ამბები

17:45 | 11.07.2011 | ნანახია 5309 - ჯერ

ოკეანელებმა საქართველო დააქვეითეს

წყნარი ოკეანის თასის მეორე ტური ისეთი შედეგებით დასრულდა, რომ მსოფლიოს საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში განხორციელებულმა ცვლილებებმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთი საფეხურით დააქვეითა. მართალია, “ბორჯღალოსანთა” მონაგარი 70,30 ქულა დარჩა, მაგრამ იაპონიამ გადაასწრო და მე-13 საფეხურამდე აღზევდა. ამ კვირაში სწორედ იაპონია იყო ის ერთადერთი გუნდი, რომელმაც რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა განიცადა და ერთბაშად ორი საფეხურით წაიწია.
წყნარი ოკეანის თასის მეორე ტურში იაპონელები, რომლებიც პირველ ტურში სამოასთან ტოკიოში დამარცხდნენ, ფიჯის დედაქალაქ სუვაში ტონგას დაუპირისპირდნენ, რომელსაც პირველ ტურში ფიჯი ჰყავდა განადგურებული 45:21. ეს გუნდები 2011 წლის მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში არიან და მათი დაპირისპირება ერთგვარი დაზვერვის ტოლფასი იყო. აღსანიშნავია, რომ სუვას ნაციონალურ სტადიონზე იაპონელმა გულშემატკივრებმა მრავლად მოიყარეს თავი და მათდა გასახარად, აზიელები მალევე ლელოთი დაწინაურდნენ და რეალიზაციაც გამოიყენეს.
ამას ტონგელთა გააქტიურება მოყვა, რომლებმაც ჯერ ჯარიმით შეამცირეს სხვაობა, მერე ლელო გაიტანეს და დაწინაურდნენ, გარდასახვა ზუსტი იყო, სულ მალე კი, მათ მეორე ლელოც გაიტანეს, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და ანგარიში 17:7 გახდა. იაპონელებმა სხვაობის შემცირება ზედ შესვენების წინ მოახერხეს, ლელო გაიტანეს, რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დავიდა. სუვას თაკარა მზის ქვეშ, მეორე ტაიმი იაპონელებმა მეტოქეზე ბევრად უკეთ დაიწყეს და მალე კიდევ ორი ლელო გაიტანეს, დარტყმებიც არ გააფუჭეს და ახლა მათ მოიპოვეს მნიშვნელოვანი უპირატესობა - 28:17. სულ ბოლოს ტონგელებმა მოინდომეს, მაგრამ იაპონელთა დაცვის გარღვევა ვერ მოახერხეს და სხვაობა 8 ქულამდე ჯარიმით დაიყვანეს. მერე ისინი აზიელთა 22-ში დასახლდნენ და ათწუთიანი ჭიდილის შემდეგ ლელოც გაიტანეს, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და რეალიზაციით ისღა შეძლეს, რომ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ - 27:28.
ამრიგად, ამ გამარჯვების წყალობით, იაპონელებმა 1,17 სარეიტინგო ქულა მიიღეს და მე-15-დან მე-13 საფეხურამდე აღზევდნენ. მანამდე მე-12 ადგილზე მყოფმა ტონგამ ამდენივე ქულა და ორი ადგილი დაკარგა, მაგრამ ერთი კვირის წინანდელი მისი წინსვლა, უფრო შთამბეჭდავი იყო და საქართველოს წინ, მეთოთხმეტე ადგილზე დამკვიდრდა. ტონგელები “ბორჯღალოსნებს” სულ რაღაც 0,15 ქულით უსწრებენ და შესაძლოა, ერთ კვირაში კვლავ ქართველების ქვევით აღმოჩნდნენ.
წყნარი ოკეანის თასის მეორე შეხვედრასაც სუვამ უმასპინძლა და კვლავ ისეთი გუნდები არკვევდნენ ურთიერთობას, რომლებიც დაახლოებით ორ თვეში, მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში ითამაშებენ. ანგარიში მასპინძლებმა, ფიჯელებმა გახსნეს, როდესაც შეტევა თავისი 22-დან წამოიწყეს და სამოას ლელო დაუდეს, ზედა ზუსტი რეალიზაცია მიაყოლეს. სამოამ სხვაობა ორი ჯარიმით შეამცირა, თუმცა, მერე შერკინებაში დაჯარიმდა და ამჯერად ჯარიმით მასპინძლებმა იხეირეს - 10:6. მალე წყნარი ოკეანის თასის მოქმედმა მფლობელმა სამოამ ლელო გაიტანა და წინ გაიჭრა, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, მერე ამ გუნდის მორაგბე სინბინით დაისაჯა და ზედ შესვენების წინ ფიჯიმ ლელოთი ლიდერობა დაიბრუნა, რეალიზაციის შემდეგ კი, ტაიმი 17:11 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფიჯელებმა სტუმრები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და კიდევ ერთი ლელო გაიტანეს. სამოელებმა სიტუაციის შეცვლა ცვლილებებით სცადეს და მეტოქის 22-შიც შეაღწიეს, მაგრამ იქ მასპინძლებმა ბურთი ჩაჭრეს და ლელო ძელებსშუა გაიტანეს - 29:11. სტუმრებმა ერთი ლელოს გატანა მართლაც მოახერხეს, მაგრამ ფიჯის უკვე დიდი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული. თამაშის მიწურულს მასპინძელმა გუნდმა თავისი მორიგი ლელო მიითვალა და 36:18 იმარჯვა.
ამ წაგებით სამოამ 1,68 სარეიტინგო ქულა კი დაკარგა, მაგრამ იტალიის წინ კვლავ მე-10 ადგილზე რჩება. სამაგიეროდ, ერთი საფეხურით დაწინაურდა ფიჯი, მე-12 ადგილზე ასკუპდა და იტალიას და სამოას მიუახლოვდა. წყნარი ოკეანის თასის დასკვნითი, მესამე ტური 13 ივლისს გაიმართება. ამჯერად ფიჯის მეორე ქალაქ ლაუტოკაში ტონგა სამოას ეთამაშება, იაპონია კი, ფიჯის. თუ ტონგა და იაპონია 15 ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხდებიან, მაშინ საქართველოს ნაკრები ორივე მათგანს მოიტოვებს და მისთვის სარეკორდო მე-13 საფეხურამდე აღზევდება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 11 ივლისისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    93,19
2    (2). ავსტრალია    87,45
3    (3). სამხრეთ აფრიკა    86,44
4    (4). ირლანდია    82,51
5    (5). ინგლისი    82,48
6    (6). საფრანგეთი    82,06
7    (7). უელსი    79,55
8    (8). არგენტინა    78,97
9    (9). შოტლანდია    77,35
10    (10). სამოა    73,90
11    (11). იტალია    73,54
12    (13). ფიჯი    73,02
13    (15). იაპონია    71,06
14    (12). ტონგა    70,45
15    (14). საქართველო    70,30
16    (16). კანადა    69,78
17    (17). აშშ    66,78
18    (18). რუმინეთი    65,57
19    (19). რუსეთი    61,93
20    (20). ნამიბია    61,43
21    (21). პორტუგალია    60,67
22    (22). ურუგვაი    60,02
23    (23). ესპანეთი    59,43
24    (24). ჩილე    59,19
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,11
27    (27). ჰონკონგი    54,49
28    (28). ბრაზილია    54,35
29    (29). მოლდოვა    54,10
30    (30). კორეა    53,89
31    (31). ჩეხეთი    53,78
32    (32). ყაზახეთი    53,66
33    (33). უკრაინა    53,34
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07926