე აღზევდა.
როგორც ჩანს, პაატა ნარიმანაშვილმა, რომელიც “აკადემიასთან” ერთად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიცაა, საკლუბო საქმეებისთვის სრულად მოიცალა და ეს შედეგებშიც აისახა. დიდწილად, აკადემიელთა წისქვილზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების IRB-ს ერთა თასზე მონაწილეობამაც დაასხა წყალი. “ლოკომოტივს” რუმინეთში ორი, “ლელოს” კი სამი ლიდერი ჰყავს მივლენილი და მათ გარეშე, მეტოქის ძლევა ვეღარ მოახერხა.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და გუნდებმა ლელოები გაცვალეს, გარდასახვებიც გამოიყენეს, თუმცა, “ლელომ” მონაგარს ჯარიმაც შემატა და პირველი ნახევარი 10:7 მოიგო. “აკადემიამ” მეორე ნახევარში კიდევ უფრო მოინდომა და შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე 23:19-ს იგებდა. “ლელო” მატჩის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ კიდევ ერთი ლელო საკუთარ ჩათვლის მოედანში მიიღო და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ 19:30 დამარცხდა.
ამრიგად, ჩემპიონობის მაძიებლად მიჩნეული ოთხი გუნდიდან, პირველ წრეში “აკადემიამ” ორი დაამარცხა, “არმიას” ფრედ ეთამაშა და თუ ეს განწყობა მეორე წრეშიც შეინარჩუნა, საჩემპიონო ფლეი ოფისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბული იქნება. VII ტურის ორი გადატანილი მატჩი ივნისის მიწურულს გაიმართება. 29-ში “არმაზი” “ლოკომოტივთან” შანსის გამოყენებას ეცდება, ხოლო მომდევნო დღეს, ფოთში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ქუთაისის “აია” ცენტრალურ ჯახში “არმიას” დაუხვდება და მისი დამარცხებით, დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას ეცდება. პირველი წრის კიდევ ერთი მატჩი, სადაც ერთმანეთს აუტსაიდერები - რუსთავის “ხარები” და თბილისის “ყოჩები” უნდა ეთამაშონ, აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
VII ტური. 18 ივნისი. შაბათი
თბილისი. “ვისოლი”
აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 30:19
1 | აია | 6 | 6 | 0 | 0 | 167-72 | 12 |
2 | არმია | 6 | 4 | 1 | 1 | 138-117 | 9 |
3 | აკადემია | 7 | 3 | 2 | 2 | 143-135 | 8 |
4 | ლელო | 7 | 4 | 0 | 3 | 175-142 | 8 |
5 | ლოკომოტივი | 6 | 3 | 0 | 3 | 128-110 | 6 |
6 | არმაზი | 6 | 2 | 1 | 3 | 121-148 | 5 |
7 | ხარები | 6 | 1 | 0 | 5 | 56-122 | 2 |
8 | ყოჩები | 6 | 0 | 0 | 6 | 85-170 | 0 |
29 ივნისი: არმაზი - ლოკომოტივი
30 ივნისი: აია - არმია
25 აგვისტო: ხარები - ყოჩები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია