ამბები

19:46 | 1.07.2011 | ნანახია 4858 - ჯერ

18-წლამდელებმა “ექვსი ერი” გაიტოლეს

ევროპის რაგბის საერთაშორისო საბჭოს (FIRA) გადაწყვეტილებით, 2012 წელს, 18-წლამდე მორაგბეებს შორის გასამართი ევროპის ჩემპიონატი ყოვლისმომცველი იქნება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებთან ერთად, “ექვსი ერის” ყველა წარმომადგენელი ნაკრები ითამაშებს. 

ეს გადაწყვეტილება FIRA-ს ასამბლეაზე ახლახან მიიღეს და ქართველ ბავშვებს საკუთარი სიძლიერის დამტკიცების საშუალება მთელი სამი წლის განმავლობაში ექნებათ. ეს სამი წელიწადი, “ექვსი ერის” ქვეყნების ნაკრებები, დაკავებული ადგილის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონობისთვის აუცილებლად იბრძოლებენ, სულ კი, გათამაშებაში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება წლევანდელი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილზე დასრულებით მიიღო (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ). ამასთან, პატარა “ბორჯღალოსნებმა” 17-წლამდელთა რეგიონალური ტურნირი ბუქარესტში მოიგეს და თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.
მერვე გუნდის ვინაობა ოქტომბერში, ისევ ბუქარესტში, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაში გაირკვევა. იქ ოთხთა ტურნირი გაიმართება და მასში რუმინეთის და საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ კონკურენციის გარეშე. 2013 წლიდან, 17-წლამდელთა რეგიონალურ ტურნირებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამოვლინდება ის ორი გუნდი, რომლებიც “ექვსი ერის” წარმომადგენლებს შეუერთდებიან.
“ბოლო პერიოდში ევროპულ რაგბიში ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა და ცხადი გახდა, რომ ცვლილებები იყო განსახორციელებელი. შედეგად, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ფორმა იცვალა და “ექვსი ერის” გუნდებთან ერთად, პირველობისათვის დაბალი რანგის ორ გუნდი იბრძოლებს. ეს ჩვენი შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. იყო მცდელობა, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ახალი შესარჩევი ეტაპი ჩაეტარებინათ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოზიციები არ დავთმეთ და მეშვიდე გუნდად ვითამაშებთ, კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა კი, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ბელგიისა და პორტუგალიის დაპირისპირებაში გაირკვევა” - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ. 
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე, 18-წლამდელთა “ექვსი ერის” წინასწარი ეტაპის შემდეგ, ორი უარესი გუნდი, შოტლანდია და იტალია ქვედა დივიზიონის ექვს გუნდს შეუერთდნენ და საქართველოს ნაკრებმა იქ მესამე ადგილი დაიკავა. ივნისის ბოლოს, ქართველმა 17-წლამდელებმა “შავი ზღვის თასის” გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ნახევარფინალში უკრაინა 68:0, ხოლო ფინალში მასპინძელი რუმინეთი 27:8 დაამარცხა. ოქტომბერში ქართველი 17-წლამდელები კიდევ ერთხელ ეწვევიან ბუქარესტს და ამჟამად, მომავალ ტურნირს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ, ხოლო ბელგია და პორტუგალია ერთმანეთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურს გაითამაშებენ. ამ სამეულის გარდა, ტურნირში კონკურსგარეშე ითამაშებს რუმინეთის ნაკრები. 
“მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ქუთაისისა და თბილისის სარაგბო აკადემიის ბავშვები, თბილისში ერთად სულ ათი დღე ვავარჯიშეთ და რუმინეთში გავემგზავრეთ. იქ მასპინძლებმა ძალიან ცუდი საცხოვრებელი პირობები შეგვიქმნეს, მაგრამ ორივე მეტოქეს დამაჯერებლად ვძლიეთ. უკრაინასთან მატჩის საწყისი ოცი წუთი ვნერვიულობდით, მერე კი, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და ათი ლელო გავიტანეთ. ფინალში რუმინელებს მსაჯიც წაეხმარა, მაგრამ ბიჭების მონდომებამ მაინც შედეგი მოიტანა. სასიხარულოა, რომ ლელოთა უმეტესობა უკანახაზელებმა გაიტანეს. ახლა ოქტომბრის ტურნირისთვის მოვემზადებით, რომელსაც თავის მხრივ, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ, რომელშიც ექვსი ერის ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას” - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა.  
“ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ერთად პირველად ვითამაშეთ და ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მომავალში შეთამაშების პრობლემა აღარ გვექნება და იმედია, შედეგიც უკეთესი იქნება. ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავით მომზადებული და გამარჯვებაში ამან შეგვიწყო ხელი. მწვრთნელებმა ისეთი დავალებები მოგვცეს, რომ მათი შესრულება არ გაგვიჭირდა და შედეგიც სასურველი მივიღეთ” - დაამატა ნაკრების კაპიტანმა საბა შუბითიძემ. 
 
 
 
ზურა ქსოვრელი
 
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086081