ამბები

13:06 | 20.06.2011 | ნანახია 5344 - ჯერ

საჭირო მოგება და გაკვეთილები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ძალიან ცუდად ჩატარებული საწყისი ნახევარი საათის შემდეგ მობილიზება მოახერხა და ნამიბია 23:18 დაამარცხა. ბიჭებმა აჩვენეს, რომ მატჩის მსვლელობისას ტაქტიკის და განწყობის შეცვლა და თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ.
ნამიბიის ნაკრებთან იყო ის მატჩი, რომლის წაგებაც არაფრით არ შეიძლებოდა. მართალია, მოგება IRB-ს მსოფლიო რეიტინგში ღირებულს ვერაფერს შეგვმატებს, მაგრამ სამაგიეროდ, თავიდან ავიცილეთ დაახლოებით ორი სარეიტინგო ქულის და ორი საფეხურის დაკარგვა. შარშანდელი მარცხის შემდეგ, ამ გუნდთან მოხერხდა რევანშის აღება და მასთან დადებითი ბალანსის შენარჩუნება (სამი მოგება, ერთი წაგება) და ერთიც, IRB-ს ერთა თასზე საქართველომ თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა და დაუმარცხებელი სამხრეთ აფრიკის “კინგზის” შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა, რაც ერთობ საპატიო მოვლენაა.
ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ტურნირის დაწყებამდე დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა და საქმეში ნახა ის მორაგბეები, რომლებითაც მსოფლიო თასზე წამსვლელი შემადგენლობა უნდა დააკომპლექტოს. მან ნახა 27 მორაგბის შესაძლებლობა, დაამუშავა გარკვეული მონახაზები და წესითა და რიგით, როგორც თავად დიქსონს, ასევე მორაგბეებს უნდა ესწავლათ ბევრი რამ სამი განსხვავებული სტილით მობურთალ ნაკრებთან თამაშისგან.
საქართველოს ნაკრებს რუმინეთში დაახლოებით 10-12 ისეთი მორაგბე აკლდა, რომლებიც ბოლო დროს მუდამ ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ და ეჭვგარეშეა, სექტემბერში ახალ ზელანდიაშიც აუცილებლად იქნებიან. ამის ფონზე, “ბორჯღალოსნებისგან” ბუქარესტის ტურნირის მოგება ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ერთადერთი სარეიტინგო შეხვედრის მოგებასა და ნამიბიასთან რევანშის აღებას ყველა ელოდა. კარგია, რომ ჯამში ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა უკვე მერამდენედ დაუშვა უამრავი შეცდომა და რომ არა გამართლება, ნამიბიელთა მიერ განიავებული 14 ქულა (4 ჯარიმა, 1 გარდასახვა), შედეგი შესაძლოა სულ სხვა ყოფილიყო. ამასთან, ბიჭებს არ უნდა დავუკარგოთ ის თავდადება, რაც მეორე ტაიმში, განსაკუთრებით კი, მის მიწურულს გამოიჩინეს და ქართველი ხალხის გასახარად, სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს.
შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ძალიან ცუდად დაიწყო. “ბორჯღალოსნებში” არ იგრძნობოდა ის მუხტი, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. ნამიბიელები ქართველებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ, შერკინებაშიც მედგრად იდგნენ, თამაშსაც უკეთ შლიდნენ და ფეხით ძალიან კარგ ტაქტიკურ დარტყმებს ახორციელებდნენ. ისინი დაახლოებით 60 მეტრის მოგებას იოლად ახერხებდნენ და ყველაფრის თავიდან დაწყება ხდებოდა საჭირო. მაგრამ ტაიმის მიწურულს ბიძინა სამხარაძის მიერ გატანილმა ლელომ სიტუაცია შეცვალა და მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ოდნავ მაღალი კლასის გუნდი, უბრალოდ, უკეთესი დამრტყმელის პატრონი ნაკრები ამდენ შეცდომებს არავის პატიობს და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს გაუმართლა და გამარჯვებაც გარკვეულწილად ამის ხარჯზე მოვიპოვეთ.
ინგლისელმა რეფერიმ პირველივე წუთზე შერკინებაში დაგვაჯარიმა და ჯენტისმა მარჯვენა კიდიდან, 22-ის ხაზიდან არაზუსტად დაარტყა. მე-5 წუთზე, ცენტრის სიახლოვეს საქართველოს ნაკრებმა საკუთარი შერკინება დათმო, აფრიკელებმა ბურთი მარჯვენა კიდემდე ჩაათამაშეს, დე ლა ჰარპემ ბურთი 22-ში ფეხით, მოკლეზე გადაკიდა, სამხარაძეს და ლექსო გუგავას სისწრაფეში ვინკლერმა აჯობა და ლელოთი ანგარიში გახსნა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ ორიოდე წუთში შეტევაში, მეტოქის 22-ში დავკარგეთ ბურთი, სწრაფი კონტრშეტევა მეტოქის შეცდომის გამო არ გამოვიდა, მაგრამ თამაშგარედან თამაშისთვის დავჯარიმდით და ჯენტისმა კარის გასწვრივ 38 მეტრიდან გაიტანა.
მალხაზ ურჯუკაშვილმა ჩამორჩენა მე-12 წუთზე შეამცირა, როდესაც არცთუ იოლი ჯარიმა გამოიყენა. განახლდა თუ არა შეხვედრა, ნამიბიამ მარჯვენა ფლანგზე საქართველოს 22-ში შერკინების უფლება მიიღო, იქიდან ბურთი კარგად გაიტანა, მარცხნივ ხაზზე ჩაათამაშა, მერე ჯენტისმა ფეხით გადაკიდა, ბოკი ფლანგზე კარგად შეყვა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ჯენტისმა გარდასახვით ანგარიში 15:3 გახადა. რადგან შეტევაში არაფერი გამოდიოდა, მალხაზ ურჯუკაშვილმა ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან კარში დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა. ცოტა ხანში უპირატესობის გაზრდის შანსი ჯენტისმა მიიღო, თუმცა მისი დარტყმაც არაზუსტი იყო.
ამასობაში 34-ე წუთიც მოვიდა. მართალია, საქართველოს ნაკრებს დაბნეულობა ეტყობოდა და დერეფნის დაწყობასაც კარგა ხანი მოვუნდით, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. აუტი ვიქტორ კოლელიშვილმა მოიგო, ხმალაძემ ხაზის გაჭრა სცადა, ჩათვლის მოედნიდან ოც მეტრში დაიჭირეს, ბურთი კოლელიშვილმა აიტაცა და თორმეტიოდე მეტრით წაიწია, საქმეში სამხარაძე ჩაერთო, რაქიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა და ისე მოიქცა, როგორც ჩვევია - ჯერ განზე წავიდა, თითქოს გადაცემის ადრესატს ეძებდა, მერე თავისუფალ ადგილას ხაზი გაჭრა და ლამაზი ლელო გაიტანა, ურჯუკაშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, რამაც გამარჯვება განაპირობა. “ბორჯღალოსნებმა” კვლავ დერეფნიდან შეუტიეს, ამჯერად მოლი დააყენეს და მიაწვნენ, მაგრამ ინგლისელმა რეფერიმ ბლოკისთვის დაგვაჯარიმა, ხოლო ზედ სასტვენის წინ, ჯენტისმა ჯარიმად კარში დაჰკრა და საბედნიეროდ, მიზანმა უმტყუნა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მოედანზე სულ სხვა განწყობით გავიდა. “ბორჯღალოსნებმა” პირველივე წუთებიდან შეუტიეს, მოკლე დარტყმებით დაახლოებით 25 მეტრი მოიგეს და ჯგუფურად მეტოქის ძელებსშუა შეაღწიეს. ისე ჩანდა, რომ ვახტანგ მაისურაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ რეფერიმ არ ჩათვალა და 5-მეტრა შერკინება გვიბოძა. სცენარი ძველებურად გაგრძელდა, ოღონდ, რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ამჯერად ბურთი ხაზზე გამოვიდა, ხმალაძემ რევაზ გიგაურს გადააწოდა, რომელიც დე ლა ჰარპეს დაუსხლტა და კიტშოფთან ჭიდილში ლელო გაიტანა. ამჯერად რეფერის ჭოჭმანის საფუძველი არ ჰქონდა და წონასწორობაც აღდგა, ურჯუკაშვილმა კი, რეალიზაციით საქართველოს ნაკრები პირველად დააწინაურა.
სანამ სიხარული ჩაცხრებოდა, ჯენტისმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და გასატანი გაიტანა - 17:18. საქართველომ ლიდერობა 51-ე წუთზე დაიბრუნა, როცა მალხაზ ურჯუკაშვილმა დაახლოებით 43 მეტრიდან დარტყმული ძელებსშუა გააძვრინა. თითქოს, საქართველოს ნაკრებს თავისი თამაში ნაპოვნი ჰქონდა, მაგრამ ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც შესაძლოა მარცხის ფასი გამხდარიყო. ჯერ ლექსო გუგავამ, მერე კი ლაშა ხმალაძემ, საკუთარი 22-დან ხელით სცადეს შეტევის დაწყება, ორივე ჩახურვისთვის დაჯარიმდა და ჯენტისმა ორივეჯერ კარში დაარტყა, თუმცა, საბედნიეროდ, პირველ ჯერზე გასატანი ძელს გაარტყა, მეორედ კი ბურთი ძელსაც ააცილა. სამაგიეროდ, 59-ე წუთზე თავისი შანსი არ გაუშვა ურჯუკაშვილმა და გასატანი ჯარიმით ქართველთა უპირატესობა გაზარდა - 23:18.
ნამიბიამ გაიბრძოლა, ოღონდ ჯენტისმა მისთვის დაწყევლილი ადგილიდან ბურთი კარში აღარ დაარტყა და აუტში გადაიტანა. ქართველთა დაცვა კარგად იდგა და არაფერი გამოვიდა, რის გამოც 65-ე წუთზე დაახლოებით 40 მეტრიდან კვლავ ჯარიმის გატანით სცადეს ფონს გასვლა, ოღონდ ამჯერად, ეს მისია ბოთამ იკისრა და მიზანმა მასაც უმტყუნა. ამას ახალი უბედურება დაემატა. ირაკლი ჩხიკვაძემ ბურთიანი მეტოქე ჰაერში შებოჭა და ვარდნისას მეტოქე მინდორზე მკერდით დაენარცხა. ქუთაისის “აიას” უკანახაზელი სერიოზულ დაზიანებას კი გადაურჩა, მაგრამ მსაჯს ვერა და სინბინით დაისაჯა. ამან ნამიბიელებს იმედები ჩაუსახა და ლელოს გატანაზე ითამაშეს.
აქ დიდებულად იმოქმედა ბიძინა სამხარაძემ. მან ბურთი ფეხით ორჯერ “შეაცურა” და ერთხელ ჩვენი 22-დან მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, მეორედ კი, თამაში ნამიბიელთა ჩათვლის მოედნიდან - ხუთმეტრა აუტში. შედეგად, კაცნაკლულობის მთელი პერიოდი თამაში აფრიკელთა ნახევარზე მიმდინარეობდა, ბიჭები იბრძოდნენ და ტერიტორიის მტკაველსაც არ თმობდნენ, მერე კი, ქართველები ქულის მოპოვებაზეც დაფიქრდნენ, მაგრამ ხამაძემ არეკნი ვერ გაიტანა. დასასრულს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი დიდი გამოცდა ელოდა. ბოლო 3-4 წუთი ნამიბიამ ქართველთა 22-ში, გააფთრებულ შეტევებში გაატარა. აფრიკელები ფლანგების ცვლით ცდილობდნენ დაცვის ხაზის გაჭიმვას, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა წარმოუდგენელი თავდადების ხარჯზე მოახერხა მეტოქის იერიშების შეკავება, ისინი საკუთარ ჩათვლის მიედანს არ გააკარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა - 23:18.
რაღა თქმა უნდა, მოგებით მთელმა საქართველომ გაიხარა, მაგრამ გაჩნდა კითხვებიც, რომელთაც პასუხი სექტემბერ-ოქტომბერში, ახალ ზელანდიაში უნდა გაეცეს და იმედია, პასუხები ისეთი იქნება, რომ ყველა ქართველი კმაყოფილი დარჩება.
“იმდენი ქულები დავკარგეთ, რომ საკუთარი თავი დავამარცხეთ. ოთხი გასატანი ჯარიმა და ერთი რეალიზაცია ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ სწორედ ასეთ გაკვეთილებზე უნდა ისწავლო”, - თქვა ნამატჩევს ნამიბიელთა მენეჯერმა გრეგორი ოლივიერმა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “შესვენებისას ბიჭებს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ უაზრო შეცდომები აღარ დაეშვათ და სრული კონცენტრაციით ეთამაშათ. ვთხოვე, ქართული მებრძოლი სული გამოეჩინათ და ეს გააკეთეს კიდეც”.
სანამ საქართველოს ნაკრები მოედანზე გავიდოდა, IRB-ს ერთა თასის 2011 წლის გათამაშებას უკვე ახალი გამარჯვებული ყავდა. პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის “კინგზს” მხოლოდ პირველი ტაიმი გაუძლო, მეორეში კი, გატყდა. აფრიკელები ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე ლელო გაიტანეს და რეალიზაცია გამოიყენეს, რაზეც პორტუგალიამ მალევე ლელოთი უპასუხა. “კინგზმა” 28-ე წუთზე მეორე ჯარიმა გაიტანა, 32-ეზე კი, მეორე ლელო მიითვალა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. პორტუგალიამ ერთიც გაიბრძოლა და შესვენებამდე ლელო-გარდასახვით სხვაობა ექვს ქულამდე დაიყვანა - 12:18. მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკამ სამი უპასუხო ლელო გაიტანა, სამივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და 39:12 იმარჯვა, რითაც ერთა თასი თავის სამშობლოში დააბრუნა.
პორტუგალიასთან ორი ლელო მიითვალა სიანდე გრეიმ, რომელმაც საქართველოს სამი, ხოლო რუმინეთს ერთი ლელო გაუტანა და ჯამში 6 ლელოთი, საუკეთესო მელელოვე გახდა. საუკეთესო ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ლუის სტრიუდომი გახდა 47 ქულით, რომელმაც მეორეზე გასულ გრეის (30 ქულა) აჯობა.
დღის ბოლო შეხვედერაში, რუმინეთს არგენტინის “იაგუარების” დამარცხება და მეორე ადგილზე გასვლა ეწადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ორი მატჩის წამგებმა არგენტინელებმა ძლიერ მოინდომეს, მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანეს, 37:13 იმარჯვეს და თავად მესამე ადგილზე აღზევდნენ, მასპინძლები კი ბოლოსწინა, მეხუთე საფეხურზე დატოვეს.

2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
საქართველო - ნამიბია 23:18 (10:15)
საქართველო:
15. მალხაზ ურჯუკაშვილი (22. ბექა ურჯუკაშვილი 63), 14. ლექსო გუგავა, 13. სანდრო თოდუა, 12. რევაზ გიგაური, 11. ირაკლი ჩხიკვაძე (20. ბესიკ ხამაშურიძე 76), 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე; 1. გოდერძი შველიძე, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი (17. ვასილ კაკოვინი 54), 4. ილია ზედგინიძე (18. გიორგი ნემსაძე 59), 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გივი ბერიშვილი (19. დიმიტრი ბასილაია 4), 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 21. ირაკლი გიორგაძე.
ისვენებდნენ: გიორგი ბეგაძე, გიორგი ჯიმშელაძე, კარლენ ასეიშვილი, აქვსენტი გიორგაძე, სიმონ მაისურაძე
2 ლელო: სამხარაძე, გიგაური
2 გარდასახვა: მ. ურჯუკაშვილი
3 ჯარიმა: მ. ურჯუკაშვილი
1 სინბინი: ჩხიკვაძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დქისონი

პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი 12:39
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები 13:37


1.    აფრიკელი მეფეები        3    3    0    0    97-52    13
2.    საქართველო                   3    2    0    1    54-62    8
3.    იაგუარები                        3    1    0    2    71-52    7
4.    ნამიბია                             3    1    0    2    58-59    6
5.    რუმინეთი                       3    1    0    2    49-75    5
6.    პორტუგალია                  3    1    0    2    60-89    5
 

 

ზურა ქსოვრელი







 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133168