წყნარი ოკეანის თასის 2011 წლის გათამაშების ბოლო ტურში ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები კვლავ მე-15 საფეხურზე დარჩება და მეტოქეებს კიდევ უფრო ჩამორჩება. დასკვნით მატჩებში ტონგამ და იაპონიამ გამარჯვებები მოიპოვეს და ახლა მათ წინსვლა გარანტირებული აქვთ.
რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს, ფიჯის ქალაქ ლაუტოკაში გამართულ პირველ მატჩში ტონგამ სამოას 29:19 სძლია და მეორე შეხვედრის შედეგს დაელოდა. მასში იაპონიამ მასპინძელთა ნაკრებს 17 წლის შემდეგ პირველად აჯობა - 24:13 და რადგან პრემიალური ქულის აღებაც მოახერხა, ტონგას ქულებით გაუთანაბრდა. დებულების თანახმად, გამარჯვებულის გამოსავლენად ამოქმედდა პუნქტი, სადაც უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს ენიჭებოდა. 4 დღით ადრე იაპონიამ ტონგა მინიმალური სხვაობით - 28:27 დაამარცხა და ამრიგად, წყნარი ოკეანის თასი პირველად დაისაკუთრა.
ტურნირის ბოლო სათამაშო დღეს, ჩემპიონობის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა. თავდაპირველად მოედანზე ტონგა და იმ დროს თასის მოქმედი მფლობელი სამოა გავიდნენ. ტონგელებმა ანგარიში პირველსავე წუთზე ჯარიმით გახსნეს, სამოამ მალევე გაათანაბრა და წინ გასვლის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა გაუფუჭდა. მე-16 წუთზე ფიჯიმ მეორე ჯარიმა გაიტანა და ისევ დაწინაურდა, მაგრამ ერთ წუთში სამოელებისგან ლელო მიიღო და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა - 6:10. კურტ მორატიმ ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე მე-20 წუთზე დაიყვანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, ტონგელებმა ლელო გაიტანეს, მორატიმ რეალიზაციაც გამოიყენა და სამიოდე წუთში მონაგარს ჯარიმაც შემატა, რითაც თავის გუნდს პირველი ნახევარი 19:10 მოაგებინა.
ტონგელებმა იცოდნენ, რომ თუ შეხვედრას ისე მოიგებდნენ, რომ პრემიალურ ქულასაც აიღებდნენ, ანუ 4 ლელოს გაიტანდნენ, მათ პირველობას აღარაფერი დაემუქრებოდა, რადგან მეტოქეთათვის მიუწვდომელები გახდებოდნენ, მაგრამ ამის ფიქრის საშუალება სამოამ მეორე ნახევრის საწყის მეოთხედში არ მისცა. წყნარი ოკეანის თასის 2010 წლის მფლობელებმა მეტოქე შეავიწროვეს და დებიუტშივე ორი, ხოლო მე-60 წუთზე მესამე ჯარიმა გაუტანეს და წონასწორობა აღადგინეს. თითქოს სიტიუაცია შეიცვალა, მაგრამ მერე ტონგამ ძალები მოიკრიბა, 67-ე წუთზე ჯარიმით კვლავ დაწინაურდა, შეხვედრის დასრულებამდე ოთხიოდე წუთით ადრე ლელო გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და 29:19 იმარჯვა.
ამრიგად, ტონგამ წყნარი ოკეანის თასს ცალი ხელი დაადო და მისი პირველად დაუფლების კარგი შანსი გაუჩნდა, მისმა მთავარმა მწვრთნელმა იზიტოლო მეკამ კი, თქვა: “წყნარი ოკეანის თასზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მსოფლიო თასამდე სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. რამდენიმე მორაგბე დაგვემატება და მწამს, ახალ ზელანდიაში უკეთეს რაგბის და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ”.
მოკლედ, ტონგას ამ ტიტულის პირველად დაუფლების შანსი გაუჩნდა და მეორე შეხვედრას დაელოდა. ტონგელთათვის დამღუპველი მხოლოდ ერთი შედეგი იყო - იაპონიას მასპინძელი ფიჯი ისე არ უნდა დაემარცხებინა, რომ 4 ლელო გაეტანა და პრემიალური ქულა აეღო. თავის მხრივ, ფიჯელებმა უკვე იცოდნენ, რომ რაც უნდა მომხდარიყო და როგორც უნდა დასრულებულიყო იაპონელებთან მათი ჯახი, ისინი თასის გარეშე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრების მხარდაჭერით შეგულიანებულმა მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთზე გატანილ ჯარიმას მეშვიდეზე ლელო შემატეს. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ დებიუტისთვის -8-ქულიანი უპირატესობა ფიჯის წარმატებულ შედეგს უქადდა.
რას ერჩოდნენ, არავინ იცის, ალბათ ძველი წყენა თუ გაახსენდათ, მაგრამ ამის შემდეგ ფიჯელებმა “ნადირობა იაპონელებზე” გამოაცხადეს და განზრახ უხეში ჯარიმებისთვის, უმეტესი დრო 13 კაცის, პერიოდულად კი, 12 კაცის ამარა გაატარეს. ჰოდა, დაისაჯნენ კიდეც. იაპონელები დისციპლინით გამოირჩევიან, ისინი პროვოკაციებს არ წამოეგნენ და მეტოქე ლელოებით დასაჯეს. პირველი სინბინი და 10-წუთიანი გაძევება 21-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა მიიღო. ორ წუთში ფიჯიმ ორიდან პირველი წითელი ბარათი მიიღო - შერკინების შემკვრელი, რვა ნომერი დაისაჯა.
მიუხედავად დიდი ტერიტორიული უპირატესობისა, შესვენებამდე მასპინძლებმა საკუთარი ჩათვლის მოედნის ხელუხლებლად შენახვა შეძლეს. იაპონიას სიტუაციის არსი კარგად ესმოდათ და მხოლოდ ლელოს გატანაზე თამაშობდა და მიზანს თამაშის განახლებიდან ხუთიოდე წუთში უწია. ამ დროისთვის ფიჯელებს სინბინის გამო მორაგბე აკლდათ და მოედანზე მეტოქეზე ორკაცნაკლული იყვნენ. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა 3 წუთში საპასუხო ლელო გაიტანეს და რადგან ორივე შემთხვევაში რეალიზაცია არაზუსტი იყო, 8-ქულიანი თანაფარდობა აღდგა. იაპონიამ თავისი მეორე ლელო მხოლოდ 59-ე წუთზე გაიტანა, ამჯერად გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 12:13.
2 წუთში ფიჯელთა შუამარბი მეტოქის ყელში ბოჭვისთვის წითელი ბარათით დაისაჯა და მასპინძლები მოედანზე ორკაცნაკლულნი დარჩნენ. 64-ე წუთზე იაპონიამ თავისი მესამე ლელო მიითვალა და 17:13 დაწინაურდა, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენა. თამაშის იმდენ ხანს იყო გაჩერებული, რომ მსაჯმა მას ათიოდე წუთი დაამატა და ამ პერიოდში ფიჯი სინბინით დაისაჯა, რის შემდეგაც მოედანზე 12 კაცის ამარა დარჩა. წამმზომზე 88-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც აზიის ჩემპიონმა ამხელა რიცხობრივი უპირატესობით კიდევ ერთხელ ისარგებლა, თავისი მეოთხე, პრემიის მომტანი ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შედეგად 24:13 იმარჯვა, პრემიალური ქულის წყალობით კი, წყნარი ოკენის თასის გამარჯვებული პირველად გახდა.
“ფიჯის უდისციპლინობამ ჩვენი გამარჯვება განაპირობა. მეორე ნახევარში თამაშის სტრატეგია შევცვალეთ, ხშირად ვქმნიდით რაქს, ვამზადებით პლაცდარმს შეტევისთვის და ამან იმუშავა კიდეც”, - განაცხადა იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ქირვანმა.
წყნარი ოკენის თასის 2011 წლის გათამაშება
ტონგა - ფიჯი 45:12
იაპონია - სამოა 15:34
ტონგა - იაპონია 27:28
სამოა - ფიჯი 18:36
ტონგა - სამოა 29:19
იაპონია - ფიჯი 24:13
1 | იაპონია | 3 | 2 | 0 | 1 | 67-74 | 10 |
2 | ტონგა | 3 | 2 | 0 | 1 | 101-68 | 10 |
3 | ფიჯი | 3 | 1 | 0 | 2 | 70-87 | 5 |
4 | სამოა | 3 | 1 | 0 | 2 | 71-80 | 5 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია