საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს დილით საფრანგეთში, მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, დასკვნითი ეტაპის გასავლელად გაემგზავრა.
რიჩი დიქსონის 32 რჩეული მორაგბე საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კანში დაახლოებით თვენახევარს დაჰყოფს და ახალი ზელანდიისკენ გეზს 5 სექტემბერს აიღებს.
საქართველოს ნაკრები უკვე ორი კვირაა, რაც შეიკრიბა, პირველი ბანაკი თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დასცა და ფიზმომზადების ავსტრალიელი სპეციალისტის, გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით, ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე ზრუნვას “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეუდგა. ფიზმომზადება დაახლოებით ორი-სამი კვირით “ბორჯღალოსნების” უმთავრესი საზრუნავი საფრანგეთშიც იქნება, მერე კი, ნელ-ნელა ტექნიკასა და ტაქტიკაზე ვარჯიშის ელემენტები დაიკავებს პირველ ადგილს.
“ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და თუ გვინდა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ფიზიკურ კონდიციებს მეტოქეზე ორჯერ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ისინი მზადების დროს ფიზმომზადებას 10-15 პროცენტს დაუთმობენ, ჩვენ 20-25 პროცენტი უნდა დავუთმოთ”, - თქვა “ბორჯღალოსანთა” შოტლანდიელმა დამრიგებელმა რიჩი დიქსონმა.
საფრანგეთში საქართველოს ნაკრები რამდენიმე საკონტროლო შეხვედრასაც ჩაატარებს. სავარაუდოდ, 13 და 19 აგვისტოს, საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის გუნდებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სავარაუდო მეტოქეებად “კლერმონი”, “მონპელიე” და “ტულონი” სახელდება. მომავალი მატჩების თარიღი და მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდება და შესაძლოა, ქართველმა მორაგბეებმა ძლიერ გუნდებთან სამი თამაშიც გამართონ. ამასთან, არაა გამორიცხული, კიდევ ორი-სამი მატჩი შედარებით სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ გამართონ.
იმ 30 მორაგბის ვინაობა, რომლებიც საქართველოს სახელს მსოფლიო თასზე დაიცავენ, 22 აგვისტომდე უნდა გახდეს ცნობილი. დიქსონი არ იჩქარებს და ორი ზედმეტის ვინაობას მხოლოდ 21 აგვისტოს იტყვის, მანამდე კი, ახალ ზელანდიაში გამგზავრების შანსი შეკრებაზე მყოფ ყველა მორაგბეს ექნება. “ბორჯღალოსნები” ზელანდიაში 5 სექტემბერს ჩავლენ. მსოფლიო თასი 9 სექტემბერს გაიხსნება, მაგრამ საქართველოს ნაკრებს პირველი შეხვედრა მხოლოდ 14-ში უწევს. ინვერქარგილში ამ დღეს ქართველთა მეტოქე ის შოტლანდიის ნაკრები იქნება, რომლის ძლევასაც “ბორჯღალოსნები” ფიქრობენ. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, კარგი სტარტი კარგი თამაშის საწინდარიაო და ვნახოთ, რა გამოვა.
18 სექტემბერს დანიდინში ქართველთა მეტოქე ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისი იქნება. ამას ათდღიანი დასვენება და 28 სექტემბერს რუმინეთთან ჯახი მოყვება. პამერსთონში გასამართ შეხვედრაში ქართველები უეჭველ მოგებას გეგმავენ. იმავე პამერსთონში, საქართველოს ნაკრები ჯგუფის დასკვნით მატჩს 2 ოქტომბერს არგენტინის წინააღმდეგ გამართავს, მერე კი, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და ვნახოთ, ეგებ თამაშმა კიდევ მოგვიწიოს...
დიქსონმა საფრანგეთში შემდეგი 32 მორაგბე იახლა: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
შემადგენლობის მიღმა დარჩნენ: ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი ჟღენტი (“მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), გრიგოლ ლაბაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“აჟენი”, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი), ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი), ბესარიონ უდესიანი (“მაკონი”, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
ხაზის მწვრთნელი: დონ კასკი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გარეთ ადამსონი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია