ამბები

21:59 | 6.08.2011 | ნანახია 3102 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” მეტოქეებმა სავარჯიშოები ჩააბარეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეებმა სექტემბერ-ოქტომბერში გასამართ მსოფლიო თასზე, შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებმა, მზადების პერიოდში საწვრთნელი შეხვედრები გამართეს და ორივე მათგანმა გამარჯვება მოიპოვა.
შოტლანდია 28288 მაყურებლის თვალწინ ირლანდიას მასპინძლობდა და პირველივე წუთებიდან შეუტია. მათმა მორკინალებმა ირლანდიის გადახალისებულ შერკინებას თავიდანვე პრობლემა შეუქმნეს. სქოთები ინდივიდუალური დაჯახებებით ცდილობდნენ ხაზის გაჭრას და რაქში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობა ქულებში ვერ ასახეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ხშირ შემთხვევებში, ბურთიან კაცს მიმყოლები უგვიანებდნენ და შედეგად, შეტევებიც უშედეგოდ სრულდებოდა. ამასთან, შოტლანდიელები უარს ამბობდნენ ჯარიმების კარში დარტყმაზე და სალელოვე კომბინაციების დამუშავებაზე ზრუნავდნენ.
მასპინძელთა მიძალება, მოლის დაყენების და მიწოლის ნახევარსაათიანი მცდელობა რომ უშედეგოდ დასრულდა, მერე ირლანდიამაც მოინდომა, მეტოქის ნახევარზე გადავიდა, ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და სექსტონმა ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. მასპინძლებმა ჯარიმა კარში მაინც არ დაარტყეს, დერეფანში, მაღალი მეორეხაზელების წყალობით, ისინი საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ამ კოზირის გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში არაფერი გამოვიდა.
განახლდა თამაში და შოტლანდიამ დასარტყმელი ჯარიმა გამოიყენა, პატერსონმა წონასწორობა აღადგინა და კვლავ ლელოზე თამაშს შეუდგა. ირლანდიელებმა მე-60 წუთზე ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელეს, 65-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და სექსტონმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. მალე პატერსონმა წონასწორობის აღდგენა ჯარიმითვე სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, 73-ე წუთზე შორეული ჯარიმა უკვე ირლანდიამ ვერ გამოიყენა და შოტლანდიამ შეუტია. 76-ე წუთზე მათ კიდევ ერთხელ მოიგეს საკუთარი დერეფანი, ამჯერად თამაში კარგად გაშალეს, ჯერ შეცვლაზე შესულმა ნიკ დე ლუკამ წაიწია წინ, მერე ფლანგზე ჯო ანსბრო მოძებნა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედნამდე დარჩენილი 40 მეტრი მაღალ სიჩქარეზე დაფარა და ჩათვლის მოედნამდე დაუბრკოლებლივ ირბინა. ჯექსონმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და 10:6 გამარჯვებით შოტლანდიელი გულშემატკივარი გაახარა.
უელსმა მასპინძელ ინგლისს, თვიქნემზე, ორის საპასუხოდ სამი ლელო კი გაუტანა, მაგრამ უბერებელი ჯონ უილკინსონის დარტყმის უნარმა, მათ გამარჯვების საშუალება არ მისცა. ინგლისი უილკინსონის ჯარიმით დაწინაურდა, რომელსაც წინ მცირედი კონფლიქტი უძღვოდა. ინგლისელთა კაპიტანი ლუის მუდი ბურთის აუტში გადატანის მომხრე იყო, მაგრამ უილკინსონმა თავისი გაიტანა და შორეული დარტყმა სამ ქულად აქცია. ამაზე უელსმა მალე ლელოთი უპასუხა და რეალიზაციაც გამოიყენა, მერე კი, უპირატესობა მასპინძელთა ხელში გადავიდა. ისინი ლელოთი დაწინაურდნენ და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა, შესვენებამდე კი, უილკინსონმა არეკნიც გაიტანა და ტაიმი 13:7 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ნატურალიზირებულმა ინგლისელმა ტუილაგიმ მასპინძელთა მეორე ლელო მიითვალა და უილკინსონმა 45-ე წუთზე ზუსტი გარდასახვით ანგარიში 20:7 გახადა. სტუმრებმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს. უილკინსონმა მეორე არეკნიც ზუსტად შეასრულა და ინგლისის უპირატესობა თერთმეტ ქულამდე გაზარდა (23:12), მაგრამ ბოლოს კვლავ სტუმრებმა იმძლავრეს და ლელო-გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 23:19 ინგლისის სასარგებლოდ.

შოტლანდია - ირლანდია 10:6 (0:3)
შოტლანდია:
15. კრის პატერსონი (21. ნიკ დე ლუკა 71), 14. ნიკ ვოლკერი (22. ჯეკ კუტბერტი 21), 13. ჯო ანსბრო, 12. გრემ მორისონი, 11. სეან ლამონტი, 10. რუარიდ ჯექსონი, 9. რორი ლაუსონი (20. გრეგ ლაიდლოუ 71); 1. ალან იაკობსენი (17. ალადსაირ დიკინსონი 59), 2. როს ფორდი (16. დაგ ჰალი 71), 3. ჯოფ კროსი, 4. ჯიმ ჰამილტონი (18. ალ კელოკი 59), 5. რიჩი გრეი, 6. ალასდაირ სტროკოში, 7. როს რენი, 8. ჯონ ბიტი (19. დევიდ დენტონი 59).
1 ლელო: ანსბრო
1 გარდასახვა: ჯექსონი
1 ჯარიმა: პატერსონი
მწვრთნელი: ენდი რობინსონი

ინგლისი - უელსი 23:19
ინგლისი:
15. დელონ არმითიჯი, 14. მეთ ბანაჰანი, 13. მანუ ტუილაგი, 12. რიკი ფლატი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონ უილკინსონი, 9. დენ კარი; 1. ალექს კორბისიერო, 2. დილან ჰარტლი, 3. მეტ სტივენსი, 4. საიმონ შოუ, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ჯეიმზ ჰესკელი.
სათადარიგოები: 16. ლი მეარსი, 17. დევიდ ვილსონი, 18. მოურის ბოთა, 19. ტომ ვუდი, 20. რიჩარდ ვიგელსფორსი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. ჩარლი შარლპსი.
2 ლელო: ჰესკელი, ტუილაგი
2 გარდასახვა: უილკინსონი
1 ჯარიმა: უილკინსონი
2 არეკნი: უილკინსონი
მწვრთნელი: მარტინ ჯონსონი
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076222