ამბები

21:41 | 10.07.2011 | ნანახია 2206 - ჯერ

ესპანეთში მე-10 გვერგო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის მე-3, ბარსელონას ეტაპზე, მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა. IX ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, ქართველმა მორაგბეებმა 3 ლელო გაიტანეს და 2 რეალიზაცია გამოიყენეს, რაზეც უელსელებმა 5 ლელოთი და 4 გარდასახვით უპასუხეს და კახა ალანიას შეგირდები 33:19 დაამარცხეს.
ამრიგად, მე-3 ეტაპი “ბორჯღალოსნებისთვის” ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. ლიონში დაკავებული მე-7, ხოლო მოსკოვში მე-4 ადგილის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა დიდი ვარდნა განიცადა და ბარსელონაში შვიდიდან ხუთ მატჩში დამარცხდა, ერთში იმარჯვა და ერთიც ფრედ დაასრულა.
მთლიანობაში, ეს ეტაპი სენსაციური აღმოჩნდა და ბლომად უცნაური შედეგები დაფიქსირდა. დაახლოებით საათნახევარში, თასისათვის რუსეთისა და იტალიის ნაკრებები იბრძოლებენ, რომლებმაც ნახევარფინალში, შესაბამისად, ინგლისი 17:14 და პორტუგალია 12:7 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ზაზა ლეჟავას გაწვრთნილმა უკრაინამ, რომლის შემადგენლობაში ქართველი მორაგბეებიც გამოდიან, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას 10:0, ხოლო V-VIII ადგილებისათვის გამართულ ნახევარფინალში საფრანგეთს 14:12 სძლია.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084942