კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი კირან კროული გახდა პირველი სპეციალისტი, ახალ ზელანდიაში სექტემბერ-ოქტომბერში გასამართ მსოფლიო თასზე წასაყვანი 30 მორაგბის ვინაობა დაასახელა.
ყოფილი “ოლბლექსელი”, რომელმაც ახალ ზელანდიასთან ერთად 1987 წლის მსოფლიო თასი მოიგო, მიიჩნევს, რომ მის განკარგულებაში ყველა საუკეთესო მორაგბე მოხვდა და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მომავალ მსოფლიო თასზე არნახულ შედეგს აჩვენებს. კანადის ნაკრები A ჯგუფში მასპინძელი ახალი ზელანდიის, საფრანგეთის, იაპონიისა და ტონგას ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
კროულის განკარგულებაში 11 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც 2007 წელს საფრანგეთის მსოფლიო თასზე ითამაშეს. მათ შორის არიან გუნდის კაპიტანი, მორკინალი პეტ რიორდანი, ნახევარმცველი ანდერ მონრო და უკანახაზელი ვან დერ მერვე. რჩეულთა შორის მხოლოდ შვიდია ისეთი მორაგბე, რომლებიც მაღალ დონეზე, საფრანგეთსა და ბრიტანეთში პროფესიონალურ კლუბებში თამაშობენ, დანარჩენები კი, კანადურ კლუბებს წარმოადგენენ. ოცდაათივე მორაგბეს ერთად, ეროვნულ გუნდში ჯამში თითქმის 450 მატჩი აქვთ ჩატარებული. გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ტეილორ პერისია, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა და 19 წელი 6 ოქტომბერს შეუსრულდება. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შარშან ნოემბერში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ყველაზე უხუცესი ფრენკ უოლშია, რომელსაც 35 წელი 5 სექტემბერს შეუსრულდება.
“მსოფლიო თასისთვის შემადგენლობის შერჩევა 3 წლის წინ დავიწყეთ და ყველა კანდიდატზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ. საქმეში ყველა ის მორაგბე ვნახე, ვისზე დაკვირვებაც მსურდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ხდება ისე, რომ უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. ეს კანადის რაგბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. შემადგენლობაში მრავლად გვყავს ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც მომავალ მსოფლიო თასზეც ითამაშებენ. ახალგაზრდებს ჩვენს თამაშში საჭირო მუხტი შემოაქვთ და საკმარისად გვყავს გამოცდილი მორაგბეებიც. მიღწეული ბალანსით კმაყოფილი ვარ”, - თქვა საკუთარი არჩევანით კმაყოფილმა კროულმა.
კანადის ნაკრებმა მზადება სამშობლოში დაიწყო და მეზობელ აშშ-თან ტესტ-მატჩებს გამართავს. დასკვნით შეკრებაზე ჩრდილოამერიკელები ავსტრალიაში მიემგზავრებიან, სადაც საკონტროლო შეხვედრები “ქუინზლენდთან” და ავსტრალიელ “ბარბაროსებთან” ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის მონაწილე 20 გუნდისთვის, ახალ ზელანდიაში გასამგზავრებელი საბოლოო, 30-კაციანი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 22 აგვისტოა. კირან კროულმა მსოფლიო თასისთვის შემდეგი მორაგბეები შეარჩია:
მორკინალები: რაიან ჰამილტონი (“ბერსი”, კანადა), პეტ რიორდანი (“ბერსი”, კანადა), ჰუბერტ ბუიდენსი (“ვოლფ პარკი”, კანადა), სკოტ ფრანკლინი (“ვოლფ პარკი”, კანადა), ჯეისონ მარშალი (“ბერსი”, კანადა), ენდრიუ ტიდემენი (“ვოლფ პარკი”, კანადა), ფრენკ უოლში (“როკი”, კანადა), ჯეიმი კუდმორი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ბრაიან ერიქსენი (“ბერსი”, კანადა), ტაილერ ჰოტსონი (“პლიმუთ ალბიონი”, ინგლისი), აარონ კარპენტერი (“პლიმუთ ალბიონი”, ინგლისი), ნანუაკ დალა (“ვოლფ პარკი”, კანადა), ადამ კლებერგერი (უგუნდო), ჯერემი კინი (“ვოლფ პარკი”, კანადა), ჩაუნსეი ოტულე (“როკი”, კანადა), ჯებ სინკლერი (“როკი”, კანადა);
უკანა ხაზი: ედ ფეირჰურსტი (“ბერსი”, კანადა), ჯეიმი მაკკენზიე (“ეშერი”, ინგლისი), სეან ვაიტი (“ბერსი”, კანადა), ნათან ჰირაიამა (“ბერსი”, კანადა), ენდრიუ მონრო (“ონტარიო ბლუსი”, კანადა), რაიან სმიტი (“ვოლფ პარკი”, კანადა), კონორ ტრეინორი (“ბერსი”, კანადა), ფილ მაკკენზიე (“ეშერი”, ინგლისი), მიკ სკოლზი (“ონტარიო ბლუსი”, კანადა), ვან დერ მერვე (“გლაზგო ვარიორსი”, შოტლანდია), კირან ჰერნი (“როკი”, კანადა), ტეილორ პერისი (“ონტარიო ბლუსი”, კანადა), მეტ ევანსი (უგუნდო), ჯეიმს პრიტჩარდი (“ბედფორდი”, ინგლისი).
მთავარი მწვრთნელი: კირან კროული (ახალი ზელანდია)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია