საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-2, ჯგუფური ეტაპის დასკვნით, გადამწყვეტ შეხვედრაში, უშუალო მეტოქე უელსი 14:0 დაამარცხა და თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
პირველ დღეს, ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფური ეტაპის 4 მატჩიდან სამში გამარჯვება მოიპოვეს - საფრანგეთი 12:7 დაამარცხეს, რუმინეთი 21:12, მერე ესპანეთთან 5:24 წააგეს, ბოლოს კი, უკრაინას 0:12-დან თამაში შემოუტრიალეს და ბოლო ორ წუთში გატანილი 2 ლელო-რეალიზაციით, 14:12 იმარჯვეს. რადგანაც უელსს, ესპანეთთან 19:26 მარცხის წილ, ერთი ფრე ჰქონდა (26:26 რუმინეთთან) და მხოლოდ უკრაინისა (29:7) და საფრანგეთის (24:21) დამარცხებით იწონებდა თავს, კახა ალანიას შეგირდებს უელსთან ფრეც აძლევდა ხელს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 2 უპასუხო ლელო გაუტანა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და თასის ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა.
A ჯგუფის დასკვნითი შეხვედრები ლოგიკურად დასრულდა - პორტუგალიამ იტალია 31:5 დაამარცხა, რუსეთმა ჰოლანდიას 26:0 აჯობა, ინგლისმა კი, მოლდოვას 35:7 სძლია. ამრიგად, პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა, ხოლო ინგლისი მეორეზე გავიდა და თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.
B ჯგუფში, იქ, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობდა, საფრანგეთმა უკრაინა 26:5 დაამარცხა, ხოლო მოულოდნელად, ესპანეთმა რუმინეთთან წააგო- 12:14. ესპანელებმა და ქართველებმა თანაბარი ქულები - 13-13 დააგროვეს, მაგრამ ესპანელებს გატანილ-გაშვებულ ქულათა სხვაობა უკეთესი ჰქონდათ (+36, საქართველოს +11) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, საქართველო კი თასის ნახევარფინალში მე-2 ადგილით გავიდა.
ამრიგად, დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება პორტუგალია, რომელთანაც ერთი კვირის წინათ, ლიონის ეტაპზე 14:21 დამარცხდა.
მე-2 ნახევარფინალში, ლიონის ეტაპის ფინალი გამეორდება - ესპანეთი ინგლისს ეთამაშება.
გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში თასს შეეცილებიან, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილს გაითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია