ამბები

13:46 | 26.06.2011 | ნანახია 5055 - ჯერ

17-წლამდელებს “შავი ზღვის თასი” თბილისში მოაქვთ

საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებული რეგიონალური ტურნირის - “შავი ზღვის თასის” ფინალში, მასპინძელთა გუნდს 27:8 აჯობა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ნაკრები გახდა.

ამ ასაკობრივ ჯგუფში, ევროპის რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ევროპის ჩემპიონატი სამ რეგიონალურ პირველობად დაყო - დასავლეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი. თითოეულ მათგანში ოთხ-ოთხი ნაკრები მონაწილეობს და ტაიმი 35 წუთი გრძელდება. რაღა თქმა უნდა, საქართველო აღმოსავლეთის გათამაშებაში  მონაწილეობს, სადაც, მასთან ერთად, შავი ზღვის აუზის კიდევ 3 ქვეყნის ნაკრები - რუმინეთი, რუსეთი და უკრაინა - თამაშობს.
ნახევარფინალში, უკრაინის 68:0 (10 ლელო, 9 გარდასახვა) განადგურების შემდეგ, პატარა “ბორჯღალოსნებს” ფინალში რუმინეთი ერგოთ, რომლებმაც რუსეთს 19:7 აჯობეს.
შეხვედრა ქართველთა უპრატესობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, უკანახაზელმა გიორგაძემ ლელო გაიტანა, გიორგი აფციაურმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
მე-16 წუთზე, ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა, ლელო კიდევ ერთმა უკანახაზელმა, შუამარბმა გიორგი ნათელაშვილმა მიითვალა. აფციაურს რეალიზაცია კი გაუფუჭდა, მაგრამ შეცდომა 23-ე წუთზე გამოასწორა და ქართველთა უპირატესობა ჯარიმით 15:0 გახადა.

პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში, რუმინელებმა მატჩს ინტრიგა დაუბრუნეს. მათ ჯერ ლელო გაიტანეს, 42-ე წუთზე კი, ჯარიმით, ანგარიში 8:15 გახადეს. საქმეში რეფერიც ჩაერთო და 44-ე წუთზე, საბა შუბითიძე გაასინბინა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს და მსაჯს თავხედობა არ აპატიეს და 49-ე წუთზე, უკანახაზელმა გიორგი ფრუიძემ ლელო, ხოლო აფციაურმა გარდასახვა მიითვალა. შეხვედრის დასრულებამდე ოთხიოდე წუთით ადრე, გიორგაძემ ლელოთი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 27:8.
სასიხარულოა, რომ რუმინეთთან ოთხივე ლელო უკანახაზელებმა მიითვალეს. თუ გავიხსენებთ, რომ უკრაინასთან 10-დან 9 ლელო უკანახაზელთა ანგარიშზე მოდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველთა მთავარი ნაკლი – გაშლილი და უკანა ხაზით აქტიურად ხელდახელ თამაშის არცოდნა - მალე წარსულს მიეცემა და ეს ქართული რაგბის წინსვლას კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის.
რუმინეთთან 2 ლელოს გამტანმა მურაზ გიორგაძემ, დუბლი უკრაინასთანაც შეასრულა და საუკეთესო მელელოვე გახდა. გიორგი აფციაურმა უკრაინასთან მოპოვებულ ოცდასამ ქულას, კიდევ 7 შემატა და 30 ქულით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საქართველო - რუმინეთი 27:8 (15:5)
საქართველო:
15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭელაშვილი (21. იოსებ თუქვაძე 58), 9. რევაზ ბროძელი (20. თეიმურაზ თუთბერიძე 51); 1. რამაზ მაზმიაშვილი, 2. ბექა პირიაშვილი, 3. ალექსი ცისკარიშვილი, 4. მიხეილ მასხარაშვილი (24. ზურაბ ცუცქირიძე 52), 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. გიორგი გოგლიძე, 8. შოთა თევზაძე.
4 ლელო: გიორგაძე (2), ნათელაშვილი, ფრუიძე
2 გარდასახვა: აფციაური
1 ჯარიმა: აფციაური
1 სინბინი: შუბითიძე
მწვრთნელები: გიორგი მაისურაძე, დავით ჩავლეიშვილი
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085152