საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ნიცას” უკანახაზელი, შუამარბი დავით კაჭარავა, მზადების ამ ეტაპზე კმაყოფილია, მაგრამ ნაადრევი დასკვნის გაკეთებისგან თავს იკავებს.
26 წლის მორაგბეს “ბორჯღალოსანთა” მაისურით 43 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ზურგს ოთხი წლის წინ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე მიღებული გამოცდილება უმაგრებს. მაშინდელთან შედარებით, ახლა საქართველოს ნაკრებს უკეთესი მოსამზადებელი პირობები აქვს და ჯერჯერობით ვარჯიშებითაც კმაყოფილია, მაგრამ ამ წვრთნამ შედეგი სექტემბერ-ოქტომბერს უნდა მოიტანოს და სწორედ იყო თუ არა დაგეგმილი ფიზმომზადება, ესეც მხოლოდ ამ პერიოდში გამოჩნდება.
ჯერჯერობით გუნდი თბილისში, ავსტრალიელი ფიზმომზადების სპეციალისტის, გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით ემზადება. ამ ეტაპზე გუნდი მხოლოდ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესაბეზე მუშაობს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი თბილისში 11 სექტემბერს ჩამოვა, გუნდი კი, 18 ივლისს შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრება.
დავით კაჭარავა: დაიწყო 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი შეკრება. მძიმე ვარჯიშებია, მით უმეტეს, რომ თბილისში ძალიან ცხელი დღეებია. მიუხედავად ამისა, ეროვნული ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობითაა შეკრებილი და მაქსიმალური მობილიზებით ემზადება. ვეცდებით, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ფორმის პიკზე ვიყოთ და რა იქნება, ეს უკვე ახალ ზელანდიაში გამოჩნდება.
- ჯერ მხოლოდ ფიზიკურ მზადებას გადიხართ. ტაქტიკაზე როდიდან იმუშავებთ?
- 18 ივლისს საფრანგეთში მივემგზავრებით შეკრებაზე, სადაც სექტემბრის დასაწყისამდე გავჩერდებით. პირველი რამდენიმე კვირა იქაც ფიზიკურ მომზადებაზე და ტექნიკურ ნიუანსებზე ვიმუშავებთ და ნელ-ნელა გადავალთ ტაქტიკურ მზადებაზე.
- ყველაფერი ისეა გაწერილი, რომ მსოფლიო თასს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებით?
- ყველაფერი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ასე მოხდეს. როდესაც ტაქტიკაზე გადავალთ, ფიზიკური მზადება აღარ დაგვჭირდება და სრულ ენერგიას კომბინაციების დამუშავებას მოვახმართ. საფრანგეთში ორი, ან სამი საკონტროლო თამაშიც გვექნება, სავარაუდოდ Top14-ის გუნდებთან.
- თქვენ წინა მსოფლიო თასზეც ითამაშეთ. რა სხვაობაა ახლანდელი და ოთხი წლის წინანდელ მზადებას შორის?
- ყველაზე დიდი სხვაობა პირობებშია. ასეთი მოედანი და სატრენაჟორო დარბაზი 2007 წელს არ გვქონდა. შესაბამისად, მეტი ხალისით ვემზადებით და პროფესიონალიზმიც უფრო მაღალია. ყველანაირი პირობა გვაქვს საიმისოდ შექმნილი, რომ მხოლოდ დასვენებაზე და ვარჯიშზე ვიფიქროთ.
- მწვრთნელებს შორის თუა სხვაობა?
- მწვრთნელები მოგვიანებით, მსოფლიოს შემდეგ გამოჩნდება. როგორი შედეგიც იქნება... ვარჯიშები მშვენივრად მიდის, ჯერჯერობით კმაყოფილები ვართ ყველაფრით, მაგრამ მთავარია შედეგი. ახლა რაც არ უნდა ივარჯიშო, შეიძლება მსოფლიოზე მიხვიდე და “აფეთქდე”, თამაშებს ყველაზე ცუდ ფორმაში შეხვდე. მთავარია, სწორად გათვალო მზადება და იმ დროს, იმ საჭირო მომენტში, იყო ყველაზე მაგრად. ადამიანის დაღლა ადვილია, მაგრამ ამაზე არაა გათვლა. საფინალო შედეგი თუ დაფიქსირდა კარგი, ვიტყვით, რომ მწვრთნელებიც კარგები არიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია