ამბები

17:48 | 8.08.2011 | ნანახია 3960 - ჯერ

კანადა საქართველოს მიუახლოვდა, ირლანდიამ ჩრდილოეთში ჰეგემონია დაკარგა

გასულ შაბათს კანადის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მეზობელი აშშ ტორონტოში 28:22 დაამარცხა, მსოფლიოს ყოველკვირეულ მონაგარში 0,40 სარეიტინგო ქულა მიიღო და მართალია, კვლავ მე-16 საფეხურზე დარჩა, მაგრამ საქართველოსთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
ახლა მე-15 ადგილზე მყოფი “ბორჯღალოსნები” ჩრდილოამერიკელებს სულ რაღაც 0,12 სარეიტინგო ქულით უსწრებენ და მსოფლიო თასის დაწყებამდე, უფრო სწორედ ერთ კვირაში, რეიტინგში დაქვეითება ემუქრებათ. მომავალ შაბათს კანადელები ამერიკელებს დენვერში გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს რეიტინგში ერთი საფეხურით დააქვეითებენ. წინა მატჩში მარცხის მიუხედავად, აშშ-მა მე-17 ადგილი შეინარჩუნა და მისი დაკარგვა არც ერთი კვირის თავზე არ ემუქრება.
9 სექტემბერს დასაწყები მსოფლიო თასისთვის მზადებას სხვა ნაკრებებიც გადიან და რეიტინგში ცვლილებებიც მოხდა. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე შოტლანდიამ საკუთარ მოედანზე ირლანდია 10:6 დაამარცხა და მას ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძლიერესი გუნდის სტატუსი დააკარგვინა. ირლანდიელთა დანაკარგმა 1,22 სარეიტინგო ქულა შეადგინა და ისინი მეოთხედან მეექვსე საფეხურამდე დაქვეითდნენ. ირლანდიის ადგილი ინგლისმა დაიკავა, რომელმაც უელსი 23:19 დაამარცხა და 0,41 სარეიტინგო ქულა მოინაგრა. საფრანგეთის ნაკრებს გასულ უქმეებზე არ უთამაშია, მაგრამ ირლანდიელთა დანაკლისმა ფრანგებს მე-5 ადგილამდე აღზევების საშუალება მაინც მისცა.
შოტლანდიამ და უელსმა, შესაბამისად, მე-9 და მე-7 ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ პირველი არგენტინას მნიშვნელოვნად მიუახლოვდა, მეორეს კი, თავად არგენტინა წამოეწია. ცნობისათვის, მსოფლიო თასზე საქართველოს მომავალმა მეტოქე არგენტინამ სამხრეთ ამერიკის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 78:15 იმარჯვა, მაგრამ მისი შედეგი რეიტინგზე არ ასახულა.
რეიტინგლიდერმა ახალმა ზელანდიამ სამი ერის მორიგ შეხვედრაში ავსტრალიას 30:14 სძლია და საკუთარი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. დაშორება აქამდეც იმდენად დიდი იყო, რომ ზელანდიელთა ნამატმა მხოლოდ 0,07 ქულა შეადგინა. რეიტინგში მომდევნო ცვლილებები ერთ კვირაში მოხდება, როდესაც სამი ერის ერთი შეხვედრა გაიმართება, დანარჩენი ნაკრებები კი, მსოფლიო თასისთვის მზადების მიზნით ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 8 აგვისტოსთვის
1    (1). ახალი ზელანდია    93,26
2    (2). ავსტრალია    86, 85
3    (3). სამხრეთ აფრიკა    85,24
4    (5). ინგლისი    82,89
5    (6). საფრანგეთი    82,06
6    (4). ირლანდია    81,29
7    (7). უელსი    79,14
8    (8). არგენტინა    78,97
9    (9). შოტლანდია    78,57
10    (10). სამოა    74,55
11    (11). იტალია    73,54
12    (12). იაპონია    72,56
13    (13). ტონგა    71,80
14    (14). ფიჯი    71,52
15    (15). საქართველო    70,30
16    (16). კანადა    70,18
17    (17). აშშ    66,38
18    (18). რუმინეთი    65,57
19    (19). რუსეთი    61,93
20    (20). ნამიბია    61,43
21    (21). პორტუგალია    60,67
22    (22). ურუგვაი    60,00
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). ესპანეთი    59,43
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,11
27    (27). ჰონკონგი    54,49
28    (28). მოლდოვა    54,10
29    (29). ბრაზილია    54,04
30    (30). ჩეხეთი    53,78
31    (31). ყაზახეთი    53,66
32    (32). კორეა    53,51
33    (33). უკრაინა    53,34
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080533