ამბები

14:44 | 9.07.2011 | ნანახია 3581 - ჯერ

ურჯუკაშვილი ორ კვირაში მწყობრში იქნება

 

 საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “გურდონის” უკანახაზელი, ფულბეკი (15 ნომერი) მალხაზ ურჯუკაშვილი, პარასკევის ვარჯიშზე, მაშინ, როდესაც ფიზმომზადების მწვრთნელი გარეთ ადამსონი დანარჩენ “ბორჯღალოსნებს” სიქას აცლიდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და მხოლოდ მსუბუქი ძუნძულით შემოიფარგლებოდა.
30 წლის ურჯუკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბეა მათ შორის, რომლებიც ახალ ზელანდიაში გასამგზავრებელ მორაგბეთა სიაში მოხვდა. დიქსონის მიერ შეკრებილ 32 მორაგბეში, რომელთაგან საბოლოოდ 30 უნდა შეირჩეს, მალხაზზე მეტი შეხვედრა ნაკრებში მხოლოდ გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს აქვს ჩატარებული. ქართველმა ფულბეკმა ნაკრების კვართი 67 შეხვედრაში მოირო და არა მხოლოდ ამ ფორმირების, მთლიანად დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში, “ბორჯღალოსანთა” საუკეთესო მექულეა. მის ანგარიშზე პალიკო ჯიმშელაძის მსგავსად 320 ქულაა, და თუ ტრავმამ ხელი არ შეუშალა, თამასას ახალ ზელანდიაში კიდევ უფრო გაზრდის. აღსანიშნავია, რომ მალხაზმა ქულათა მარაგის ნაწილი 18 ლელოს გატანით მოაგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მამუკა გორგოძეს ჩამორჩება, რომელმაც “ბორჯღალოსნების” მაისურით 19 ლელო გაიტანა (აქედან 2 საჯარიმო ლელო). 
ურჯუკაშვილს ორივე წინა მსოფლიო თასი აქვს მოვლილი, ასეთი კი, გუნდში მხოლოდ ცხრა მორაგბეა. მალხაზმა შეკრეების დაწყებისთანავე, პირველივე ვარჯიშზე ფეხის კუნთი გაიჭიმა. მან ძუნძული ახლაღა განაახლა, ტკივილები ჯერ კიდევ აწუხებს, მაგრამ ექიმები და თავად ისიც ვარაუდობენ, რომ ორ კვირაში ყველაფერი რიგზე იქნება. ძუნძულის შემდეგ ურჯუკაშვილმა, რომელსაც 31 წელი გაგანია მსოფლიო თასის მსვლელობისას შეუსრულდება, სტადიონის ტერიტორია მტკივან ფეხზე ყინულდადებულმა დატოვა, მანამდე კი, “მსოფლიო სპორტს” გაესაუბრა.  
მალხაზ ურჯუკაშვილი: სამწუხაროდ, პირველივე ვარჯიშზე, მესამე აჩქარებისას კუნთი გავიჭიმე. გუშინ გადავიღე სურათი, საბედნიეროდ კუნთი გაწყვეტილი არაა, უბრალოდ დაჭიმულობაა, მაგრამ მაინც დრო ჭირდება, რომ ის ფორმაში ჩადგეს. ჯერჯერობით ტკივილები ისევ მაწუხებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი-სამი კვირა დაჭირდება. გამოჯანმრთელების სიჩქარე ადამიანის ორგანიზმზეც არის დამოკიდებული. რადგან მეოთხე დღეს ძუნძული დავიწყე, ვფიქრობ, კარგი შედეგია და ჩემი აზრით ორ კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიში უნდა შევძლო. 
- დღეს გაწუხებდათ ტკივილი?
- აჩქარებისას მტკიოდა. როდესაც ვძუნძულებდი, პრობლემა არ მქონდა, მაგრამ მცირე აჩქარებისთანავე კუნთი ისევ იჭიმებოდა და ტკივილი მაწუხებდა. რაც მთავარია, შიგნით არაფერი არაა და მხოლოდ ზედაპირული ტკივილი და დაჭიმულობაა. ვფიქრობ, ორ კვირაში პრობლემა არ მექნება.
 
ზურა ქსოვრელი   
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080351