საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართული ევროპის გრან პრი მე-7 საფეხურზე დაასრულა. სახეცვლილი ტურნირის პირველი შეხვედრა, კახა ალანიას შეგირდებმა ჰოლანდიასთან მატჩით გახსნეს და VII ადგილი ამავე ჰოლანდიას აართვეს.
საქართველოს ნაკრებმა გრან პრის პირველი ეტაპი ჰოლანდიელთა ძლევით დაიწყო (14:7), მაგრამ შემდგომში ზედიზედ სამ შეხვედრაში დამარცხდა (უკრაინასთან 14:17, ესპანეთთან 10:26 და პორტუგალიასთან 14:21). ამრიგად, მეორე დღეს, ჯგუფის აუტსაიდერი რუმინეთისთვის რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოეგო და V-VIII ადგილისთვის ბრძოლის საშუალება ექნებოდა. პროგრამა-მინიმუმი უპრობლემოდ შესრულდა, ქართველებმა რუმინელებს 5 უპასუხო ლელო გაუტანეს, 4 რეალიზაცია გამოიყენეს და მეტოქე 33:0 გაანადგურეს. რადგან ამავე ჯგუფის კიდევ ორ შეხვედრაში სენსაცია არ დაფიქსირდა, ესპანეთმა უკრაინას 29:0, ხოლო პორტუგალიამ ჰოლანდიას 24:5 სძლია, ქართველებმა ჰოლანდიას და უკრაინას (სამივემ 9-9 ქულა დააგროვა) გატანილ-გაშვებული ქულებით აჯობეს (საქართველო +14, ჰოლანდია -37, უკრაინა -39) და მე-3 ადგილი დაიკავეს.
V-VIII ადგილებისათვის გასამართ ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე რუსეთისა და იტალიის დაპირისპირებაში ირკვეოდა. იტალიას, რომელმაც ჯგუფში ინგლისს სძლია, უფრო მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად თორმეტ ქულაზე მეტი სხვაობით არ უნდა წაეგო, მაგრამ რუსეთთან 0:19 დამარცხდა და ჯგუფში მე-5 ადგილს დასჯერდა, რუსეთი კი მეოთხეზე აღზევდა. ამრიგად, V-VIII ადგილების ნახევარფინალში საქართველოს რუსეთი ერგო და ტრადიციულად დიდი ბრძოლაც გაიმართა, მაგრამ 7-კაცაში ჩრდილოელ მეზობლებს უკეთესი გუნდი ჰყავთ, ქართველთა სამ ლელოს, რომელთაგან ორს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, რუსებმა 4 ლელოთი უპასუხეს, 2 რეალიზაცია მათაც ზუსტად შეასრულეს და 24:19 იმარჯვეს.
მე-5 ადგილისთვის გამართულ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, უელსმა ჰოლანდია 34:0 გაანადგურა და შედეგად, VII ადგილს ქართველებს ჰოლანდიელები უნდა შეცილებოდნენ, მაგრამ ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად, ალანიას შეგირდებმა მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს და 41:7 (7 ლელო და 3 გარდასახვა) შეარცხვინეს.
მე-5 ადგილი ქართველთა მძლეველ რუსეთს დარჩა, რომელმაც უელსს 33:12 სძლია. თასის ნახევარფინალში, ესპანეთმა მასპინძელ საფრანგეთს 19:12 მოუგო, ხოლო პორტუგალია ინგლისთან 14:33 დამარცხდა.
მე-3 ადგილისთვის ჯახში, ყველაფერი ერთმა ლელომ გადაწყვიტა, რომელიც უშეღავათო ბრძოლაში ფრანგებმა გაიტანეს, რეალიზაციაც გამოიყენეს და პორტუგალიას 7:0 სძლიეს. დიდი ბრძოლა გაიმართა ფინალში ინგლისსა და ესპანეთს შორის. ინგლისი წინ გადიოდა, ესპანეთი ათანაბრებდა, მაგრამ ასე მხოლოდ მე-2 ნახევრის დასაწყისამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ ინგლისელებმა მეტოქის შეცდომით ორჯერ იხეირეს, ზედიზედ 2 ლელო გაიტანეს და 28:14 იმარჯვეს. ამრიგად, ლიონის ეტაპი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა და გრან პრის სათავეშიც ის მოექცა.
ერთი კვირის თავზე, გრან პრის მე-2 ეტაპს მოსკოვი უმასპინძლებს (25-26 ივნისი), სადაც გუნდები, ჯგუფებში ლიონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით გადანაწილდებიან. მთლიანობაში, ახალი სისტემის თანახმად, ევროპის ამ თორმეტ საუკეთესო გუნდს 4 ეტაპის გამართვა მოუწევს. თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით, მათ ქულები დაერიცხებით, რომლებიც შეიკრიბება და გრან პრის გამარჯვებული ის გუნდი ექნება, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება.
საქართველოს ნაკრებმა ლიონის გრან პრიზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
მწვრთნელები: კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
A ჯგუფი
18 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია 14:7
ესპანეთი - რუმინეთი 28:0
პორტუგალია - უკრაინა 26:12
რუმინეთი - ჰოლანდია 5:31
საქართველო - უკრაინა 14:17
პორტუგალია - ესპანეთი 12:14
უკრაინა - ჰოლანდია 17:21
პორტუგალია - რუმინეთი 14:10
ესპანეთი - საქართველო 26:10
რუმინეთი - უკრაინა 14:19
ესპანეთი - ჰოლანდია 41:0
პორტუგალია - საქართველო 21:14
19 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა 29:0
საქართველო - რუმინეთი 33:0
პორტუგალია - ჰოლანდია 24:5
1 | ესპანეთი | 5 | 5 | 0 | 0 | 138-22 | 15 |
2 | პორტუგალია | 5 | 4 | 0 | 1 | 97-55 | 13 |
3 | საქართველო | 5 | 2 | 0 | 3 | 85-71 | 9 |
4 | ჰოლანდია | 5 | 2 | 0 | 3 | 64-101 | 9 |
5 | უკრაინა | 5 | 2 | 0 | 3 | 65-104 | 9 |
6 | რუმინეთი | 5 | 0 | 0 | 5 | 29-125 | 5 |
B ჯგუფი
18 ივნისი
ინგლისი - მოლდოვა 45:0
რუსეთი - უელსი 14:15
საფრანგეთი - იტალია 19:14
უელსი - მოლდოვა 19:17
ინგლისი - იტალია 19:21
საფრანგეთი - რუსეთი 22:5
იტალია - მოლდოვა 26:19
საფრანგეთი - უელსი 15:5
რუსეთი - ინგლისი 0:35
უელსი - იტალია 24:21
რუსეთი - მოლდოვა 36:7
საფრანგეთი - ინგლისი 15:33
19 ივნისი
რუსეთი - იტალია 19:0
ინგლისი - უელსი 19:12
საფრანგეთი - მოლდოვა 54:7
1 | ინგლისი | 5 | 4 | 0 | 1 | 151-48 | 13 |
2 | საფრანგეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 125-64 | 13 |
3 | უელსი | 5 | 3 | 0 | 2 | 75-86 | 11 |
4 | რუსეთი | 5 | 2 | 0 | 3 | 74-79 | 9 |
5 | იტალია | 5 | 2 | 0 | 3 | 82-100 | 9 |
6 | მოლდოვა | 5 | 0 | 0 | 5 | 50-180 | 5 |
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
უკრაინა - მოლდოვა 36:5
რუმინეთი - იტალია 12:28
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
საქართველო - რუსეთი 19:24
ჰოლანდია - უელსი 0:34
თასის ნახევარფინალები
ესპანეთი - საფრანგეთი 19:12
პორტუგალია - ინგლისი 14:33
XI ადგილისთვის
მოლდოვა - რუმინეთი 7:33
IX ადგილისთვის
უკრაინა - იტალია 5:19
VII ადგილისთვის
საქართველო - ჰოლანდია 41:7
Vადგილისთვის
რუსეთი - უელსი 33:12
III ადგილისთვის
საფრანგეთი - პორტუგალია 7:0
ფინალი
ესპანეთი - ინგლისი 14:28
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია