საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, კვირის ბოლოს სამსოფლიოთასო პირველ შეკრებას ასრულებს და მზადებას საფრანგეთში, ქალაქ კანში გააგრძელებს. წასვლის წინ, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი და გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ქართველ საზოგადოებას დაემშვიდობნენ.
გია ნიჟარაძე: “ზეგ გამთენიისას, საქართველოს ნაკრები საფრანგეთში მიემგზავრება. ახლა გუნდს უმნიშვნელოვანესი პერიოდი უდგას და სწორედ ამ პერიოდზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგს ვაჩვენებთ ზელანდიაში. მე წილად მხვდა ბედნიერება, ამ ბიჭებთან მემეგობრა. ვიცი, ისინი თავს დადებენ საქართველოსთვის და მისი დროშისთვის. მათ კარგად იციან, თუ რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის და უკან არაფერზე დაიხევენ. ის, რომ მე დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვარ და მათ გვერდით ვმუშაობ, ჩემთვის დიდი პატივია”.
რიჩი დიქსონი: “ამ ეტაპზე ყველაფეერი გეგმის მიხედვით მიდის. მადლობა გარეთს და ილოს, რომლებმაც ბიჭებთან ერთად დიდი სამუშაო გაწიეს. წინ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს და ბიჭებმა კარგად იციან, რომ პასუხისმგებლები არიან მთელი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა მამა ილიას, რომელმაც ბიჭები დალოცა, ეს ყველაფერი ზელანდიაშიც გაგვყვება. მსოფლიო თასის წინ, ყველა ნაკრები ცდილობს, თავისი ფიზიკური კონდინციები 10-15 პროცენტით გააუმჯობესოს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ჩვენ მათზე ორჯერ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა შედეგს მივაღწიოთ.
13 და 19 აგვისტოს, Top 14-ის გუნდებთან ორი ამხანაგური თამაში გვექნება. იქ ბიჭების მზადყოფნას დავაკვირდებით და მათ შეთამაშებაზე ვიზრუნებთ. ამჟამად მხოლოდ პირველი თამაშისთვის ვემზადებით, რომელსაც 14 სექტემბერს შოტლანდიასთან გავმართავთ. როგორც დავიწყებთ მომავალ მსოფლიო თასს, ისე გავაგრძელებთ მთელ ტურნირს და ამ კუთხით, პირველ შეხვედრას დიდი ყურადღება ეთმობა. მადლობა გუნდს, რომელმაც 2007 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა, მაგრამ ჩვენ მოულოდნელობის ეფექტი დავკარგეთ. პირადად ვესაუბრე შოტლანდიის მთავარ მწვრთნელ ენდი რობინსონს და ვიცი, ისინი ჩვენთან შეხვედრსთვის სრული სერიოზულობით ემზადებიან. რაც უფრო მეტი გუნდი მოგვექცევა პატივისცემით, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნელ-ნელა წინ მივდივართ და ვვითარდებით”.
“დიდი სამუშაოს შესრულება გვიწევს, მაგრამ ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ მეტი დატვირთვები გველის. ვეცდებით, ეროვნული ნაკრების მაისური ღირსეულად ვატაროთ”, - დაამატა ირაკლი აბუსერიძემ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია