ამბები

18:15 | 6.07.2011 | ნანახია 5772 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” შეკრება დაიწყეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის მიერ შერჩეული 32 “ბორჯღალოსანი” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ყოველდღიურ წვრთნას გადის.
გუნდმა პირველი ბანაკი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დასცა და ავსტრალიელი ფიზმომზადების სპეციალისტის, გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით, დღეში ორ-სამჯერ ვარჯიშობს. ფიზიკური დატვირთვები 18 ივლისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც გუნდი გეზს საფრანგეთისკენ აიღებს და თვენახევრის განმავლობაში ქალაქ კანში ტაქტიკურად გაიწვრთნება.
დიქსონი თბილისში 11 ივლისს ჩამოვა და მას შემდეგ გუნდს ერთი წუთითაც არ დატოვებს. საფრანგეთში რამდენიმე საწვრთნელი შეკრებაა დანიშნული, რომელთაგან ორს, ყველაზე მნიშვნელოვანს, საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის კლუბებთან გამართავს. ერთ-ერთი მეტოქე საფრანგეთის 2010 წლის ჩემპიონი “კლერმონი” იქნება, მეორე კი, სავარაუდოდ, წლევანდელი პირველობის ფინალისტი “მონპელიე” უნდა იყოს. დიქსონი ახალ ზელანდიაში გასამგაზვრებელ ოცდაათ მორაგბეს 22 აგვისტომდე შეარჩევს და მათთან ერთად, 4 სექტემბერს გეზს ოკეანეთისკენ აიღებს.
“ახლა ფიზიკურად ვემზადებით. დღეში ორ-სამჯერ ვვარჯიშობთ და თითქმის მთელი დღე მზადებაში გადის. ოთხი წლის წინაც კარგი მოსამზადებელი პროგრამა გვქონდა და წელსაც საინტერესო ვარჯიშები გვაქვს. ახლანდელმა წვრთნამ შედეგი სექტემბერში, თამაშებზე უნდა მოგვცეს და მაშინ თუ ვიტყვით, რამდენად კარგი მომზადება გავიარეთ, თორემ ახლა რაიმე კონკრეტულზე საუბარი შეუძლებელია”, - თქვა ეროვნული გუნდის უკანახაზელმა ირაკლი მაჩხანელმა.
მსოფლიო თასისთვის შემდეგი მორაგბეები ემზადებიან: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
ხაზის მწვრთნელი: დონ კასკი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გარეთ ადამსონი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084119