საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-2 ეტაპზე, თასის ნახევარფინალში პორტუგალიასთან 10:24 დამარცხდა.
პორტუგალიამ A ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო და საქართველოსთანაც ფავორიტი იყო. კახა ალანიას შეგირდებმა მეტოქეს 2 ლელო კი გაუტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან თავად 4 მიიღეს.
“ბორჯღალოსნები” მე-3 ადგილისთვის ესპანეთს დაუპირისპირდებიან, რომელიც მეორე ნახევარფინალში ინგლისთან 14:24 დამარცხდა.
საქართველომ და ესპანეთმა გუშინ ჯგუფურ ეტაპზე უკვე ითამაშეს და მაშინ ესპანელებმა 24:5 იმარჯვეს, ახლა კი, ქართველ მორაგბეებს რევანშის შანსი ეძლევათ. თამაში 16:20 საათზე დაიწყება. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალია და ლიონის ეტაპის მომგები ინგლისი დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია