ზე-18

18:24 | 6.03.2016 | ნანახია 905 - ჯერ

„სტორმერსის“ მეორე მოგება და მესამე ადგილი

„სტორმერსმა“ წლევანდელი ზე რაგბის მეორე მატჩიც მოიგო. სამხრეთაფრიკულ დაპირისპირებაში კეიპტაუნელებმა სტუმრად „ჩითასი“ 20:10 დაამარცხეს.

პირველ ტაიმში „ტოიოტა სტედიუმზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ორივე გუნდისგან თითო-თითო ლელო იხილა გარდასახვითურთ. პირველი ლელო მე-14 წუთზე სტუმრებმა მიითვალეს - მასპინძელთა დაცვის ხაზი დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, „სტორმერსმა“ ამით ისარგებლა და ბურთი ხელდახელ კარგად გაათამაშა, რაც ლეოლინ ზასის ლელოთი დასრულდა, რობერტ დუ პრემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 0:7.

„სტორმერსის“ ლელოდან 7 წუთში მასპინძელთა ქომაგებმაც გაიხარეს, ლელო მთლიანად „ჩითასის“ შუამარბების შემოქმედება იყო- ვილიამ სმოლ -სმიტის გონივრული პასის შემდეგ ვენტერი მცველებს გაექცა და ლელომდე ყოჩაღად ირბინა, გარდასახვა ზელინგამ შეასრულა და წონადწორობა ღადგინა.

მეორე ტაიმი სანახოაბრივი კუთხით დიდად არ გამოირჩეოდა, ტექნიკური წუნი ორივე მხრიდან გუნდებს გაშლილი რაგბის თამაშის საშუალებას არ აძლევდა. 47-ე წუთზე „ჩითასისა“ და „სპრინგბოქსის“ მეორეხაზელი ლუდ დე იახერი სინბინში მიაბრძანეს.

სტუმართა გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა და დე იახერის გაძევებიდან 7 წუთში ლელოც დადო - „სტორმერსმა“ მასპინძლებს ნამდვილი შტურმი მოუწყო, თავის მხრივ „ჩითასი“ ცდილობდა მეტოქის შეკავებას, მაგრამ ერთ ეპიზოდში მობილიზება დააკლდათ და მესამეხაზელ ნოცშეს ლელო ვიხილეთ, გარდასახვა კვლავ ზუსტია - 7:14.

„ჩითასისთვის“ დე იახერის დაბრუნების შემდეგაც არაფერი შეცვლილა, ზელინგას ერთ ჯარიმას „სტორმერსმა“ კოლმანის ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა, საბოლოოდ კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ ანგარიშით - 20:10.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი მესამეადგილოსანი „სტორმერსი“, ორ ტურში ორი გამარჯვების შემდეგ, ზე რაგბის საერთო ცხრილში ახლაც მესამე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება, „ჩითასს“, „ავაზები“ ორი მარცხით მე-14 ადგილზე არიან.

ჩითასი [სამხრეთ აფრიკა] - სტორმერსი [სამხრეთ აფრიკა] 10:20

ჩითასი: 1 ლელო - ვენტერი; 1 გარდასახვა - ზელინგა; 1 ჯარიმა - ზელინგა; 1 სინბინი - დე იახერი

სტორმერსი: 2 ლელო - ზასი, ნოცშე; 2 გარდასახვა: დუ პრე, კოლმანი; 2 ჯარიმა - კოლმანი

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086754