რუსეთის სარაგბო ნაკრების მწვრთნელებმა ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის გაფართოებული, 50-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, საიდანაც მომავალი ტურნირისთვის ოცდაათ საუკეთესო მორაგბეს შეარჩევენ. ყველაზე საინტერესო, “დათვების” რიგებში 29 წლის ავსტრალიელი ადამ ბერნსის გამოჩენაა, რომელსაც თურმე რუსული ფესვები ჰქონია.
ბერნსი (სიმაღლე – 201 სმ. წონა – 118 კგ.) სიდნეიში 1981 წლის 29 ივლისს გახლავთ დაბადებული და შერკინების მეორე ხაზის მოთამაშეა. იგი 2005-07 წლებში ინგლისური “ლენსტერის” წევრი გახლდათ და მაგნერს ლიგაში საკმაოდ წარმატებითაც ასპარეზობდა, შემდეგ კი სუპერ-15-ში ავსტრალიური კლუბების – “რედსისა” და “მელბურნ რებელსის” ღირსებას იცავდა.
რა აკავშირებს ბერნსს რუსეთთან, თავად რუსულ ვებგვერდებზეც ვერ მოვიძიეთ, სამაგიეროდ, კარგად ვიცით გაფართოებულ შემადგენლობაში რიცხული კიდევ სამი უცხოტომელის წარმომავლობა. ქართველი მორაგბეები კარლო მაღლაკელიძე და ძმები - ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები “დათვების” რიგებში ადრეც ჩნდებოდნენ და ზელანდიაში წასვლის კანდიდატებიც არიან.
რუსები პირველ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას 6-29 ივლისს სოჭში გეგმავენ, აგვისტოში ინგლისს მიაშურებენ და ბრიტანულ გუნდებთან საკონტროლო მატჩებს ჩაატარებენ, მათ მორალურად გამხნევებას კი სარაგბო კავშირის პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოპიევი ცდილობს.
“ამ ბიჭებმა უნდა იამაყონ, რადგანაც ისტორიას ქმნიან. ისინი ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს თასზე პირველად წარადგენენ. მჯერა, ყველა მათგანი მაქსიმუმს გააკეთებს, რათა საბოლოო შემადგენლობაში მოხვდეს”.
საინტერესოა, რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელის ნიკოლაი ნერუშის აზრიც: “შიდა ჩემპიონატსა და თუ უცხოეთში მოთამაშე ყველა რუსი მორაგბის შესაძლებლობები შევისწავლეთ. ამჟამად, ჩვენს ნაკრებს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და მსოფლიოს თასზე ურთულესი ამოცანების შესასრულებლად მზადაა. რუსეთის რაგბის კავშირმა მომავალი ტურნირის წინ დიდი სამუშაო გასწია და მოხარულნი ვართ, რომ ერთობლივი გარჯით, საგრძნობ პროგრესს მივაღწიეთ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია