სუპერ რაგბის გასული სეზონის ფინალისტები - „ჰაილენდერსი“ და „ჰარიკენსი“ ამჯერად რეგულარული პირველობის მეორე ტურში შეიბნენ და მოქმედმა ჩემპიონმა პრეტენდენტს ამჯერადაც სძლია.
დანედინიში გამართულ ზელანდიურ დერბიში დიდი ბრძოლა გააჩაღდა. პირველ ტურში ორივე მათგანი დამარცხდა და ამჯერად გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღეს. ბოდენ ბარეტის ადრეულ ჯარიმას მოქმედმა ჩემპიონმა მალევე მალაკაი ფეკიტოას ლელოთი უპასუხა, ხოლო ლიმა სოპოაგამ მე-13 წუთზე ჯარიმა გაიტანა. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და თამაშის განახლებიდან 9 წუთში საპოაგამ ერთი ზუსტი დარტყმაც რომ შეასრულა [14:6], „ჰარიკენსს“ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. მათმა ფორვარდებმა შანსიც მალე შექმნეს და საათის თავზე ტიჯეი პერენარას ლელოთი, ბარეტის გარდასახვით ჯარიმით 16:14 დაწინაურდნენ.
მასპინძლები ამას არ შეეგუენ, დასკვნით მეოთხედში მეტოქე საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს და მართალია ლელო ვერ დადეს, მაგრამ ხელსაყრელ პოზიციაზე ჯარიმა გამოიმუშავეს, რომელიც 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პარკერმა 3 ქულად აქცია და „ჰაილენდერსს“ 17:16 მოეგბინა.
დღის პირველ ნახევარში გამართულ კიდევ ერთ მატჩში ავსტრალიურ დერბი შედგა და „რედსი“ საკუთარ მოედანზე „ვესტერნ ფორსთან“ უშანსოდ დამარცხდა. პირველ ტაიმში ლენსის სამ ჯარიმას პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მორაგბემ, იაპონელმა აიუმუ გორომარუმ მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა. მეორე ტაიმის დებიუტში ლენსის მიერ გატანილ მორიგ ჯარიმას იაპონელმა 66-ე წუთზე უპასუხა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში მისმა გუნდმა ჯერ ჯარიმა, სულ ბოლოს კი ლელო-გარდასახვა გაუშვა და 6:22 დამარცხდა.
მთლიანობაში, ეს შეხვედრა სანახაობრივი ვერ გამოდგა. გასულ სეზონში ამ გუნდებმა მე-13 და მე-15 ადგილები დაიკავეს და როგორც ჩანს, დიდი მიზნები ვერც ამ სეზონში ექნებათ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დიდი მადლობა რაგბის საიტის შექმინსთვის, საერთაშორისო რაგბის მიმოხილვისთვის და ფოტო-ვიდეო გაშუქებისთვის. თუ შესაძლებელია კალენდარიც რომ ატვირთოთ სადმე, სუპერ რაგბის, ევრო თასების, 6 და 4 ერის.