ამბები

19:05 | 26.06.2011 | ნანახია 5573 - ჯერ

უელსსა და რუსეთს მოსკოვიდან გადავახტით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მე-2, მოსკოვის ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა, სერიის საერთო ჩათვლაში, ლიონში მე-7 ადგილის დაკავებით მოპოვებულ 8 ქულას 14 შემატა, ჯამში 22 გაუხდა და მე-5 ადგილამდე აღზევდა.
წლევანდელი სეზონიდან, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ (FIRA) 7-კაცა რაგბის ჩატარების ფორმატი შეცვალა. აქამდე, ევროპული ნაკრებები შვიდ შესარჩევ ეტაპს თამაშობდნენ, თითო მხოლოდ ორს, იქ მოპოვებული ქულათა შეკრებით, 12 უძლიერესი ნაკრები იკრიბებოდა და ევროპის ჩემპიონატი ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, დასკვნითი ეტაპის შედეგად ირკვეოდა. წლეულს გუნდები დონეებად დაიყვნენ, საუკეთესო თორმეტ ნაკრებში საქართველოც მოხვდა და გათამაშების ფორმატი მსოფლიო სერიებს დაემსგავსა.
ახლა, საუკეთესო ევროპული ნაკრებები ოთხ ეტაპს თამაშობენ, ქულებს თითოეულ მათგანში დაკავებული ადგილის მიხედვით იღებენ და ბოლოს, ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება, ევროპის ჩემპიონადაც ის გამოცხადდება. ანუ, შესაძლოა, გუნდმა ვერცერთი კონკრეტული ეტაპი ვერ მოიგოს, მაგრამ სტაბილური თამაშით ქულათა ისეთი მარაგი დაუგროვდეს, რომ ჯამში ყველა მეტოქეს აჯობოს და ევროპის ჩემპიონის სახელი მოიხვეჭოს. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ევროპის გრან პრიზე 6 ერის წარმომადგენელი ქვეყნების 4 ნაკრები ჩაერთო (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, იტალია) და ე.წ. მე-2 და მე-3 დონის გუნდებს, მათთან ძალების მოსინჯვის შანსი ეძლევათ.
ლიონის ეტაპის შემდეგ, სადაც ექვსმა ნაკრებმა აჯობა საქართველოს (მათ შორის, რუსეთმა და უელსმა), მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ გუნდში 4 ცვლილება განახორციელა. ლეგიონერები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ჩხაიძე - ეროვნულ გუნდთან ერთად, 4 ივლისიდან, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე უნდა ჩაერთონ და დასვენება სჭირდებოდათ, დანარჩენი 2 ცვლილება კი, ტრავმებით იყო განპირობებული. შედეგად, მე-2, მოსკოვის ეტაპზე, ქართულ კლუბებში მობურთალი 12 მორაგბე გაემგზავრა და ორმაგად სასიამოვნოა, რომ მათ პირველ ეტაპზე უკეთესი შედეგი აჩვენეს. ქართველებმა დაამარცხეს 6 ერის წარმომადგენელი ქვეყნის 2 ნაკრები - საფრანგეთი და უელსი, მაგრამ ცუდია, რომ კვლავ ვერაფერი მოუხერხეს ესპანეთსა და პორტუგალიას.
საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ფრანგთა წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს 2 ლელო გაუტანა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა, თავად მხოლოდ ლელო-გარდასახვა გაუშვა და 12:7 იმარჯვა. რადგან ჯგუფის პირველ მატჩში სენსაცია დაფიქსირდა - უელსი რუმინეთთან მხოლოდ ფრეს დასჯერდა (26:26) - ლიონის ეტაპის მესამეადგილოსანი საფრანგეთის ძლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. სენსაციით გულმოცემულმა რუმინეთმა საქართველოსთანაც გაიბრძოლა და 2 ლელო გაიტანა, მაგრამ ქართველთაგან 3 მიიღო და კახა ალანიას შეგირდებმა 21:12 იმარჯვეს.
მომდევნო მატჩი საქართველოს ჯგუფის ლიდერთან, ესპანეთთან უწევდა, რომელსაც ლიონის ეტაპზეც ეთამაშა და 10:26 დამარცხდა. ესპანეთს ძლიერი 7-კაცა რომ ჰყავს, ცხადზე ცხადია და მათი უპირატესობა ამჯერადაც აშკარა იყო. “ლომები” 4 ლელოსა და 2 რეალიზაციის შემდეგ, 24:0 დაწინაურდნენ. ბოლოს ქართველებმა პრესტიჟის ლელოს გატანა შეძლეს და 5:24 დამარცხდნენ.
პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩში, “ბორჯღალოსნებს” “ქართულ” უკრაინასთან (მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე მოთამაშე ქართველია) რევანში სწყუროდათ. უკრაინელებმა შეხვედრა რიხით დაიწყეს და 12:0 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით ორ წუთში ქართულმა ხასიათმა თავისი გაიტანა, ორ ლელოს ორივე ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და ტაბლოზე 14:12 დაფიქსირდა.
მე-2 დღის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად უელსთან ფრეც აძლევდა ხელს. საქართველომ ძალები მოიკრიბა და 6 ერის წარმომადგენელი მეორე ქვეყნის ნაკრებს მკაცრი დაცვა ეთამაშა, საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებელი შეინახა, თავად 2 ლელო და ორიც რეალიზაცია მიითვალა და მეტოქის 14:0 ძლევით, თასის ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში საქართველომ გაიბრძოლა და მეტოქეს 2 ლელო გაუტანა, მაგრამ პორტუგალია ორჯერ და მეტად ძლიერი აღმოჩნდა - 4 ლელო და 2 გარდასახვა. შედეგად, პორტუგალიელებმა 24:10 იმარჯვეს, საქართველოს ნაკრებს კი, მე-3 ადგილისთვის მატჩში ის ესპანეთი ელოდა, რომელთანაც 2 თამაში ჰქონდა წაგებული. რევანში არც ამჯერად შედგა, უფრო მეტიც, ესპანელებმა ყველაზე დიდი სხვაობით მოიგეს. მათ 5 ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და 27:0 იმარჯვეს.
ისევე, როგორც ლიონის ეტაპზე, მოსკოვშიც ინგლისმა იპირველა. ნახევარფინალში ესპანეთის ძლევის (24:14) შემდეგ, ინგლისელებმა პორტუგალიასთან ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის (28:21) რევანში ფინალში აიღეს, მეტოქე 24:12 დასცეს და თასი მეორედ შეათამაშეს.
მე-5 ადგილზე საფრანგეთი გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში მასპინძელი რუსეთი დაძაბულ ბრძოლაში 20:19 დაამარცხა, მერე კი უელსს სძლია - 21:12.
რუსეთმა ამჯერადაც არ გაახარა იტალია - 24:10 აჯობა, რითაც მე-7 ადგილი დაისაკუთრა. მე-9 საფეხურზე, გადამწყვეტ მატჩში უკრაინის 7:5 მძლეველი რუმინეთი გავიდა, ხოლო ბოლოსწინა ადგილი მოლდოვამ დაისაკუთრა.
ახლა გუნდები ორი კვირით დაისვენებენ და მე-3 ეტაპის გასამართად, 9-10 ივლისს, ესპანეთში, ბარსელონაში შეიკრიბებიან, ხოლო დასკვნით, მე-4 ეტაპს, 16-17 ივლისს, რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში (ოთხ ეტაპად). II ეტაპი
რუსეთი. მოსკოვი. 25-26 ივნისი
A ჯგუფი
25 ივნისი. შაბათი

რუსეთი - მოლდოვა 36:0
პორტუგალია - ჰოლანდია 45:14
ინგლისი - იტალია 33:5
ჰოლანდია - მოლდოვა 28:12
რუსეთი - იტალია 19:12
ინგლისი - პორტუგალია 21:28
იტალია - მოლდოვა 19:5
ინგლისი - ჰოლანდია 48:5
პორტუგალია - რუსეთი 21:5
ჰოლანდია - იტალია 0:46
პორტუგალია - მოლდოვა 35:5
ინგლისი - რუსეთი 14:14
26 ივნისი. კვირა
პორტუგალია - იტალია 31:5
რუსეთი - ჰოლანდია 26:0
ინგლისი - მოლდოვა 35:7
 

1   პორტუგალია 5 5 0 0 160-50 15
2 ინგლისი 5 3 1 1 151-59 12
3 რუსეთი 5 3 1 1 100-47 12
4  იტალია 5 2 0 3 87-88 9
5  ჰოლანდია 5 1 0 4 47-177 7
6 მოლდოვა 5 0 0 5 29-153 5



B ჯგუფი
25 ივნისი. შაბათი

უელსი - რუმინეთი 26:26
საფრანგეთი - საქართველო 7:12
ესპანეთი - უკრაინა 21:7
საქართველო - რუმინეთი 21:12
უელსი - უკრაინა 29:7
ესპანეთი - საფრანგეთი 17:12
უკრაინა - რუმინეთი 17:14
ესპანეთი - საქართველო 24:5
საფრანგეთი - უელსი 21:24
საქართველო - უკრაინა 14:12
საფრანგეთი - რუმინეთი 40:7
ესპანეთი - უელსი 26:19
26 ივნისი. კვირა
საფრანგეთი - უკრაინა 26:5
უელსი - საქართველო 0:14
ესპანეთი - რუმინეთი 12:14
 

1   ესპანეთი 5 4 0 1 100-57 13
2 საქართველო  5 4 0 1 66-55 13
3  უელსი  5 2 1 2 98-94 10
4 საფრანგეთი 5 2 0 3 106-65 9
5    რუმინეთი   5 1 1 3 73-116 8
6      უკრაინა 5 1 0 4 48-104 7


26 ივნისი. კვირა
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
ჰოლანდია - უკრაინა 0:7
მოლდოვა - რუმინეთი 17:19
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
რუსეთი - საფრანგეთი 19:20
იტალია - უელსი 19:22
თასის ნახევარფინალები
პორტუგალია - საქართველო 24:10
ინგლისი - ესპანეთი 24:14
XI ადგილისთვის
ჰოლანდია - მოლდოვა 12:19
IX ადგილისთვის
უკრაინა - რუმინეთი 5:7
VII ადგილისთვის
რუსეთი - იტალია 24:10
V ადგილისთვის
საფრანგეთი - უელსი 21:12
III ადგილისთვის
საქართველო - ესპანეთი 0:27
ფინალი
პორტუგალია - ინგლისი 12:24

მდგომარეობა 2 ეტაპის შემდეგ
1.    ინგლისი - 36 (18+18)
2.    ესპანეთი - 31 (16+15)
3.    პორტუგალია - 30 (14+16)
4.    საფრანგეთი - 27 (15+12)
5.    საქართველო - 22 (8+14)
6.    რუსეთი - 20 (12+8)
7.    უელსი - 20 (10+10)
8.    იტალია - 10 (4+6)
9.    ჰოლანდია - 7 (6+1)
10.    რუმინეთი - 6 (2+4)
11.    უკრაინა - 6 (3+3)
12.    მოლდოვა - 3 (1+2)
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094067