უელსის რაგბის კავშირის (WRU) ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ მაიკ ფილიპსს, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის გამო თვენახევრის წინ ეროვნული გუნდიდან მოკვეთა, დისკვალიფიკაცია მოუხსნა და ნაკრებთან ერთად ვარჯიშის განახლების საშუალება მისცა.
უელსის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის 9 ნომერი WRU-ს მაღალჩინოსნებს შეხვდა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც გუნდში დაბრუნების უფლება მისცეს.
“ეს ყველაზე სამარცხვინო საქციელია, რომელიც ოდესმე გადამხდენია. საკუთარი საქციელის გამო მრცხვენია. ასეთ ინციდენტში არ უნდა გავხვეულიყავი, მაგრამ პირობას ვდებ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება და აუცილებლად გამოვსწორდები”, - თქვა ფილიპსმა.
ფილიპსს ნაკრების ხელმძღვანელობამ დროის ქალაქში გატარების უფლება მისცა, რის დროსაც სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მორაგბე შარში გაეხვა და ჩხუბის დროს ის პოლიციამ დააკავა. სპორტსმენის ასეთი საქციელით აღშფოთებულმა რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ის ნაკრებს ჩამოაშორა და მის ნაცვლად, მსოფლიო თასზე გასამგზავრებელ მორაგბეთა სიაში ლოიდ უილიამსი შეიყვანა, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში ერთი შეხვედრაც არ ჰქონდა ჩატარებული.
ახლა მაიკს ყველაფერი ეპატია და უახლოეს დღეებში ეროვნულ გუნდში ვარჯიშს განაახლებს. გასულ სეზონში “ოდპრეიში” მოთამაშე ფილიპსმა, ახლახანს კონტრაქტი ფრანგულ “ბაიონთან” გააფორმა. 2003 წლიდან დღემდე, მას ეროვნულ გუნდში 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც გუნდს 26 ქულა შესძინა. ამასთან, უელსელმა ბრიტანელი და ირლანდიელი “ლომების” შემადგენლობაში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ლელო გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია