ლიონის ეტაპისგან განსხვავებით, საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპზე, მხოლოდ ქართულ კლუბებში მობურთალი მორაგბეებით ითამაშებს.
ერთი კვირის წინანდელი შემადგენლობასთან შედარებით, მოსკოვში არ ითამაშებენ ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე და “ფიჟაკის” უკანახაზელი მერაბ კვირიკაშვილი. ისინი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში შეიყვანა და როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ მათ დასვენების საშუალება მისცა. მათ გარდა, მოსკოვში არ მიდიან ალექსანდრე ნიჟარაძე და გიორგი შკინინი.
სამაგიეროდ, გუნდს დაემატნენ პირველლიგელი “ბათუმი XV”-ის მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი, “აკადემიას” უკანახაზელი ლევან გოგოლაშვილი და “არმიას” მეორეხაზელი ბექა ბიწაძე. მათ თავი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო თასის “ალაფაზე” გამოიჩინეს. მოსკოვში ითამაშებს რუსთავის “ხარების” 23 წლის გამთამაშებელი ზაქარია ზირაქაშვილიც.
7-კაცას ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ფორმატი ამ სეზონიდან შეიცვალა. გუნდები დონეებად დაიყვნენ, მათ ექვსი ერის წარმომადგენლებიც დაემატნენ და საქართველოს ნაკრები თერთმეტ უძლიერეს გუნდთან ერთად, ევროპის გრან პრის სახელწოდების ტურნირში ჩემპიონობისთვის იბრძვის. მსოფლიო სერიების მსგავსად, ეს თორმეტი ნაკრები ოთხ ეტაპს (მსოფლიოზე რვა ეტაპია) ითამაშებს, თითოეულ მათგანზე დაკავებული ადგილის მიხედვით ქულებს მიიღებს და მათი დაჯამების შემდეგ, ყველაზე მეტი ქულის მქონე ნაკრები ჩემპიონად გამოცხადდება, ანუ, გუნდმა შესაძლოა ვერცერთი ეტაპი ვერ მოიგოს, მაგრამ ჯამში ევროპის ჩემპიონი გახდეს. ამასთან, ბოლო ადგილზე გასულ გუნდს, მომავალ წელს უძლიერესებში ქვედა დივიზიონის გამარჯვებული ჩაანაცვლებს.
თითოეულ ეტაპზე და მოსკოვშიც, ყველა ადგილი გათამაშდება, ანუ, ყველა გუნდს შვიდი თამაშის ჩატარება მოუწევს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში დაწყვილდებიან, მესამე-მეოთხედგილოსნები V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებენ, ჯგუფის ორ-ორი ნაბოლარა კი, IX-XII ადგილებს გაითამაშებენ.
ლიონის ეტაპზე გუნდები წინა წლების რეიტინგის მიხედვით განითესნენ, ახლა კი, ჯგუფები საფრანგეთში დაკავებული ადგილის მიხედვით შედგა. საქართველოს ნაკრები, რომელმაც ლიონში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ჯამში რვა ქულით დაკმაყოფილდა, B ჯგუფში ერთი კვირის წინ ფინალში გასულ ესპანეთთან, საფრანგეთთან, უელსთან, უკრაინასა და რუმინეთთან მოხვდა. A ჯგუფში პირველი ეტაპის გამარჯვებული ინგლისი, პორტუგალია, მასპინძელი რუსეთი, ჰოლანდია, იტალია და მოლდოვა ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები მოსკოვის ეტაპს 25 ივნისს, თბილისის დროით 11:00 საათზე საფრანგეთთან ჯახით იწყებს. 13:20 საათზე “ბორჯღალოსნების” მეტოქე ის რუმინეთი იქნება, რომელიც საფრანგეთში 33:0 გაანადგურეს, 16:00 საათზე ესპანეთთან ჯახის დრო დგება, რომელმაც ლიონში 26:10 გვძლია, ხოლო დღის დასკვნითი მატჩი 17:20 საათზე უკრაინასთან შედგება (ლიონში 14:17). ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ქართველებს ულესთან, 26 ივნისს 11:00 საათზე ელით და მერე დაკავებული ადგილის მიხედვით პლეი ოფის დრო დადგება.
მოსკოვის ეტაპის შემდეგ, გუნდები ერთი შაბათ-კვირა დაისვენებენ და 9-10 ივლისს მესამე, ესპანეთის (ბარსელონა) ეტაპის დრო დადგება, დასკვნითი შეჯიბრება კი, 16-17 ივლისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
A ჯგუფი
ინგლისი
პორტუგალია
რუსეთი
ჰოლანდია
იტალია
მოლდოვა
25 ივნისი. შაბათი
რუსეთი - მოლდოვა (10:00 თბილისის დროით)
პორტუგალია - ჰოლანდია (10:40)
ინგლისი - იტალია (11:20)
ჰოლანდია - მოლდოვა (13:00)
რუსეთი - იტალია (13:40)
ინგლისი - პორტუგალია (14:20)
იტალია - მოლდოვა (15:00)
ინგლისი - ჰოლანდია (15:40)
პორტუგალია - რუსეთი (16:20)
ჰოლანდია - იტალია (17:00)
პორტუგალია - მოლდოვა (17:40)
ინგლისი - რუსეთი (18:20)
26 ივნისი. კვირა
პორტუგალია - იტალია (10:00)
რუსეთი - ჰოლანდია (10:40)
ინგლისი - მოლდოვა (11:20)
B ჯგუფი
ესპანეთი
საფრანგეთი
უელსი
საქართველო
უკრაინა
რუმინეთი
25 ივნისი. შაბათი
უელსი - რუმინეთი (10:20)
საფრანგეთი ¬- საქართველო (11:00)
ესპანეთი - უკრაინა (11:40)
საქართველო - რუმინეთი (13:20)
უელსი - უკრაინა (14:00)
ესპანეთი - საფრანგეთი (14:40)
უკრაინა - რუმინეთი (15:20)
ესპანეთი - საქართველო (16:00)
საფრანგეთი - უელსი (16:40)
საქართველო - უკრაინა (17:20)
საფრანგეთი - რუმინეთი (18:00)
ესპანეთი - უელსი (18:40)
26 ივნისი. კვირა
საფრანგეთი - უკრაინა (10:20)
უელსი - საქართველო (11:00)
ესპანეთი - რუმინეთი (11:40)
26 ივნისი. კვირა
ნახევარფინალები და ფინალები
მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ
18 - ინგლისი, 16 - ესპანეთი, 15 - საფრანგეთი, 14 - პორტუგალია, 12 - რუსეთი, 10 - უელსი, 8 - საქართველო, 6 - ჰოლანდია, 4 - იტალია, 3 - უკრაინა, 2 - რუმინეთი, 1 - მოლდოვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია