ამბები

12:52 | 8.07.2011 | ნანახია 2380 - ჯერ

ტრავმები თუ ფალსიფიკაცია

 

ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სპრინბოკოს” ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 21 მორაგბე, “სამი ერის” პირველ ორ შეხვედრას ტრავმების გამო გამოტოვებდა.

აფრიკელი ექიმების ცნობით, კეიპტაუნში ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ, ნაკრების წევრთა უმრავლესობას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღმოუჩინა და მათ აღდგენითი კურსის გავლა დაეკისრათ.
ტრავმირებულ მორაგბეებს შორის არიან ფური დიუ პრი (მუხლი), სკალკ ბურგერი (ხელის დიდი თითი), ვიქტორ მეტფილდი (კისერი), ფრანსუა შტეინი (ტერფი და წელი), ჟაკ ფური (საზარდული), ჟან დე ვილერსი (საზარდული), ჟუან სმიტი (აქილევსის მყესები), ბისმარკ დიუ პლესი (მხარი), ანდრის ბეკერი (მხარი, საზარდული და ტერფი), ბაჩ ჯეიმსი (მუხლი), ტენდაი მტავარირა (მუხლქვეშა მყესები), ბრაიან ჰაბანა (მხარი), ბეკის ბოტა (მუხლი)...
სამხრეთაფრიკელი ექიმების დასკვნას არ ეთანხმება ავსტრალიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ონილი და ამბობს, რომ საქმე ფალსიფიკაციასთან გვაქვს: “დარწმუნებული ვარ, “სამი ერის” ორგანიზატორები აფრიკელი მორაგბეების ტრავმების სიმრავლესთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებენ” - ამბობს ონილი.
ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ “სპრინბოკის” მორაგბეების ტრავმებთან დაკავშირებით, მათმა კლუბებმა სულ რამდენიმე მოთამაშეზე გაავრცელეს ცნობა და მათი რაოდენობა მხოლოდ ნაკრების შეკრების დაწყების შემდეგ გაიზარდა. ავსტრალიელთა მტკიცებით, ეს ერთგვარი ხრიკი უნდა იყოს. 2007 წლის მსოფლიო თასის წინ, სამხრეთ აფრიკამ მსგავს მეთოდს მიმართა, მოთამაშეთა ტრავმების მომიზეზებით, ისინი “სამი ერის” შეხვედრებში არ ათამაშა და დასვენების საშუალება მისცა.
“სამი ერის” წლევანდელი გათამაშება სტარტს 23 ივლისს აიღებს და გახსნით მატჩში, სამხრეთ აფრიკა სიდნეიში ავსტრალიას ეთამაშება. აფრიკელებს მეორე შეხვედრა ერთი კვირის თავზე, ასევე სტუმრად, ახალ ზელანდიასთან ველინგტონში უწევთ.  


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090632