საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მეორე ეტაპის მესამე მატჩში, ესპანეთს ვერაფერი მოუხერხა და 5:24 დამარცხდა.
ესპანელებმა ქართველებს ერთი კვირის წინ, ლიონშიც მოუგეს (26:10) და ახლაც 4 ლელო გაიტანეს, ოღონდ, ამჯერად მხოლოდ ერთი გაუშვეს და ისიც მატჩის მიწურულს. მიუხედავად ამ მარცხისა, ქართველი მორაგბეები თასისთვის ბრძოლის გაგრძელების კარგ შანსს ინარჩუნებენ, ოღონდ, ამისათვის საჭიროა, რომ ჯგუფური ეტაპის დანარჩენილი 2 შეხვედრა მოიგონ.
დღის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 12:7 დაამარცხა, მერე კი რუმინეთს 21:12 სძლია. ამრიგად, ესპანეთთან მარცხი, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო 7-კაცა ნაკრები ჰყავს, (ლიონის ეტაპზე ფინალში ითამაშა, ინგლისთან დამარცხდა), არსებითად დიდს არაფერს წყვეტს. დღის დასკვნით შეხვედრას ქართველი მორაგბეები 17:20 საათზე, უკრაინის წინააღმდეგ გამართავენ და ლიონში განცდილი 14:17 მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდებიან.
მოსკოვის ეტაპზე აქამდე გამართულ შეხვედრებში, უკრაინა ესპანეთთან 7:14, ხოლო უელსთან 7:29 დამარცხდა, ხოლო რუმინეთს 17:14 აჯობა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ხვალ დილით დასრულდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 11:00 საათზე უელსთან გამართავს, მერე კი, დაკავებული ადგილის მიხედვით ფლეი ოფების ჯერი დადგება.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია