ამბები

11:53 | 23.06.2011 | ნანახია 3965 - ჯერ

პატარა “ბორჯღალოსნები” ფინალში 10 ლელოთი გავიდნენ

 

საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, “შავი ზღვის თასის” ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინას ათი უპასუხო ლელო გაუტანა, ცხრა რეალიზაცია გამოიყენა და მეტოქე 68:0 გაანადგურა. 
დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალური მატჩი. მასპინძელმა რუმინეთმა რუსეთის წინააღმდეგობა დიდი ძალისხმევის შედეგად დაძლია, 19:7 იმარჯვა და 25 ივნისს საქართველოს დაუპირისპირდება. 
“შავი ზღვის თასი” ერთგვარი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში სამ ტურნირად ტარდება - აღმოსავლეთის, დასავლეთის და ცენტრალური. თითოეულ რეგიონალურ ტურნირში ოთხ-ოთხი გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები, რაღა თქმა უნდა, აღმოსავლეთში თამაშობს და მასთან ერთად პირველობისთვის რუმინეთი, რუსეთი და უკრაინა იბრძვიან. წლევანდელ გათამაშებას რუმინეთი მასპინძლობს, ნახევარფინალების შემდეგ, გამარჯვებული გუნდები თასისათვის ფინალში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები მესამე ადგილს გაითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელებში ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია. 
საქართველოსთან ჯახში უკრაინამ მხოლოდ საწყისი 15 წუთი გაძლო, მერე კი, პატარა “ბორჯღალოსნებმა” აიწყვიტეს. ანგარიში უკანახაზელმა გიორგი ნათელაშვილმა მე-18 წუთზე გახსნა. 25-ე წუთზე მურაზ გიორგაძემ მეორე ლელო გაიტანა და ამჯერად, გიორგი აფციაურის რეალიზაციაც ზუსტი იყო. აფციაურს მხოლოდ პირველი გარდასახვა გაუფუჭდა, დანარჩენი ცხრა დარტყმა კი ზუსტად შეასრულა, ერთი ლელოც მიითვალა და 23 ქულით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. 27-ე წუთზე მურაზ გიორგაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო 34-ე წუთზე კიდევ ერთმა უკანახაზელმა ლაშა ლაშხიამ ქართველთა მეოთხე ლელო მიითვალა, აფციაურმა კი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 26:0.
მეორე ტაიმი ოთხი წუთის დაწყებული იყო, როდესაც შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა თეიმურაზ თუთბერიძემ ანგარიში გაზარდა, კიდევ ოთხ წუთში კი, მან თავისი მეორე და ქართველთა მეექვსე ლელო გაიტანა. 48-ე წუთზე ალექსი ცისკარიშვილის ჯერი დადგა - ის ერთადერთი მორკინალია, რომელმაც ამ დღეს ლელო მიითვალა. 56-ე წუთზე ლელო აფციაურმა დადო, 61-ეზე რეფერიმ შეცვლაზე შესული დევი დევსურაშვილი გაასინბინა, მაგრამ ამას ქართველებისათვის ხელი არ შეუშლია და კიდევ ორი ლელო გაიტანეს - 64-ე წუთზე გიორგი ფრუიძემ იხეირა, 67-ეზე კი ლაშხიამ დუბლი მიითვალა. 
მასპინძელი რუმინეთი, რუსეთთან მატჩში მე-3 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა და მანდაჩემ მეექვსე წუთზე მეორედაც იხეირა, მაგრამ რუსეთმა მე-10 წუთზე დავიდოვის ლელოთი უპასუხა, პოტანინმა კი, ზუსტი რეალიზაციით სტუმრები დააწინაურა. შესვენებამდე მანდაჩემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და რუმინეთმა ტაიმი 12:7 მოიგო. მეორე ნახევარში, შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, რუმინელებმა ლელოს გატანა მოახერხეს, თავი მესამეხაზელმა ვლად ნისტორმა გამოიჩინა, მანდაჩემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 
25 ივნისს, რუსეთი და უკრაინა მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, ხოლო საქართველო და რუმინეთი “შავი ზღვის თასის” მფლობელს და აღმოსავლეთ ევროპის უძლიერეს გუნდს გამოავლენენ. 
 
საქართველო - უკრაინა 68:0 (26:0)
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზი გიორგაძე (23. დევი დევსურაშვილი 36), 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭელაშვილი (22. ილია მელაძე 53), 9. რევაზ ბროძელი (20. თეიმურაზ თუთბერიძე 36); 1. რამაზ მაზმიაშვილი, 2. ბექა პირიაშვილი, 3. ალექსი ცისკარაული (17. ბექა კარაგეზოვი 58), 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე (18. გიორგი სალდაძე 50), 7. გიორგი გოგლიძე (19. ონისე მოგელაშვილი 49), 8. შოთა თევზაძე (24. ზურაბ ცუცქირიძე 36).
10 ლელო: ნათელაშვილი, გიორგაძე (2), ლაშხია (2), თუთბერიძე (2), ცისკარიშვილი, აფციაური, ფრუიძე
9 გარდასახვა: აფციაური
1 სინბინი: დევსურაშვილი
მწვრთნელები: გიორგი მაისურაძე, დავით ჩავლეიშვილი
 
 
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110727