საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი, თავისი პირველი მსოფლიო თასისთვის ემზადება. 25 წლის მორკინალს, დღემდე, ეროვნული გუნდის მაისური 17 შეხვედრაში აქვს მორგებული და იმედოვნებს, რომ მათ რიცხვს მსოფლიო თასზე გაზრდის.
გასული სეზონი ქუბრიაშვილისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა პირველხაზელმა თოპ 14-ის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდ “ტულონში”, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, ადგილი მყარად დაიმკვიდრა და საფრანგეთის ელიტარული ჩემპიონატის თითქმის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების პირველ ხაზში დიდი კონკურენციაა, მთავარმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა მას ეროვნულ გუნდში უხმო და ქუბრიაშვილიც დიდი მონდომებით ემზადება.
დავით ქუბრიაშვილი: შესანიშნავ განწყობაზე ვართ. შეკრება დავიწყეთ ორშაბათს. თავიდან მსუბუქი ვარჯიშები გვქონდა და უკვე დღეისათვის, პიკს მიაღწია დაღლილობამ. საკმაოდ კარგი სპეციალისტი ჩანს ფიზმომზადების მწვრთნელიც. დრო გვაქვს და ჩვენც სრული მონდომებით ვემზადებით.
- ამბობთ, ადამსონი კარგი სპეციალისტიაო. “ტულონში” მაღალი დონის ფიზმომზადების მწვრთნელი გეყოლებათ, ავსტრალიელიც მათსავით პროფესიონალია?
- ჯერჯერობით, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ერთი კვირაც არაა, რაც ვარჯიში დავიწყეთ. დაახლოებით ორ თვეში შეიძლება ადამსონის პროფესიონალიზმის და დონის შეფასება. რამდენად სწორად ვიქნებით მომზადებული, ეს მსოფლიო თასზე, თამაშებისას გამოჩნდება.
- გუნდში როგორი განწყობაა, რას ამბობენ ბიჭები, რამდენი თამაშის მოგება იქნება რეალური ახალ ზელანდიაში?
- პროგრამა-მინიმუმი რუმინეთთან მოგებაა, ხოლო მაქსიმუმი - კიდევ ერთ შეხვედრაში გამარჯვება. მეორე გუნდი, რომლის დამარცხებაზეც ვფიქრობთ, შოტლანდიის ნაკრებია. არ ვიცი, რა მიზნებს ისახავდა გუნდი გასულ მსოფლიო თასებზე, რადგანაც მაშინ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, შედარებით პატარა ვიყავი და ვერ გეტყვით, გუნდში რა ხდებოდა. წლევანდელ მიზნებში, თავისთავად იგულისხმება ისიც, რომ ყველა თამაში მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.
- რატომ ფიქრობთ, რომ მეორე გუნდი, ვისი დამარცხებაც შეიძლება, შოტლანდიის ნაკრებია? შოტლანდიელებმა ხომ არგენტინელებს ბოლო ორი შეხვედრა, არგენტინაში მოუგეს.
- მაინც ვფიქრობთ, რომ ინგლისთან და არგენტინასთან შედარებით, უფრო რეალური შოტლანდიის დამარცხებაა.
- თქვენ პირველი ქართველი ხართ, რომელმაც “ბარბაროსების” შემადგენლობაში ითამაშა.
- როგორც ყოველთვის, “ბარბაროსებში” განწყობა იყო სახალისო, საზეიმო და ყველა მომართული იყო იმისათვის, რომ კარგი თამაში ეჩვენებინა. ჩემდა საბედნიეროდ, ამ გუნდში თამაშის პატივი წილად მეც მხვდა და პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც “ბარბაროსების” მაისური მოვირგე.
- რაიმე რიტუალი ხომ არ აქვთ იმათთვის, ვინც “ბარბაროსებში” პირველად თამაშობს?
- “ბარბაროსებში”, რომელთა შორის ახლაც მრავლად იყვნენ გამორჩეული სახეები, სახალისო რიტუალი არ სრულდება. უბრალოდ, მატჩის წინაც კი, ერთობი და კარგ ხასიათზე ხარ, რაც ჩვეულებისამებრ, კლუბებში არ ხდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია