ამბები

16:25 | 4.07.2011 | ნანახია 6144 - ჯერ

ტონგა ზევით, იაპონია ქვევით - საქართველო მეთოთხმეტეა

წყნარი ოკეანის თასის 2011 წლის გათამაშების პირველი ტურის შედეგებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამას არ მოუხდენია გავლენა საქართველოს ნაკრებზე, რომელიც 70,30 სარეიტინგო ქულით, კვლავ მე-14 საფეხურზე რჩება, ოღონდ, მისი მეზობლები შეიცვალნენ.
ტონგას ეროვნულმა ნაკრებმა 2008 წლის შემდეგ წყნარი ოკეანის თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სამი წლის წინანდელი გამარჯვებისა არ იყოს, ტონგელებმა ამჯერადაც ფიჯი შეიწირეს, ოღონდ წელს გამარჯვებას მეტოქის მოედანზე, ლაუტოკაში მიაღწიეს. ტონგელებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს, ორის საპასუხოდ 5 ლელო გაუტანეს და 45:21 იმარჯვეს. სტუმრებმა მასპინძლებს სივრცეები შეუზღუდეს, დაცვაში კარგი თამაშით გასაქანი არ მისცეს და წლევანდელი გათამაშება შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყეს.
ტონგამ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და შესვენებისას 23:9-ს იგებდა, მეორე ტაიმის განახლებიდან რამდენიმე წუთში კი, უპირატესობა უფრო მეტად გაზარდა - 33:9. ფიჯი ამის შემდეგ ამოქმედდა და ორი საპასუხო ლელო გაიტანა. ანგარიში 21:33 გახდა და მასპინძლები მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს განლაგდნენ, მესამე ლელოსთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბურთი დაკარგეს და კონტრშეტევაზე ლელო თავად მიიღეს. ამან ფიჯი საბოლოოდ გატეხა. ტონგამ მიწურულს ერთი ლელოც გაიტანა და წყნარი ოკეანის თასზე ხუთ წელიწადში თავისი მე-5 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, 4 სწორედ ფიჯისთან მატჩებზე მოდის.
გამარჯვებით დაიწყო ტიტულის დაცვა სამოას ნაკრებმაც, რომელმაც ტოკიოში იაპონიას 9700 მაყურებლის წინაშე 34:15 აჯობა. სამოელებმა მე-15 წუთამდე ორი ლელო გაიტანეს და 17:0 დაწინაურდნენ. სტუმრებმა ტაიმი 24:8 მოიგეს, თუმცა, იაპონელებმა მეორე ნახევარი პირველზე უკეთ დაიწყეს და სხვაობა 9 ქულამდე (15:24) დაიყვანეს. ამან მასპინძლები გამოაცოცხლა და დიდი ხნით მეტოქის 22-ში დაიდეს ბინა, მაგრამ ეს უპირატესობა ქულებში ვერ ასახეს, 59-ე წუთზე კი, სამოამ თავისი მორიგი ლელო გაიტანა და მეტოქეს იმედები საბოლოოდ გადაუწურა.
შედეგად, ტონგამ სარეიტინგო მონაგარს 2,73 ქულა შემატა და ერთბაშად ოთხი საფეხურით დაწინაურდა. მან საქართველოს ნაკრებსაც გადაასწრო და მე-12 პოზიციამდე აღზევდა, თუმცა, იაპონელებმა სამოასთან მარცხის გამო 1,56 ქულა დაკარგეს და მე-15 ადგილამდე დაქვეითდნენ. ფიჯის მარცხმა თითო პოზიციით დაწინაურების შანსი მისცა სამოას და იტალიას, თავად ფიჯელები კი, ახლა “ბორჯღალოსანთა” წინა, მე-13 ადგილზე არიან. 9 ივლისს წყნარი ოკეანის თასზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება, ტონგა იაპონიას, ხოლო სამოა ფიჯის ეთამაშება და სარეიტინგო ცვლილებები ერთი კვირის თავზეც მოხდება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 4 ივლისისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    93,19
2    (2). ავსტრალია    87,45
3    (3). სამხრეთ აფრიკა    86,44
4    (4). ირლანდია    82,51
5    (5). ინგლისი    82,48
6    (6). საფრანგეთი    82,06
7    (7). უელსი    79,55
8    (8). არგენტინა    78,97
9    (9). შოტლანდია    77,35
10    (11). სამოა    75,58
11    (12). იტალია    73,54
12    (16). ტონგა    71,63
13    (10). ფიჯი    71,33
14    (14). საქართველო    70,30
15    (13). იაპონია    69,89
16    (15). კანადა    69,78
17    (17). აშშ    66,78
18    (18). რუმინეთი    65,57
19    (19). რუსეთი    61,93
20    (20). ნამიბია    61,43
21    (21). პორტუგალია    60,67
22    (22). ურუგვაი    60,02
23    (23). ესპანეთი    59,43
24    (24). ჩილე    59,19
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,11
27    (27). ჰონკონგი    54,49
28    (28). ბრაზილია    54,35
29    (29). მოლდოვა    54,10
30    (30). კორეა    53,89
31    (31). ჩეხეთი    53,78
32    (32). ყაზახეთი    53,66
33    (33). უკრაინა    53,34
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080787