ამბები

15:26 | 11.07.2011 | ნანახია 2423 - ჯერ

ბუქარესტში მასპინძელთან

 

მომავალ უქმეებზე საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები დანარჩენ თერთმეტ უძლიერეს ევროპულ გუნდთან ერთად, ევროპის გრან პრის დასკვნით, მე-4 ეტაპზე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ითამაშებს.
იქ კახა ალანიას შეგირდები B ჯგუფში მასპინძელთა ნაკრებთან, იტალიასთან, პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და უკრაინასთან ითამაშებენ. A ჯგუფში რუსეთი, ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, უელსი და მოლდოვა მოხვდნენ. ამ ეტაპის შემდეგ საერთო ცხრილი საბოლოო სახეს მიიღებს და ყველაზე მეტი ქულის მქონე გუნდი ევროპის ჩემპიონად გამოცხადდება, ხოლო ბოლო ორ ადგილზე გასული ნაკრები ქვედა დივიზიონში გავარდება. ამასთან, საერთო შედეგების მიხედვით გაირკვევა იმ ნაკრებების ვინაობა, რომლებიც მომავალ წელს მსოფლიო სერიებში მიიღებენ მონაწილეობას.
განვლილ სამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. ლიონში დაკავებული მე-7 ადგილის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა მოსკოვში შედეგი მკვეთრად გააუმჯობესეს და ეტაპი მე-4 ადგილზე დაასრულეს, მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ბარსელონაში კრახი განიცადეს და მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდნენ. უნდა ითქვას, რომ ბუქარესტის ეტაპი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ალანიას შეგირდებს ბოლო ორ პოზიციამდე დაქვეითება აღარ ემუქრება, თუმცა არც პირველობის, ან საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი შერჩათ და სავარაუდოდ, ჯამში ადგილს ცხრილის შუა ნაწილში დაიკავებენ.
 
მდგომარეობა სამი ეტაპის შემდეგ
 
1. ინგლისი - 50 (18+18+14)
2. პორტუგალია - 45 (14+16+15)
3. ესპანეთი - 43 (16+15+12)
4. რუსეთი - 38 (12+8+18)
5. საფრანგეთი - 35 (15+12+8)
6. იტალია - 26 (4+6+16)
7. საქართველო - 25 (8+14+3)
8. უელსი - 24 (10+10+4)
9. უკრაინა - 16 (3+3+10)
10. ჰოლანდია - 13 (6+1+6)
11. რუმინეთი - 8 (2+4+2)
12. მოლდოვა - 4 (1+2+1)
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082393