საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ახალ ზელანდიაში სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი მსოფლიო თასისთვის ემზადება, გუშინ კომპანია “ქართუსგან” დიდი საჩუქარი მიიღო.
“ქართუმ”, რომელიც “ბორჯღალოსნებისთვის” მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზებს აშენებ, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, რომელიც ამავდროულად რაგბის აკადემიაცაა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა და გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს სიმბოლურად გასაღები ჩააბარა. ახლა “შევარდენის” კომპლექსი სრულფასოვანია, თავისი ბუნებრივი და ხელოვნური მოედნებით, სატრენაჟორო დარბაზით, აუზით და საცხოვრებელი კორპუსით.
ახალაშენებული სასტუმრო, რომელიც მხოლოდ ქართველ მორაგბეებს მოემსახურება, ხუთსართულიანია და 48 ადამიანზეა გათვლილი. საცხოვრებელი ოთახების გარდა, მასში განთავსებულია აუზი, სასადილო და მოსასვენებელი ოთახი. ნაკრების მორაგბეებმა დაათვალიერეს საცხოვრებელი, სადაც მომავალში მათ და მათი გზის გამგრძელებლებმა უნდა იცხოვრონ, და ეს ამბავი გუნდის მენეჯერის, ვასილ აბაშიძის აუზში ჩაგდებით აღნიშნეს, მერე კი, ფიზმომზადების მთავარ მწვრთნელ გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით სავარჯიშოდ მოედანს მიაშურეს.
სანამ პარასკევის მესამე, საღამოს ვარჯიში დაიწყებოდა, “მსოფლიო სპორტი” ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონს გაესაუბრა, რომელიც სამშობლოდან საქართველოში 11 ივლისს ჩამოვიდა და გუნდის მზადებას აკვირდება. “ფიზმომზადებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდები არიან და თუ ისინი მზადების პროცესში ფიზმომზადებას მხოლოდ 10 პროცენტს დაუთმობენ, ჩვენ 20 პროცენტი უნდა დავუთმოთ, რათა წინააღმდეგობის გაწევა მოვახერხოთ. უკვე ორი კვირაა, ბიჭები გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. ორშაბათს საფრანგეთში მივემგზავრებით და იქაც პირველი ორი კვირა ფიზმომზადებას დაეთმობა, მერე კი, ნელ-ნელა ტექნიკისა და ტაქტიკის დახვეწაზე გადავალთ”, - თქვა რიჩი დიქსინმა და ისიც დაამატა, რომ საბოლოო, 30-კაციანი შემადგენლობა მხოლოდ საბოლოო ვადის წინა დღეს, 21 აგვისტოს დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოში საბოლოო, 30-კაციანი შემადგენლობები 22 აგვისტოს უნდა წარადგინონ, ამჟამად კი, ნაკრების შემადგენლობაში 32 მორაგბეა და ორი მათგანი ახალ ზელანდიაში ვერ გაემგზავრება.
ინტენსიურმა ვარჯიშმა საათზე მეტხანს გასტანა. მალხაზ ურჯუკაშვილი კვლავ ექიმის მეთვალყურეობით, ინდივიდუალურად ემზადებოდა და მხოლოდ ძუნძულით შემოიფარგლებოდა. ვარჯიშის დაწყებამდე მან სიხარულით განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან სრული დატვირთვით ვარჯიშს შეძლებდა, თუმცა, აჩქარებისას ნატკენმა ფეხმა კვლავ შეახსენა თავი და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მას დროული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. გუნდს ჯერაც არ შეერთებიან თედო ზიბზიბაძე და ლაშა მალაღურაძე, რომელთა გუნდებსაც გრძელი სეზონი გამოუვიდათ, რადგან ფედერალ 1-ის ფინალი ითამაშეს და მწვრთნელებმა მათ დასვენების საშუალება მისცეს. მოედანზე სავარჯიშოდ სულ 27 მორაგბე გავიდა, დანარჩენი ორი დარბაზში, ტრენაჟორებით ვარჯიშით შემოიფარგლა. ადამსონმა 7-7 კაცი მოედნების სხვადასხვა კუთხეებში, ძალისმიერ ვარჯიშებზე გაისტუმრა, დანარჩენები კი, მოედნის ცენტრში, მოკლე მანძილზე შეტევებისა და დაცვის ორგანიზებაში ავარჯიშა, ოღონდ, აქაც მთავარი ყურადღება ფიზიკურ გამძლეობას ექცეოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მორაგბეები სავარჯიშოებს ცვლიდნენ.
“მსოფლიო სპორტი” გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს გაესაუბრა და უწინარესად ახალგახსნილ სასტუმროზე დაეკითხა.
ირაკლი აბუსერიძე: “აქამდე რაგბის ქართულ ოჯახს საკუთარი მოედანიც არ ჰქონდა, ახლა კი... ეს არაა მხოლოდ ეროვნული გუნდისთვის გაკეთებული საჩუქარი, ეს ბაზა გამოადგება ყველას, ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ქართუს”, რომელმაც ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა. ახლა მოსამზადებლად ბევრად უკეთესი პირობები გვაქვს და იმედია, მომავალში ქართულ გუნდებს უფრო დიდი წარმატებები ექნება”.
- უკვე ორი კვირაა, რაც გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით ემზადებით...
- თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. მზადების პირველი ეტაპი სრულად ფიზმომზადებას ეთმობა, რაც მომავალი თამაშებისთვის, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია. მოტივირებულები ვართ, სრულად ვიხარჯებით და ვიმედოვნებ, ეს ახალ ზელანდიაში საკადრის შედეგს მოგვიტანს.
- ფრანგულ შეკრებაზე კიდევ ორკვირიანი ფიზმომზადება გელით. მიაღწიეთ დატვირთვების მაქსიმუმს, თუ ის კიდევ გაიზრდება?
- ფიზმომზადების მწვრთნელი ნამდვილი პროფესიონალია და ტრავმების თავიდან ასაცილებლად ვარჯიშები ნელ-ნელა გაართულა. ამ ეტაპზე “სისწრაფეებზე” და “სიმძიმეებზე” ვვარჯიშობთ, საფრანგეთში კი, ვარჯიშის პროცესში ბურთიც უფრო აქტიურად ჩაერთვება. დატვირთვები საფრანგეთის შეკრებაზე უფრო მეტად გაიზრდება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებ, ახალ ზელანდიაში საუკეთესოდ მომზადებულები ჩავალთ.
- ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, მზადების დასაწყისით თუ ვიმსჯელებთ, წელს უკეთეს შედეგს უნდა ველოდოთ?
- ჩემი აზრით, წლევნადელ მსოფლიო თასს უფრო მომზადებულები შევხვდებით. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. ჩანს, რომ მწვრთნელებიც მაღალი დონის სპეციალისტები არიან და ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად კარგი შედეგი გვექნება. მოსამზადებლად ასეთი პირობები, ბაზა და ვარჯიშები საფრანგეთში ფედერალის კი არა, Top 14-ის გუნდებსაც არა აქვთ და ეს შედეგზეც უნდა აისახოს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია