საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სპონსორმა კომპანია “ნატახტარმა” სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში მყოფ “ბორჯღალოსნებს” შეპირებული ჯილდო გადასცა.
ნათქვამი იყო, რომ თუ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებდა, მას “ნატახტარი კასრი” ბონუსს, 50 ათას დოლარს გადასცემდა და ამ გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი ნაკრების ფრანგულ შეკრებაზე გამგზავრებამდე სამიოდე დღით ადრე შედგა. ღონისძიებას დაესწნენ კომპანია “ნატახტარის”, საქართველოს რაგბის კავშირისა და ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები, ასევე ეროვნული გუნდის წევრები. ცერემონიალზე რაგბის კავშირის წარმომადგენლებს გადაეცათ 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სპეციალური ჩეკი და ახლა ეს თანხა საქართველოს ნაკრების უკეთ მომზადებისთვის დაიხარჯება.
“ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქართული სპორტისა და კერძოდ, რაგბის საერთაშორისო წარმატება წარმოადგენს, რადგან ჩვენი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას სწორედ ისეთი სპორტული სახეობების მხარდაჭერით ცდილობს, როგორიცაა რაგბი. მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს წარმატება ახალ ზელანდიაში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ეს მოკრძალებული საჩუქარი “ბორჯღალოსნებს” უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარება. რაგბის კავშირთან და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან ურთიერთობა 2009 წელს დავამყარეთ და ეს იმიტომ, რომ რაგბი სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობაა საქართველოში. იმედია, მათი წარმატებით მომავალშიც გახარებული ვიქნებით და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება“, - განაცხადა “ნატახტარის” მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
მის შემდეგ სიტყვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ აიღო და იმედი გამოთქვა, რომ “ნატახტართან” თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
“2009 წელს, როდესაც ძალიან გვიჭირდა, თანადგომა პირველმა “ნატახტარმა” გაგვიწია და ეს კომპანია დღემდე ერთგულად გვიდგას მხარში. იმედია, ჩვენი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული რაგბის განვითარებისთვის და ეროვნული გუნდის მომავალი წარმატებისთვის“, - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
სულ ბოლოს სიტყვა ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ აიღო: “ჩვენმა პრეზიდენტმა ყველაფერი თქვა, რისი თქმაც შეიძლებოდა. მთელი გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი “ნატახტარს” მხარდაჭერისთვის. ვეცდებით, ჩვენი თამაშით საქართველო და “ნატახტარი” ვასახელოთ”.
ამის შემდეგ ოფიციალური ცერემონიალის დრო დადგა. აბუსერიძემ “ნატახტარის” წარმომადგენელ თორნიკე ნიკოლაიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური და ბურთი გადასცა, რომლებზეც „ბორჯღალოსანთა“ ხელმოწერები იყო აღბეჭდილი, მერე კი, აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ 50-ათასდოლარიანი ჩეკი ჩაიბარეს, რომელიც ნაკრების საკეთილდღეოდ დაიხარჯება. სულ ბოლოს, “ნატახტარმა” ნაკრების წევრებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის “ქორთიარდ მერიოტოს” დარბაზში ალაფურშეტი მოაწყო. ამით “მსოფლიო სპორტმა” ისარგებლა და ნაკრების წევრს, ქუთაისის “აიას” უკანახაზელ ირაკლი ჩხიკვაძეს, იგივე “ქარიშხალას”, მზადების პროცესზე გაესაუბრა.
ირაკლი ჩხიკვაძე: “დიდი ტურნირისთვის მზადების პროცესში ყველაზე რთული პირველი ორი კვირაა და ჩვენ ეს პერიოდი უკვე გადავლახეთ. ახლა საფრანგეთში მივემგზავრებით, სადაც კიდევ გველის დაახლოებით სამკვირიანი, ფიზიკურად დატვირთული, ინტენსიური ვარჯიშები. ყველანი მოწადინებულნი ვართ, რომ მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. კარგად ვვარჯიშობთ და შესაბამისად, კარგ შედეგსაც ველით”.
- ქართულ კლუბებში მობურთალი მორაგბეებისთვის ასეთი დატვირთვები უცხო იქნებოდა. თქვენ განსაკუთრებით ხომ არ გაგიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა. ასეთი დონის ფიზიკური მომზადება არა მარტო საქართველოში, ხშირ შემთხვევაში საფრანგეთშიც არ არის. მაგრამ თითოეული ჩვენგანი დიდი მონდომებით ემზადება მომავალი თამაშებისთვის და ვუძლებთ. რადგან კარგ შედეგზე ვფიქრობთ, მომზადებაც შესაბამისი უნდა გავიაროთ.
- დატვირთვები იზრდება და როგორც მწვრთნელები ამბობენ, უფრო მეტადაც გაიზრდება. ხომ არ გიჭირთ შეგუება?
- ფიზმომზადების მწვრთნელი გარეთ ადამსონი ძალიან მაგარი სპეციალისტია, რომელმაც იცის ვარჯიშების სწორად განაწილება. თავიდან მაქსიმალურად არ დაგვტვირთა, ნელ-ნელა გვიმატებს ვარჯიშებს, თითოეული ჩვენგანი შედის ფორმაში და ახლა ისე აღარ გვიჭირს, როგორც დასაწყისში.
- რას ფიქრობთ, მსოფლიო თასს ფორმის პიკზე შეხვდებით?
- ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული. მწვრთნელები ამისათვის მაქსიმუმს აკეთებენ, თავს არც ჩვენ ვზოგავთ და სექტემბერ-ოქტომბერში გამოჩნდება, თუ რა შედეგს მოგვიტანს ჩვენი გარჯა.
- გუნდში როგორი განწყობაა, რას გეგმავთ ახალ ზელანდიაში?
- უწინარესად, კარგ თამაშს ვგეგმავთ. ყველა გუნდთან ვეცდებით, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანი რუმინეთის აუცილებლად დამარცხებაა. ვფიქრობთ, შოტლანდიასთან მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, იქნებ მეტოქე დავამარცხოთ კიდეც. ვნახოთ, რა გამოვა, ჩვენ ცდას ნამდვილად არ დავაკლებთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია