საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა. ევროპის გრან პრის მესამე, ბარსელონას ეტაპზე, სავიზო პრობლემების გამო ვერ გაემგზავრნენ საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წევრები - ლევან გოგოლაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი) და გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი).
მათ ნაცვლად, კატალონიაში საქართველოს ღირსებას დაიცავენ ვახტანგ კავთიძე, გიორგი კობერიძე და რატი ნუცუბიძე. კავთიძე და კობერიძე თბილისის “ლოკომოტივის” უკანახაზელები არიან. კობერიძემ ორივე წინა ეტაპზე ითამაშე, ლიონშიც და მოსკოვშიც, კავთიძე კი, გამოძახებულთა შორის პირველად მოხვდა. 7-კაცაში პირველად უხმეს “არმიას” უკანახაზელ რატი ნუცუბიძესაც.
შეგახსენებთ, რომ ორი ეტაპის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევროპის გრან პრის საერთო ჩათვლაში 22 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. ქართველებმა ლიონში მეშვიდე ადგილი დაიკავეს, ხოლო მოსკოვში თასის ნახევარფინალში გააღწიეს და მეოთხე ადგილს შეწვდნენ. მესამე, ბარსელონას ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მეტოქეები გრან პრის ერთპიროვნული ქულათა მაქსიმუმით ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი და ჰოლანდია იქნებიან. მეორე ჯგუფში პორტუგალიის, ესპანეთის, უელსის, რუსეთის, უკრაინისა და მოლდოვას გუნდები თამაშობენ. შეხვედრები 9-10 ივლისს გაიმართება, ხოლო გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპს, 16-17 ივლისს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია