საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, დღეს, მსოფლიო თასისთვის მზადებაში მყოფი “ბორჯღალოსნების” საწვრთნელ პროცესს ეწვია.
მან და მისმა მოადგილემ, დავით ნამგალაურმა, სათითაოდ ყველა მორაგბე გულთბილად მოიკითხეს, შემდეგ კი, ერთი კონკრეტული მათგანი - მამუკა გორგოძე “გამოიძახეს” და მინისტრმა მას ქართულ სპორტში უმაღლესი ჯილდო - საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. ფრანგულად “გოძილამ”, ხოლო ქართულად “გულივერამ”, სიგელი და მედალი კი მიიღო, მაგრამ როგორც მორიდებულმა პიროვნებამ, კომენტარებისგან თავი შეიკავა.
ეს ვარჯიშის დაწყებამდე მოხდა, თავად ვარჯიში კი... ძლიერმა სიცხემ თითქმის უმოძრაოდ მომლოდინე ჟურნალისტები და თვით მინისტრიც შეაწუხა, არადა, მორაგბეებმა, ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელის, ავსტრალიელი გარეთ ადამსონის მითითებებით, საათზე მეტხანს, უწყვეტ რეჟიმში, უმძიმესი ფიზიკური დავალებები შეასრულეს. ადამსონმა პირობა დადო, ვარჯიშების დატვირთვა გაიზრდებაო და გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეში სამჯერად ვარჯიშებს ატარებენ.
გორგოძისთვის სპორტის რაინდის წოდების ოფიციალურად მინიჭებამდე, მინისტრმა მორაგბეებს შემდეგი სიტყვით მიმართა: “თქვენ ახლა მსოფლიო თასისთვის ემზადებით და მწამს, იქ მაქსიმუმს გააკეთებთ, რათა თქვენი ქვეყანა ასახელოთ. პირადად მე, თქვენთვის, მინისტრის გარდა, ყველაფერი ვარ, მეგობრად მიგულეთ და ვეცდები, ნებისმიერი პრობლემა უმოკლეს დროში მოგიგვაროთ. გორგოძე საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის საუკეთესო ლეგიონერი გახდა და მას სპორტში უმაღლეს ჯილდოს, სპორტის რაინდის წოდებას ვანიჭებთ. მწამს, ამ ჯილდოს ყველა თქვენთაგანი სულ მალე დაიმსახურებს”.
ცნობისათვის, სპორტის რაინდის ჯილდო ახლახანს დაწესდა და მისი მფლობელი მხოლოდ 30 მოქმედი თუ ყოფილი სპორტსმენია. ამ ოცდაათ ადამიანში, ნახევარზე მეტი თბილისის “დინამოს” ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თასების თასი აღმართეს, დანარჩენ რაოდენობას კი, ოლიმპიური ჩემპიონები ავსებენ. გორგოძე პირველი მორაგბეა, რომელმაც სპორტის რაინდის წოდება დაიმსახურა (მართლაც რომ დაიმსახურა!!! - რედ.) და იმედია, წელსვე, მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ასეთი მორაგბეების რიცხვი გაიზრდება.
სხვა მხრივ, ავსტრალიელი ფიზმომზადების მწვრთნელი გარეთ ადამსონი ვარჯიშებს უფრო და უფრო ართულებს და გუნდი მხოლოდ მსოფლიო თასის რეჟიმით ცხოვრობს.
“ეს ფიზმომზადების პირველი ეტაპია. ორი კვირის შემდეგ, გუნდი საფრანგეთში გადაინაცვლებს და პირველ ეტაპზე, უმთავრესი ყურადღება იქაც ფიზმომზადებას მიექცევა. ნელ-ნელა, პროცენტულად, ფიზმომზადება მოიკლებს და ბურთით ვარჯიში მოიმატებს. ასე გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე. ამ სიცხეში ბიჭები სამჯერ ვარჯიშობენ, მაგრამ რაც აუცილებელია, ის გაკეთდება”, - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ.
უნდა ითქვას, რომ მოედანზე, საერთო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ყველა, 32 მორაგბეს. მალხაზ ურჯუკაშვილთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათელია, მან კუნთი გაიჭიმა და ჯერჯერობით, ინდივიდუალური წვრთნით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ძუნძულით შემოიფარგლება. დანარჩენებიდან კი, მწვრთნელმა ზოგიერთს მხოლოდ ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიში მიუსაჯა, ხოლო უმრავლესობა მოედანზე გაიყვანა.
“დღეში სამჯერ ვვარჯიშობთ და ცოტა არ იყოს, დამღლელი გრაფიკია, მაგრამ ყველაფერს გავუძლებთ. პირველი ორი კვირა თბილისში მოვემზადებით და აქ უმთავრესი აქცენტი სწორედ ფიზმომზადებაზე იქნება. 18 ივლისს საფრანგეთში მივემგზავრებით და იქ, დაახლოებით თვენახევარს გავატარებთ. საფრანგეთში 3 ტესტ-მატჩი გვაქვს დაგეგმილი. ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარით მიმდინარეობს და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ახალ ზელანდიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ” - დაამატა ფრანგული “კლერმონის” ახალგაზრდული გუნდისა და ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ვიტო კოლელიშვილმა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია