ამბები

16:50 | 23.06.2011 | ნანახია 2844 - ჯერ

ინგლისის მესამე შანსი

მას შემდეგ, რაც 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის გათამაშება ყოველწლიური გახდა (2008 წლიდან), ინგლისმა ფინალში ორჯერ ითამაშა, მაგრამ ორივეჯერ ახალ ზელანდიასთან დამარცხდა. ახლა, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ინგლისელები კვლავ ფინალში არიან და კვლავ ახალ ზელანდიასთან მოუწევთ საქმის გარჩევა. შეძლებუნ თუ ვერა ისინი უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას და აგერ უკვე ცხრამეტ მატჩში დაუმარცხებელი “ოლ ბლექსის” შეჩერებას, 26 ივნისს გაირკვევა.
მანამდე გუნდებმა ნახევარფინალური შეხვედრები მოილიეს. ახალი ზელანდია საქმეს შარშანდელ ფინალისტ ავსტრალიასთან არკვევდა და მე-20 წუთამდე 0:7-ს აგებდა, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. “შავებმა” ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ გადამწყვეტი სათამაშო უპირატესობა ვერ მოიპოვეს და შესვენებამდე ორი ჯარიმა კარში დაჰკრეს - 13:7. თანაბარი ბრძოლა კიდევ ათიოდე წუთი გაგრძელდა, მერე კი, ზელანდიელებმა ორი ლელო გაიტანეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს, შუაში ერთი ჯარიმაც ძელებსშუა გააძვრინეს და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი ლელო-გარდასახვით მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირეს, თორემ გამარჯვებულის ვინაობა საათის თავზე უკვე ცნობილი იყო.
დასკვნით ნახევარ საათში გატეხა ფრანგთა წინააღმდეგობა ინგლისმაც. ინგლისი ადრეული ლელოთი დაწინაურდა, მე-8 წუთზე ფრანგებმა ლელოთივე უპასუხეს, რეალიზაციაც გამოიყენეს და წინ გაიჭრნენ, მერე კი ზედ ჯარიმა  დაურთეს - 10:5. ინგლისმა ჯარიმა მე-16 წუთზევე გაქვითა, ხოლო ტაიმზე დამატებულ დროში ლელოც გაიტანა 13:10 დაწინაურდა. მეორე ნახევრის დასაწყისში საფრანგეთმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 51-ე წუთზე ლელოთი დაწინაურდა. ხუთიოდე წუთში ინგლისმა საპასუხო ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა. 65-ე და 74-ე წუთებზე მათ ჯარიმები გაიტანეს, ხოლო სულ ბოლოს ლელო-გარდასახვაც მიითვალეს და 33:18 იმარჯვეს.
V ადგილისთვის სამხრეთ აფრიკა და ფიჯი იბრძოლებენ, რომლებმაც შესაბამისად ირლანდია 57:15 და უელსი 34:20 დაამარცხეს. IX ადგილს შოტლანდია და არგენტინა გაითამაშებენ. სქოთებმა მეტოქეს 30:11 სძლიეს, ხოლო არგენტინამ, ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, იტალიას დიდი გაჭირვებით სძლია. იტალიამ პირველ ნახევარში მეტოქის ორ ჯარიმას ჯარიმით და ლელოთი უპასუხა და ტაიმი 8:6 მოიგო. მეორე ნახევრის დებიუტშივე, არგენტინელები ჯარიმით დაწინაურდნენ, ხოლო მეოთხე ჯარიმა შეხვედრის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე გაიტანეს. შედეგად, იტალია და ტონგა ბოლოსწინა ადგილს გაითამაშებენ და მათ შორის დამარცხებული, გაისად მსოფლიო თასის “ალაფაზე” ითამაშებს, მის ადგილს კი, სამხრეთ აფრიკაში თბილისის “ალაფის” მომგები სამოა დაიკავებს.         

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის. 22 ივნისი
შოტლანდია - ტონგა 30:11
არგენტინა - იტალია 12:8
 

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 22 ივნისი
უელსი - ფიჯი 20:34
სამხრეთ აფრიკა - ირლანდია 57:15
 

თასის ნახევარფინალები. 22 ივნისი
ინგლისი - საფრანგეთი 33:18
ახალი ზელანდია - ავსტრალია 37:7
 

XI ადგილისთვის. 26 ივნისი
ტონგა - იტალია
 

IX ადგილისთვის. 26 ივნისი
შოტლანდია - არგენტინა
 

VII ადგილისთვის. 26 ივნისი
უელსი - ირლანდია
 

V ადგილისთვის. 26 ივნისი
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა
 

III ადგილისთვის. 26 ივნისი
საფრანგეთი - ავსტრალია
 

ფინალი. 26 ივნისი
ინგლისი - ახალი ზელანდია
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082422