ამბები

18:53 | 7.07.2011 | ნანახია 2779 - ჯერ

ბარსელონაში სამი ცვლილებით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, რომელსაც მომავალ უქმეებზე ევროპის გრან პრის მესამე ეტაპი ელის, წინა, მოსკოვის ეტაპთან შედარებით, ბარსელონაში სამი ცვლილებით მიდის.
ყველაზე დიდი სიახლე 7-კაცა ნაკრებში ფრანგული “კლერმონის” ახალგაზრდა შუამარბის, გიორგი ჯიმშელაძის გამოჩენაა. აქამდე, ახალგაზრდა ქართველ შუამარბს 7-კაცას მაისური ჯერ არ მოურგია და კახა ალანიას გუნდში დებიუტი ექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი დაახლოებით ერთი თვის წინ, ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე შედგა და სამხრეთ აფრიკის “კინგზის” წინააღმდეგ ითამაშა, რის შემდეგაც “ბორჯღალოსნების” სამსოფლიოთასო გაფართოებულ შემადგენლობაშიც მოხვდა, მაგრამ ოცდათორმეტ შერჩეულს შორის ვერ. ის ერთადერთი ლეგიონერია, რომელიც საქართველოს ღირსებას კატალონიაში დაიცავს.
ევროპის გრან პრის პირველი, ლიონის ეტაპის შემდეგ, მოსკოვში არ უთამაშიათ, მაგრამ ბარსელონაში მიდიან “ხულიგანას” უკანახაზელი გიორგი შკინინი და “ყოჩების” უკანახაზელი ალექსანდრე ნიჟარაძე. მოსკოვის ეტაპზე თავი გამოიჩინეს და ბარსელონაშიც მიდიან ლევან გოგოლაშვილი, ბექა ბიწაძე და გიორგი თხილაიშვილი. მესამე ეტაპზე უწევთ თამაში გიორგი კალმახელიძეს, ირაკლი გეგენავას, დავით ჩიტიძეს, შალვა მახარაშვილს, ალექსანდრე ტუჩაშვილს და ირაკლი ღვინჯილიას. ამრიგად, სამ-სამ მორაგბეს წარადგენენ თბილისური კლუბები “ლოკომოტივი” და “ყოჩები”, ხოლო “არმია” ორს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მობურთალი გუნდებიდან, 7-კაცა ნაკრებში ორი მორაგბე მოხვდა - ვეტერანი შკინინი და ახალგაზრდა თხილაიშვილი.
ევროპის გრან პრი ამ სახელით და ასეთი ფორმატით წელს პირველად ტარდება. 7-კაცა რაგბის ოლიმპიურ სახეობად მიღების შემდეგ, ევროპული რაგბის მმართველებმა ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო სერიებს მიამსგავსეს. ევროპის თორმეტი საუკეთესო გუნდი, ოთხივე ეტაპზე იღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანში დაკავებული ადგილის მიხედვით ქულებს იწერს, ამ ქულათა შეკრებით, ჯამში ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელი გუნდი კი, ევროპის ჩემპიონად ცხადდება. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში მოხვედრილ გუნდებს, საგაისოდ მსოფლიო სერიებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, ხოლო ორი ბოლოადგილოსანი გუნდი მომავალ წელს A დივიზიონში დაქვეითდება და მათ ადგილს იქ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები დაიკავებენ.
პირველი, ლიონის ეტაპი საქართველოს ნაკრებისთვის არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. “ბორჯღალოსნებმა” ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში წააგეს და მხოლოდ ორი მოიგეს. შედეგად, მათ V-VIII ადგილებისთვის გააგრძელეს ბრძოლა და ჯამში მეშვიდე საფეხურს დასჯერდნენ. მეორე, მოსკოვის ეტაპი უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ქართველებმა ჯგუფში ხუთიდან ოთხი თამაში მოიგეს და თასისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ. მართალია, იქ ნახევარფინალშიც დამარცხდნენ და მესამე ადგილიც დათმეს, მაგრამ მეორე ეტაპზე დაკავებულმა მეოთხე საფეხურმა, საქართველოს ნაკრებს ჯამში მეხუთე ადგილზე დამკვიდრების საშუალება მისცა და ახლა მიზანი ამ პოზიციის შენარჩუნება იქნება.
პირველი ორი ეტაპი ინგლისის ნაკრებმა მოიგო და ბარსელონაში, A ჯგუფში, ქართველთა ერთ-ერთი მეტოქე სწორედ ეს გუნდი იქნება. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ეტაპისგან განსხვავებით, ინგლისელებმა შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელეს და ახალბედებთან ერთად, გუნდში გამოცდილი მოშვიდკაცეებიც დააბრუნეს. ქართველთა გარდა, A ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის, რუმინეთის და ჰოლანდიის ნაკრებები ითამაშებენ.
ამ გუნდებიდან საქართველოს ნაკრებს წინა ეტაპებზე ინგლისისა და იტალიის წინააღმდეგ არ უთამაშიათ და მათთან ძალებს პირველად მოსინჯავენ. ქართველი მორაგბეები ბარსელონას ეტაპს სწორედ იტალიასთან ჯახით გახსნიან და ეს შეხვედრა თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება, 19:20 საათზე კი, ინგლისს დაუპირისპირდებიან. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, კახა ალანიას შეგირდების მეტოქე ის საფრანგეთი იქნება, რომელსაც ორი კვირის წინ მოსკოვში 12:5 აჯობა. ეს თამაში 21:30 საათზე იწყება, ხოლო პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩი, ქართველ მორაგბეებს 22:50 საათზე ჰოლანდიასთან ელით. წინა ორ ეტაპზე ჰოლანდიელებს ქართველები ორჯერ ეთამაშნენ, ორივეჯერ ლიონში და ჯგუფურ ეტაპზე 14:7, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის მატჩში 41:7 მოუგეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა მეორე სათამაშო დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და მეტოქე რუმინეთი იქნება. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს ლიონში 33:0 მოუგო, ხოლო მოსკოვში 21:12 აჯობა.
ამის შემდეგ, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალის და გადამწყვეტი მატჩის დრო დადგება. ბარსელონაში B ჯგუფი პორტუგალიამ, ესპანეთმა, უელსმა, რუსეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ შეადგინეს. ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი 16-17 ივლისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში შედგება.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში (ოთხ ეტაპად). III ეტაპი
ესპანეთი. ბარსელონა. 9-10 ივლისი
A ჯგუფი

