ამბები

18:12 | 28.06.2011 | ნანახია 2409 - ჯერ

ორთვიან შესვენებამდე ორი გადადებული

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი ნაწილი, თბილისში მაისში გამართული 20-წლამდე მსოფლიო თასის “ალაფისა” და 7-კაცა რაგბიში ევროპის გრან პრის გამო დანაწევრდა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ ერთი ტური შედარებით ნორმალურად ჩატარდა, VII ტურის შეხვედრები კი...

დათქმულ დროს, 18 ივნისს მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და სენსაციური შედეგი დაფიქსირდა - “აკადემიამ” “ლელო” 30:19 დაამარცხა. ხვალ და ზეგ კიდევ ორი შეხვედრა უნდა გაიმართოს, პირველი წრის ბოლო მატჩი კი, მხოლოდ აგვისტოს მიწურულსღა შედგება.
29 ივნისს, 18 საათზე დიდ დიღომში “ვისოლის” ბაზაზე დედაქალაქური დერბი შედგება. “არმაზი” ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივს” დაუხვდება. მოცემულ მომენტში ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად იმყოფებიან, თუმცა, გლობალური მაზნები განსხვავებული აქვთ. ჩემპიონი ტიტულის შენარჩუნებაზე ფიქრობს, ხოლო გასულ წელს უძლიერესთა შორის დარჩენილი “არმაზი” მიზნად წელსაც იგივეს ისახავს და თან გამართლების იმედად, თვალი ოთხეულისკენაც უჭირავს.
“ლოკომოტივს” საწყის ხუთ ტურში საქმეები არცთუ ცუდად მისდიოდა. მართალია, ჩემპიონობის პრეტენდენტებთან - “ლელოსთან” და “აიასთან” დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ ,“არმიას” გაუსწორდა და აუტსაიდერებთანაც უდანაკარგოდ თამაშობდა. მაისი ერთთვიანმა შესვენებამ, უფრო სწორად, IRB-ს “ერთა თასზე” სათამაშოდ ეროვნულ გუნდში და 7-კაცა ნაკრებში მისი წევრების გამოძახებამ ჩემპიონს საქმეები გაურთულა. გასულ ტურში “ლოკომოტივი” “აკადემიას” ვერ გაუმკლავდა და 10:24 დამარცხდა, რის შემდეგაც, ნაკრებში გამოძახებული მორაგბეების ჩამოსვლას დაელოდა და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას “არმაზთან” ეცდება.
გასულ ტურამდე “არმაზი” ზედა ოთხეულის გუნდებთან უშანსოდ მარცხდებოდა, სამაგიეროდ, ქვედა ოთხეულის წარმომადგენლებს უგებდა, ერთი ეგაა, ბოლო დროს მომძლავრებულ, სენსაციების გამომცხობ “აკადემიას” დაუზავდა. წინა ტურში სენსაციასთან ახლოს იყო “არმაზიც”, რომელმაც “არმიას” დიდი ბრძოლა გაუმართა და მოგებას თუ არა, ფრეს მაინც იმსახურებდა, მაგრამ არ გაუმართლა. მისი ჯარიმები არაზუსტი აღმოჩნდა, “არმიამ” ბოლო დარტყმა უზადოდ შეასრულა და 28:25 იმარჯვა. ახლა “არმაზს” საკუთარი ამბიციის კიდევ ერთხელ დამტკიცება ქვეყნის ჩემპიონთან მოუწევს.
ამ ტურის ცენტრალური შეხვედრა ერთი დღის შემდეგ, 30 ივნისს ფოთის გარეუბან მალთაყვაში გაიმართება და დიდი საზაფხულო შესვენებაც მერე დაიწყება. გათამაშების ლიდერი ქუთაისის “აია”, რომელსაც პირველი წრის მოგებას უკვე ვეღარავინ შეეცილება, უახლოეს მდევარ თბილისის “არმიას” უმასპინძლებს და დაუმარცხებელი სერიის გახანგრძლივებას შეეცდება. დიახ, “აიამ” წლევანდელი გათამაშება შარშანდელზე უკეთ დაიწყო, არც ლიდერი დაინდო და არც აუტსაიდერი და ექვსივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. გასულ ტურში ქუთათურებმა ეროვნულ გუნდში მივლინებული სამი ლიდერი, სამივე უკანახაზელი - მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი ჩხიკვაძე და ირაკლი გიორგაძე მოისაკლისეს, მაგრამ თბილისში “ყოჩები” მაინც უშანსოდ დატოვეს და 23:10 იმარჯვეს.
“არმიამ”, რომელიც ქართულ რაგბიში წელს გამოჩნდა, უმაღლეს ლიგაში გორის თსუ-“ლომების” ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, მან ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი და თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა. მაგრამ გუნდს აშკარად აკლია შეთამაშება, რაც არასტაბილურ თამაშში აისახება. არმიელებს თითქმის ყველა შეხვედრაში მძიმე ბრძოლის გადატანა უწევთ და აუტსაიდერებთანაც კი, ქულების მოგროვებას სრული მობილიზების ხარჯზე ახერხებს. ლიდერთაგან “არმიამ” “ლელო” იმსხვერპლა, რომელმაც რატომღაც ბოლო წუთზე ჯარიმის კარში დარტყმას ლელოს გატანაზე თამაში არჩია და ამ შეცდომის გამო მარცხით დაისაჯა - 21:23. არმიელები მხოლოდ ერთხელ, პირველ ტურში “ლოკომოტივთან” დამარცხდნენ, მერე კი, ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს - “აკადემიას” 22:22 დაუზავდნენ.
ამის შემდეგ ეროვნული პირველობის მონაწილე გუნდები 25 აგვისტომდე დაისვენებენ და ჩემპიონატი პირველი წრის ბოლო მატჩით, აუტსაიდერების - რუსთავის “ხარებისა” და თბილისის “ყოჩების” ჯახით განახლდება, ხოლო მეორე წრე 3 სექტემბერს დაიწყება. ასეთი დიდი დასვენება არ მოუწევს “ყოჩებს”, “არმიას”, “აიას” და “ლელოს”, რადგანაც ისინი “ლიბერთის თასის” ნახევარფინალში არიან გასულები და ეს გათამაშება მეორე წრის დაწყებამდე განახლდება, ოღონდ, შეხვედრები ივლისის ბოლომდე ნამდვილად არ გაიმართება.
 
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
VII ტურის გადადებული მატჩები
29 ივნისი. ოთხშაბათი. თბილისი. “ვისოლი”
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (18:00 საათი)
30 ივნისი. ხუთშაბათი. ფოთი (მალთაყვა)
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) (18:00 საათი)
 
1 აია 6 6 0 0 167-72 12
2 არმია 6 4 1 1 138-117 9
3 აკადემია 7 3 2 2 143-135 8
4 ლელო 7 4 0 3 178-142 8
5 ლოკომოტივი 6 3 0 3 128-110 6
6 არმაზი 6 2 1 3 121-148 5
7 ხარები 6 1 0 5 56-122 2
8 ყოჩები 6 0 0 6 85-170 0
 
 
 
ზურა ქსოვრელი
 
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077492