ამბები

23:05 | 29.06.2011 | ნანახია 2493 - ჯერ

“არმაზს” კლასი დააკლდა
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის გადადებულ შეხვედრაში, “არმაზმა” “ლოკომოტივს” მე-2 ტაიმი 6:0 მოუგო, მაგრამ მეტის მისაღწევად ძალა აღარ ეყო. საქართველოს ჩემპიონმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე აღარ გაანიავა, დასკვნით მეოთხედში, ბურთი მეტოქის ნახევარზე შეაყოვნა და 19:15 იმარჯვა. 
თამაშს ორასამდე მაყურებელი დაესწრო, რომელთა შორისაც მრავლად იყვნენ საქართველოს ეროვნული, 20-წლამდელთა და 17-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები. სიცხის გამო, შეხვედრა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამასთან, ორივე გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მორაგბე აკლდა, რის გამოც, ზოგიერთ მოთამაშეს თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში, რამაც შეხვედრას თავისი ხელი დაატყო. ხშირი იყო შეცდომები და ტექნიკური წუნი, მაგრამ იყო თავდადება და ბოლომდე ბრძოლა. 
მატჩი ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო და ბობა კვინიხიძემ, მე-5 წუთზე, დაახლოებით 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გახსნა. სამიოდე წუთში “ლოკომოტივმა” ლელო მიითვალა. დავით ჟამუტაშვილმა შეტევა საკუთარი 22-დან დაიწყო და ცენტრი გადალახა, იქ შეტევა თითქოს ჩაიფარცხა, მაგრამ “არმაზმა” სიტუაციის ბოლომდე გამუხტვა ვერ მოახერხა, ნელ-ნელა დარჩენილი მანძილიც დაფარა და ზვიად მაისურაძემ ბურთი ძელებსშუა დაამიწა, კვინიხიძემ კი, რეალიზაცია გამოიყენა. 
“არმაზი” მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს. დავით კიკნაძე ჭკვიანურად უძღვებოდა საკუთარი გუნდის შეტევებს, მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს, აგრესიული დაცვა და შეტევა ითამაშეს და გარკვეული დროით, “ლოკომოტივი” დააბნიეს. შედეგად, 23-ე წუთამდე, კიკნაძემ 2 საპასუხო ჯარიმა გაიტანა და სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა. ჩემპიონი მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს და სალელოვე შეტევა წამოიწყო. დავით ჩიტიძემ ხაზი გაჭრა, წინსვლა მაისურაძემ განაგრძო, მას მხარი ირაკლი ღვინჯილიამ აუბა, და “არმაზი” ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდე მეტრში დაჯარიმდა. კვინიხიძემ არ გარისკა და გასატანი ჯარიმა სამ ქულად აქცია, ნახევარი საათის თავზე, კვლავ კარის გასწვრივ დანიშნული ჯარიმით ათქულიანი უპირატესობა აღადგინა, ხოლო 33-ე წუთზე მორიგი “პენალტი” გაიტანა და ანგარიში 19:6 გახდა. 
ტაიმის ბოლოს, “არმაზმა” მეტოქის ნახევარზე გადასვლა შეძლო და ჯარიმები კარში აღარ ურტყა. დერეფნიდან მოლის აგორება არ გამოვიდა და ბოლოს კიკნაძემ გასატანი ჯარიმით სხვაობა შეამცირა. 
მე-2 ნახევარი ორმხრივი შეცდომებით დაიწყო, მერე “ლოკომოტივი” დაჯარიმდა და კიკნაძემ 35 მეტრიდან გაიტანა. მე-60 წუთზე, ჩემპიონი არასპორტული საქციელისთვის დაჯარიმდა. “არმაზის” მორაგბემ ბურთი ფეხით გაიგდო და მიჰყვა, მცველმა მას ფეხი დაუდო, მაგრამ მსაჯმა ის დაინდო და ყვითელი ბარათი არ უჩვენა. სამაგიეროდ, კიკნაძემ დარტყმა სამ ქულად აქცია და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანა. 
ამის შემდეგ, “ლოკომოტივმა” შეუტია და ბევრჯერ ჰქონდა შანსი, რომ ჯარიმით უპირატესობა გაეზარდა, მაგრამ მაინცდამაინც ლელოს გატანა და მეტოქისთვის საქმის ერთი დარტყმით მოთავება სურდა. ეს არ გამოვიდა, მაგრამ თამაში მეტოქის ნახევარზე გაგრძელდა, ამასობაში, დროც ამოიწურა და “ლოკომოტივმა” გაიმარჯვა. მართალია, ის მე-5 ადგილზე დარჩა, მაგრამ “აკადემიას” და “ლელოს” ქულებით გაუტოლდა და მათ მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში მარცხის გამო ჩამორჩება. უძლიერესთა შორის დასარჩენად, “არმაზს” მე-2 წრეში ქულების აღება უშუალო კონკურენტებთან მოუწევს. 
ზაფხულის შესვენების წინ, 30 ივნისს, VII ტურის კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართება. ფოთის გარეუბან მალთაყვაში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ქუთაისის “აია” უახლოეს მდევარ თბილისის “არმიას” უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, რაღა თქმა უნდა, თუ სიცხემ კორექტივები არ შეიტანა. პირველი წრის კიდევ ერთი გადადებული მატჩი, სადაც ერთმანეთს აუტსაიდერები რუსთავის “ხარები” და თბილისის “ყოჩები” უნდა ეთამაშონ, 25 აგვისტოს დაიგეგმა და მას 3 სექტემბრიდან მე-2 წრის თამაშები მოჰყვება.  
 
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
VII ტურის გადადებული მატჩები
29 ივნისი. ოთხშაბათი. თბილისი. “ვისოლი”. 200 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 15:19 (9:19)
არმაზი: 15. ჩხაიძე (კოტორაშვილი 59), 14. სირაძე, 13. კაიფაჯიანი, 12. მისრიაშვილი, 11. ხუციშვილი, 10. კიკნაძე, 9. მჟავანაძე (გაბროშვილი 41); 1. ჩომახაშვილი, 2. სოსელია, 3. ბუკია, 4. ჭელიძე, 5. ჯიშკარიანი, 6. თიგიშვილი, 7. მინაშვილი, 8. ჟღენტი (თაგაური 41).
5 ჯარიმა: კიკნაძე
ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. კავთიძე, 13. ბერძენიშვილი, 12. ხაჩირაშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. ზარიძე (ნადირაძე 74), 3. ვეფხვაძე, 4. გუნიავა, 5. ოზგებაშვილი, 6. გენებაშვილი, 7. ჩიტიძე, 8. მაისურაძე.
1 ლელო: მაისურაძე
1 გარდასახვა: კვინიხიძე
4 ჯარიმა: კვინიხიძე 
 
1. აია                  6  167-72   12
2. არმია              6  138-117  9
3. აკადემია         7  3  2  143-135  8
4. ლელო             7  178-142  8
5. ლოკომოტივი 147-125  8
6. არმაზი            7  2  1  4  136-167  5
7. ხარები            6   56-122   2
8. ყოჩები           6  6   85-170   0
 
30 ივნისი. ხუთშაბათი. ფოთი (მალთაყვა)
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) (18:00 საათი)
 
 
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086917