ინგლისი
საქართველო
საფრანგეთი
იტალია
რუმინეთი
ჰოლანდია

9 ივლისი
საფრანგეთი - ჰოლანდია
საქართველო - იტალია
ინგლისი - რუმინეთი
იტალია - ჰოლანდია
სააფრანგეთი - რუმინეთი
ინგლისი - საქართველო
რუმინეთი - ჰოლანდია
ინგლისი - იტალია
საქართველო - საფრანგეთი
იტალია - რუმინეთი
საქართველო - ჰოლანდია
ინგლისი - საფრანგეთი
10 ივლისი
საქართველო - რუმინეთი
საფრანგეთი - იტალია
ინგლისი - ჰოლანდია

B ჯგუფი
პორტუგალია
ესპანეთი
უელსი
რუსეთი
უკრაინა
მოლდოვა

9 ივლისი
უელსი - მოლდოვა
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია - უკრაინა  
რუსეთი - მოლდოვა
უელსი - უკრაინა
პორტუგალია - ესპანეთი
უკრაინა - მოლდოვა
პორტუგალია - რუსეთი
ესპანეთი - უელსი
რუსეთი - უკრაინა
ესპანეთი - მოლდოვა
პორტუგალია - უელსი
10 ივლისი
ესპანეთი - უკრაინა
უელსი - რუსეთი
პორტუგალია - მოლდოვა

10 ივლისი. ნახევარფინალები და ფინალები

მდგომარეობა ორი ეტაპის შემდეგ

1 ინგლისი 36 (18+18)
2 ესპანეთი 31 (16+15)
3 პორტუგალია 30 (14+16)
4 საფრანგეთი 27 (15+12)
5 საქართველო 22 (8+14)
6 რუსეთი 20 (12+8)
7 უელსი 20 (10+10)
8 იტალია 10 (4+6)
9  ჰოლანდია 7 (6+1)
10 რუმინეთი 6 (2+4)
11 უკრაინა 6 (3+3)
12 მოლდოვა 3 (1+2)



ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082653