საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის კიდევ ერთ გადადებულ შეხვედრაში, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ქუთაისის “აიამ” უახლოესი მდევარი თბილისის “არმია” დაძაბულ ბრძოლაში 17:15 დაამარცხა და პირველი წრე დაუმარცხებლად ჩაამთავრა.
ქუთაისის “აიას” საკუთარ ქალაქში სარაგბო სტადიონი არ ეღირსა და მეტოქეს, ტრადიციულად, ფოთში დაუხვდა. ტრადიცია არც “არმიას” ხელმძღვანელობამ დაარღვია და თავიანთი გუნდის საქომაგოდ ხალხი ავტბუსებით მიიყვანა. შეხვედრა ჯერ გახურებულიც არ იყო, რომ გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და მერვე წუთისთვის ანგარიში 3:3 იყო. მერე თბილისელებმა იმძლავრეს, ბახვა კობახიძემ ერთს კიდევ ორი ჯარიმა შემატა და “არმია” 25-ე წუთზე 9:3 დაწინაურდა. ამაზე ქუთაისელებმა მალევე კარგი იერიშით უპასუხეს და თორნიკე ლომიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო - 8:9.
ორიოდე წუთში, კობახიძემ მეოთხე ზუსტი ჯარიმით სტუმრებს ოთხქულიანი უპირატესობა მოუტანა, მერე კი, ლაშა ბაირამაშვილმა საშინელი ტრავმა მიიღო. მან ფეხი მოიტეხა და საოპერაციოდ სასწარფოდ გორის ჰოსპიტალში გააქანეს, ხოლო თამაში დაახლოებით ათი წუთის შემდეგ განახლდა და სანამ მსაჯი შესვენებისას ჩასტვენდა, გაგა სინაურიძემ ჯარიმით ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა.
მეორე ტაიმი კოკისპირული წვიმის ფონზე განახლდა. პირველი ნახევრის მსგავსად, დასაწყისში გუნდებმა ამჯერადაც ჯარიმები გაცვალეს, მერე “აიამ” იმძლავრა და 65-ე წუთზე, სინაურიძემ თავისი მეოთხე ჯარიმა გაიტანა, რითაც ქუთაისელები 17:15 დააწინაურა. დარჩენილ დროში ორივე გუნდმა კი იბრძოლა, მაგრამ ქულის აღება ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა და ახლა “აია” უახლოეს მდევარ “არმიას” მთელი ხუთი ქულით დაშორდა. დაძაბულმა თამაშმა სინბინების გარეშე ვერ ჩაიარა და რეფერის ორჯერ მოუხდა ჯიბიდან ყვითელი ბარათის ამოღება - ერთხელ ქუთაისელი ლევან გოგია, ხოლო მეორედ, თბილისელი ტუჩაშვილი 10-10 წუთით გააძევა.
30 ივნისი. ხუთშაბათი. ფოთი (მალთაყვა)
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 17:15 (11:12)
1 | აია | 7 | 7 | 0 | 0 | 184-87 | 14 |
2 | არმია | 7 | 4 | 2 | 1 | 153-134 | 9 |
3 | აკადემია | 7 | 3 | 2 | 2 | 143-135 | 8 |
4 | ლელო | 7 | 4 | 3 | 1 | 178-142 | 8 |
5 | ლოკომოტივი | 7 | 4 | 0 | 3 | 147-125 | 8 |
6 | არმაზი | 7 | 2 | 1 | 4 | 136-167 | 5 |
7 | ხარები | 6 | 1 | 0 | 5 | 56-122 | 2 |
8 | ყოჩები | 6 | 0 | 0 | 6 | 85-170 | 0 |
P.S. მადლობა ზაალ გიგინეიშვილს გაწეული დახმარებისათვის
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია