ამბები

17:54 | 1.07.2011 | ნანახია 8030 - ჯერ

დიქსონმა 32-მდე შეკვეცა - 9 შიდა პირველობიდანაა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ახალ ზელანდიაში გასამგზავრებელი გაფართოებული შემადგენლობა 46 მორაგბიდან 32-მდე შეამცირა.
ეს 32 მორაგბე, ფიზმომზადების მწვრთნელ გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით, შეკრებას 4 ივლისს, თბილისში დაიწყებს. შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი თბილისში 11 ივლისს დაბრუნდება, 18-ში კი, გუნდი გეზს საფრანგეთისკენ აიღებს და ქალაქ კანში დაბინავდება. იქ ნაკრები უკვე ბურთთან ერთად, ტაქტიკაზე იმუშავებს და ელიტარული დივიზიონის კლუბებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სავარაუდო მეტოქეები “კლერმონი”, “მონპელიე” და “ტულონი” არიან. ამას გარდა, “ბორჯღალოსნები” შედარებით სუსტ მეტოქეებთანაც წაივარჯიშებენ, 22 აგვისტომდე საბოლოო შემადგენლობა (30 მორაგბე) შეირჩევა და გუნდი გეზს ახალი ზელანდიისკენ აიღებს.
ეროვნული გუნდი ზელანდიაში 5 სექტემბერს ჩავა და ბანაკს კვინსტაუნში დასცემს, საიდანაც ინვერკარგილში გადაინაცვლეს და 14 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრებთან 2011 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას გამართავს. 15-დან 19 სექტემბრამდე “ბორჯღალოსნები” დანედინში დაბინავდებიან, სადაც 18-ში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 19-26 სექტემბერს ქართველი სპორტსმენები მასტერტაუნში გაატარებენ, მერე კი, პალმერსტონ ნორსში გაემგზავრებიან და იქ 28 სექტემბერს რუმინეთს, ხოლო 2 ოქტომბერს არგენტინას გაეჯიბრებიან.
დიქსონის მიერ შერჩეულ ოცდათორმეტ მორაგბეს შორის, ცხრა ქართულ კლუბებს წარმოადგენს, დანარჩენები კი, ტრადიციულად ფრანგული კლუბებიდან არიან. ცნობისათვის, 2003 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას მხოლოდ ლეგიონერები იცავდნენ, 2007 წელს, საფრანგეთში, ქართულ კლუბებში მობურთალთაგან მსოფლიო თასზე ორმა მორაგბემ ითამაშა, ახლა კი, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ქართული კლუბებიდან ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი თბილისის “ლელოს” ჰყავს (სამი), თბილისის “ლოკომოტივს” და “არმიას”, ასევე ქუთაისის “აიას” კი, ორ-ორი მორაგბე წარადგენს. ეს ფაქტი ახარებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს.
“მსოფლიო თასზე საქართველოს ჩემპიონატიდან ამდენი მორაგბის ხილვა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი შიდა პირველობის დონე იზრდება. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება არჩევანის სიმწირემაც განაპირობა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ლეგიონერებზე ლიმიტი შემოიღეს, ალტერნატივად ორი გზა გვრჩება: მორაგბეები სხვა ბაზარზე უნდა გავიყვანოთ, კერძოდ, ბრიტანულ კლუბებში დავასაქმოთ.  ამ კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ჰართპულის აკადემიასთან კონტაქტი დავამყარეთ. შეიძლებოდა ლეგინერები სამხრეთ ნახევარსფეროშიც გაგვეშვა, სადაც უდავოდ მაღალი სათამაშო დონეა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სპორტსმენი ნაკრებისთვის დაიკარგება. სამხრეთ ნახევარსფეროდან მათ ეროვნულ გუნდში არავინ გამოუშვებს, რადგან მგზავრობაში ძალიან დიდი დრო და ენერგია იხარჯება, ამასთან, მათი მგზავრობა ძვირიც დაჯდება. მეორე გზა შიდა პირველობის დონის ამაღლებაა. თუ გვინდა, რომ ელიტას მართლაც მივუახლოვდეთ, საქართველოს ჩემპიონატის ხარისხი უნდა ამაღლდეს. შემდეგი ოთხი წელიწადი სწავლების პერიოდი იქნება და ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ - ხელმძღვანელობამაც, მწვრთნელებმაც და მორაგბეებმაც. კლუბებს უნდა ჰქონდეთ ისეთი დაფინანსება, რომ მორაგბეები პოლონეთში, ჩეხეთში, უკრაინაში, ან თუნდაც საფრანგეთის დაბალი დივიზიონის კლუბებში სათამაშოდ არ წავიდნენ. ნელ-ნელა ინფრასტრუქტურა იზრდება და იმედია, მომავალში საქართველოს ჩემპიონატი კიდევ უფრო მაღალი დონის გახდება”.
დიქსონმა შემდეგი 32 მორაგბე შეარჩია: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
შემადგენლობის მიღმა დარჩნენ: ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი ჟღენტი (“მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), გრიგოლ ლაბაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“აჟენი”, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი), ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი), ბესარიონ უდესიანი (“მაკონი”, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
ხაზის მწვრთნელი: დონ კასკი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გარეთ ადამსონი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078956