გასულ კვირაში სამი ისეთი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეული რეიტინგის ზედა ეშელონის გუნდების განლაგებაზე გავლენა მოახდინა და თითქოს საქართველოს ჯინაზე, სამივე მათგანში ისეთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, რომ საქართველოს ნაკრებს მე-15 ადგილიდან დაწინაურების შანსი მინიმუმ ორი თვე აღარ ექნება.
შუა კვირაში იაპონიამ წყნარი ოკეანის თასზე უდისციპლინო მასპინძელი, ფიჯი 24:13 დაამარცხა, წყნარი ოკეანის თასი პირველად მოიგო და რეიტინგშიც, მისი შემოღებიდან (2003 წლიდან) თავისთვის სარეკორდო მე-12 საფეხურს უწია. შესაბამისად, რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა ფიჯის ჰქონდა, რომელმაც ერთბაშად ორი ადგილი დაკარგა და პირველად დაქვეითდა მე-14 საფეხურამდე. ამან ის გამოიწვია, რომ საქართველომ თავისი მე-14 პოზიცია დათმო და ერთი საფეხურით უკან, მე-15 ადგილამდე დაიწია. თითქოს ერთი საფეხური არაფერს ნიშნავს, მაგრამ IRB რომელიმე ნაკრებისთვის მეტოქის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას სწორედ რეიტინგს აქცევს. ამასთან, რეიტინგს თვალყურს სპონსორებიც ადევნებენ და ეს უკუსვლა საქართველოს წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს.
ქართველთა სამწუხაროდ, წყნარი ოკეანის თასის ბოლო ტურის კიდევ ერთ მატჩში ტონგამ სამოას 29:19 აჯობა და წინსვლა გაინაღდა. ამასთან, წყნარი ოკეანის თასის შარშანდელმა მფლობელლმა სამოამ, რომელიც მანამდე ფიჯისთანაც დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში ერთბაშად 2,8 სარეიტინგო ქულა დაკარგა და საქართველოს უნდა დაახლოებოდა, მაგრამ პირველად ისტორიაში, სამოელებმა კვირას ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს - 32:23 და ამით უკუსვლა თავიდან აირიდეს. საგულისხმოა, რომ სამოელებმა გამარჯვებას მეტოქის მოედანზე, ავსტრალიაში მიაღწიეს. მათ მხოლოდ ამ მატჩის მოგებით 2,0 სარეიტინგო ქულა მიიღეს, ამდენივე დაკარგა ავსტრალიამ და მეორედან მესამე ადგილამდე დაქვეითდა, ზელანდიას კვალში კი სამხრეთ აფრიკა ჩაუდგა.
სამოას მოგებას ქართველთათვის შესაძლოა დადებითი შედეგი მაინც ჰქონდეს. ახლა IRB-მ ნათლად დაინახა, რომ მისი დონეებად დაყოფის სისტემა მოძველდა და თუ ეს “ბორჯღალოსნებმა” სექტემბერ-ოქტომბერში ახალ ზელანდიაშიც დაამტკიცეს, ეგებ გრანდებისთვის კბილის ხშირად მოსინჯვის შანსიც მოგვეცეს. რაც შეეხება ერთი კვირის შემდეგ გამოსაქვეყნებელ ახალ რეიტინგს, მასში ცვლილებას “სამი ერის” შეხვედრა შეიტანს, რომელიც სტარტს 23 ივლისს აიღებს და რომელშიც ავსტრალია სამხრეთ აფრიკას სიდნეიში დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ წელს “სამი ერის” ბოლო გათამაშება ჩატარდება, მომავალი წლიდან კი, სამხრეთელ გრანდებს არგენტინა დაემატება და ტურნირიც “ოთხ ერად” გადაკეთდება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 18 ივლისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,19
2 (3). სამხრეთ აფრიკა 86,44
3 (2). ავსტრალია 85,45
4 (4). ირლანდია 82,51
5 (5). ინგლისი 82,48
6 (6). საფრანგეთი 82,06
7 (7). უელსი 79,55
8 (8). არგენტინა 78,97
9 (9). შოტლანდია 77,35
10 (10). სამოა 74,55
11 (11). იტალია 73,54
12 (13). იაპონია 72,56
13 (14). ტონგა 71,80
14 (12). ფიჯი 71,52
15 (14). საქართველო 70,30
16 (16). კანადა 69,78
17 (17). აშშ 66,78
18 (18). რუმინეთი 65,57
19 (19). რუსეთი 61,93
20 (20). ნამიბია 61,43
21 (21). პორტუგალია 60,67
22 (22). ურუგვაი 60,02
23 (23). ესპანეთი 59,43
24 (24). ჩილე 59,19
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,11
27 (27). ჰონკონგი 54,49
28 (28). ბრაზილია 54,35
29 (29). მოლდოვა 54,10
30 (30). სამხრეთ კორეა 53,89
31 (31). ჩეხეთი 53,78
32 (32). ყაზახეთი 53,66
33 (33). უკრაინა 53,34
34 (34). პოლონეთი 52,88
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია