ამბები

16:15 | 19.06.2011 | ნანახია 1847 - ჯერ

საფრანგეთმა აფრიკა ჩაანაცვლა

საფრანგეთის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, იტალიაში მიმდინარე ასაკობრივი მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, ავსტრალია დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.
ამავდროულად, ავსტრალიამ, ჯგუფში მე-2 ადგილი 11 ქულის მოპოვებით დაიკავა. ამდენივე ქულა დააგროვა სამხრეთ აფრიკამაც, მაგრამ “კენგურუებს” გატანილ-გაშვებული ქულები +66 ჰქონდათ, სამხრეთ აფრიკას +43 და “სპრინბოკი” ნახევარფინალს მიღმა პირველად დარჩა. ავსტრალია კი, ურთიერთობას იმ ახალ ზელანდიასთან გაარკვევს, რომელთანაც შარშანდელი მსოფლიო თასის ფინალში 17:62 დამარცხდა.
A ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის ლიდერის, ახალი ზელანდიის მთავარმა მწვრთნელმა, შეგირდთა უმრავლესობა დაასვენა და არგენტინელთა წინააღმდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სათადარიგოებს მისცა.
“ოლ ბლექსი” თავიდანვე კი დაწინაურდა, მაგრამ ნახევარი საათის თავზე, არგენტინელებმა 2 ლელოთი, თითო გარდასახვით და ჯარიმით, ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს - 15:17. შემდგომში კვლავ ზელანდია დაიქოქა და ტაიმი 31:15, შეხვედრა კი 48:15 მოიგო. ზელანდიელებმა მოახერხეს და მეორე შემადგენლობით არგენტინელებს 7 ლელო გაუტანეს. ამრიგად, “ოლ ბლექსი” კვლავ რჩება დაუმარცხებელ გუნდად და ზედიზედ მე-4 მსოფლიო თასის მოგების უმთავრეს ფავორიტად.
გასულ ტურში, ზელანდიასთან 0:92 შერცხვენის შემდეგ, უელსი გონს მოეგო და მასპინძელი იტალია 56:6 დაამარცხა. პირველი ტაიმის უმეტეს დროს, ბურთს იტალიელები აკონტროლებდნენ, მაგრამ ამის ქულებში ასახვა ვერ მოახერხეს. მეტოქის შეცდომებით კარგად ისარგებლა უელსმა და შესვენებაზე გასვლისას, უკვე 28:6-ს იგებდა. უელსი, რომელმაც გასულ წელს მე-7 ადგილი დაიკავა, შარშანდელი შედეგის გასაუმჯობესებლად იბრძოლებს, იტალია კი, მაქსიმალურად ეცდება, რომ უძლიერეს თორმეტ გუნდში ადგილი შეინარჩუნოს და წინანდებურად დაქვეითებას გადაურჩეს.
B ჯგუფის ცენტრალურ ჯახში, პირველ ორ ტურში ფიჯისა და ტონგასთან არცთუ დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ, საფრანგეთმა ტრევიზოში დიდებული თამაში აჩვენა, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და ნახევარფინალში თამაშის უფლება 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად მოიპოვა. საწყის ნახევარ საათში, ფრანგებმა ავსტრალიელებს საოცარი შტურმი მოუწყვეს და 3 ლელო გაუტანეს, რამაც მათი გამარჯვება განაპირობა. ავსტრალიელებმა გადაჯგუფება მოახერხეს, შესვენების წინ, 3 წუთის ინტერვალით, 2 ლელო გაიტანეს და ტაიმი სულ რაღაც 6 ქულით დათმეს - 18:24.
მე-2 ნახევარში, სალელოვე შანსი ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ თითო შესაძლებლობა გამოიყენეს. ჯერ ფრანგებმა იხეირეს და წინ გაიჭრნენ, მატჩის მიწურულს კი, ავსტრალიამ საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, მაგრამ ამით მათ მხოლოდ სხვაობა შეამცირეს, 25:31 დამარცხდნენ და პრემიალური ქულა მოიპოვეს.
მალევე გაირკვა, რომ ამ ლელოთი ავსტრალია ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით ითამაშებდა და ახლა სასწაულის მოხდენა მართებს, რათა გახდეს პირველი გუნდი, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ისტორიაში ზელანდიას დაამარცხებს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ტონგამ მატჩის მიწურულს 2 ლელო კი გაუტანა ფიჯის, მაგრამ მანამდე 4 ჰქონდა გაშვებული, 18:36 დამარცხდა და ახლა, საგაისოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად მოუწევს ბრძოლა.
C ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში, ინგლისმა სამხრეთ აფრიკას რკინისებური დაცვა და იმპროვიზირებული შეტევები დაუპირისპირა. ინგლისი ჯარიმით და ლელოთი მალევე დაწინაურდა, აფრიკამ საპასუხო ლელო 25-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ ევროპელებმა მეორე ჯარიმა გამოიყენეს, მაგრამ შესვენებამდე, 37-ე და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, შორეული ჯარიმები აფრიკელებმაც გაიტანეს და ტაიმი 11:11 დასრულდა. ინგლისმა ლიდერობა მე-2 ტაიმის დასაწყისშივე დაიბრუნა, როდესაც თავისი მე-2 ლელო გაიტანა. აფრიკა ჩამორჩენას ჯარიმებით ამცირებდა და საბოლოო, სასიკვდილო დარტყმის იმედი ჰქონდა, მაგრამ ინგლისმა ბოლო 10 წუთი თავი კარგად დაიცვა, 26:20 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
ახლა სამხრეთ აფრიკას მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში, ნახევარფინალში ის ირლანდია ელის, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 42:26 დაამარცხა. ირლანდიამ შოტლანდია დასკვნით ათ წუთში გატეხა, როდესაც მეტოქეს 3 ლელო გაუტანა. პირველი ტაიმი ირლანდიელებმა 6:3 მოიგეს, მე-2 ნახევარში ჯერ ირლანდიამ, მერე კი, 67-ე წუთზე შოტლანდიამ, კვლავ ჯარიმით იხეირა, ხოლო ბოლო ათწუთიან მონაკვეთში გუნდებმა იფეთქეს და ირლანდიელთა სამ ლელოს, ბოლოსკენ შოტლანდიამ ერთით უპასუხა, მაგრამ საქმეს ვეღარ უშველა.
ამრიგად, თასისათვის ბრძოლაში, ნახევარფინალურ ეტაპზე ახალი ზელანდია ავსტრალიას, ხოლო ინგლისი საფრანგეთს დაუპირისპირდება. V-VIII ადგილებისთვის სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, უელსი და ფიჯი იბრძოლებენ. საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო IX-XII ადგილებია, რადგან აქ ბოლო ადგილზე გასული გუნდი, მომავალ წელს მსოფლიო თასის “ალაფაზე” ითამაშებს და თუ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაშინ “ალაფის” მონაწილე ისიც გახდება. არგენტინამ იტალია ჯგუფურ ეტაპზე 27:3 დაამარცხა და ახლა უპირატესობის დამტკიცება კიდევ ერთხელ, ნახევარფინალში მოუწევს, შოტლანდია კი ტონგას ეთამაშება.

A ჯგუფი
იტალია - უელსი 6:56
არგენტინა - ახალი ზელანდია 15:48
 

1  ახალი ზელანდია 3 3 0 0 204-22 15
2  უელსი 3 2 0 1 90-106 10
3  არგენტინა 3 1 0 2 50-85 4
4 იტალია 3 0 0 3 16-147 0



B ჯგუფი
ფიჯი - ტონგა 36:18
ავსტრალია - საფრანგეთი 25:31
 

1   საფრანგეთი 3 3 0 0 82-51 14
2   ავსტრალია 3 2 0 1 129-63 11
3 ფიჯი 3 1 0 2 73-92 5
4 ტონგა 3 0 0 3 39-117 0



C ჯგუფი
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 26:20
ირლანდია - შოტლანდია 30:13
 

1 ინგლისი 3 3 0 0 98-63 14
2  სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 95-52 11
3  ირლანდია 3 1 0 2 81-88 4
4 შოტლანდია 3 0 0 3 31-102 0



ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის. 22 ივნისი
შოტლანდია - ტონგა
არგენტინა - იტალია
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 22 ივნისი
უელსი - ფიჯი
სამხრეთ აფრიკა - ირლანდია
თასის ნახევარფინალები. 22 ივნისი
ინგლისი - საფრანგეთი
ახალი ზელანდია - ავსტრალია
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077319