ამბები

19:43 | 24.06.2011 | ნანახია 3237 - ჯერ

პირველი ქართველი “სტად ფრანსეში”
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ბურჯი ზურაბ ჟვანია პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში მოასპარეზე პარიზის “სტად ფრანსეს“ მოირგებს.
ქუთაისის “აიას” პირველხაზელი 179 სმ სიმაღლისაა და 125 კილოს იწონის. რაგბის თამაში მშობლიურ ქალაქ ფოთში დაიწყო, მოგვიანებით კი, უმაღლესი ლიგის კლუბში, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე რეგულარული გათამაშების ლიდერ “აიაში” მიიწვიეს. საგულისხმოა, რომ ზურაბ ჟვანია, 20-წლამდელთა ნაკრებიდან მეოთხე ლეგიონერი გახდა: ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონის კლუბ “ტულონში“ აქამდეც თამაშობდნენ. შუამარბი და ნაკრების კაპიტანი დავით ლოსაბერიძე კი, სამი წელიწადია საფრანგეთში თამაშობს და ახლახანს “ბაიონში” ჩაირიცხა.
“სტად ფრანსე” 90-იან წლებში დაუბრუნდა ელიტარულ დივიზიონს, მას შემდეგ, რაც მისი ხელმძღვანელი მედია სფეროში მოღვაწე მაქს გუაზინი გახდა. სხვადასხვა მარკეტინგული მეთოდების გამოყენებით, მან კლუბის პოპულარობა გაზარდა. კერძოდ, “სტად ფრანსეს” სახეებად მომღერალი მადონა და მოდელი ნაომი კემპბელი მოიწვია, კლუბის ჰიმნად კი, გლორია გეინორის I Will Survive აქცია. 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, “სტად ფრანსე” ხუთჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. კლუბში როგორც ფრანგი, ასევე ახალზელანდიელი, ინგლისელი, სამხრეთაფრიკელი, კანადელი და იტალიელი მორაგბეებიც თამაშობენ.
გასულ სეზონში “სტად ფრანსეს” ფინანსური პრობლემები შეექმნა და Top 14-ში მხოლოდ მე-11 ადგილს დასჯერდა, თუმცა, ახლახანს სიტუაცია გაუმჯობესებისკენ წავიდა და გუნდმა ახალი მორაგბეების შეძენაც დაიწყო.

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086737