საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მესამე, ბარსელონას ეტაპზე, მესამე შეხვედრა გამართა და მესამე მარცხი განიცადა. ამრიგად, კახა ალანიას შეგირდებმა, თასის ნახევარფინალში გასვლის შანსი, პრაქტიკულად დაკარგეს და ახლა ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილის დასაკავებლად თუ იბრძოლებენ.
ისე მოხდა, რომ ქართველ მორაგბეებს პირველი სამი თამაშის გამართვა ექვსი ერის წარმომადგენლებთან მოუწიათ. იტალიასთან 5:12 მარცხის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ინგლისთან 7:33 განადგურდნენ. მესამე თამაში ქართველებს იმ საფრანგეთთან უწევდათ, რომელსაც ორი კვირის წინ მოსკოვში 12:7 სძლიეს, მაგრამ ამჯერად იგივე აღარ განმეორდა და ფრანგებმა 12:0 იმარჯვეს. დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართავს და ის 22:50 საათზე დაიწყება. ალანიას შეგირდებს მეტოქის უცილობლად დამარცხება მართებთ, რათა ტურნირზე V-VIII ადგილების დაკავების შანსი შეინარჩუნონ.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია