ამბები

17:08 | 10.08.2011 | ნანახია 2407 - ჯერ

ქვიშის რაგბში “აიამ” იმარჯვა

გასულ უქმეებზე ბათუმმა ქვიშის რაგბის ტურნირს უმასპინძლა, რომლის გამარჯვებული, შარშანდელის მსგავსად, ქუთაისის “აია” გახდა.
წლეულს პროფესიონალებმა ცალკე შეჯიბრი გამართეს, რომელშიც რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას: A ჯგუფში “აია”, “აკადემია”, “ლოკომოტივი” და “დევები”; B ჯგუფში: “ბათუმი”, “ყოჩები”, TBC Dexus და ფოთი;
ჯგუფების გამარჯვებულები “აია” და “ყოჩები” გახდნენ – ფინალის საგზურისთვის რკენაში "აიამ" "ყოჩებს" სძლია – 6:2, ხოლო "ბათუმმა" "აკადემიასთან" წააგო 2:5. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმელებმა “ყოჩებს” 7:3, “აიასა” და “აკადემიის” ფინალური მატჩის ძირითადი დრო კი ფრედ დასრულდა, ანგარიშით: 3:3. “აკადემია” საკმაოდ კარგად თამაშობდა, მაგრამ “აიამ” დამატებით დროში ე.წ. “ოქროს ლელო” დადო და მესამედ გახდა ქვიშის რაგბის პირველობის გამარჯვებული.
საგულისხმოა, რომ ქალთა საჩვენებელ პირველობაშიც ქუთაისის გუნდმა იხეირა: სუსტი სქესის ქუთათურმა მობურთალებმა პირველობა სამეგრელოს გუნდისა და “ივერიის” ძლევით მოიპოვეს.
პროფესიონალ კაცთა გუნდებს შორის მეხუთე ადგილზე “ლოკომოტივი” გავიდა TBC Dexus -ის დამარცხებით (6:3), ხოლო მეშვიდე და მერვე ადგილები ფოთის გუნდმა და “დევებმა” გაინაწილეს.
ქვიშის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ დუგლაძე: “წლევანდელმა ტურნირმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. როგორც ყოველთვის, ორგანიზებაში დახმარება გაგვიწია საქართველოს რაგბის კავშირმა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინიტრომ. ქვიშის რაგბი შედარებით ახალი დისციპლინაა, ტურნირი მეოთხედ ტარდება და ვიმედოვნებთ, რომ ნელ-ნელა ჩვენში უფრო პოპულარული გახდება”.
აღსანიშნავია, რომ შარშან პროფესიონალებისა და მოყვარულების 28 გუნდმა ერთ ტურნირზე ითამაშა. წლეულს კი მოყვარულები ქვიშაზე ბურთაობას 20-21 აგვისტოს გამართავენ. ამ შეჯიბრისთვის 13 გუნდი ემზადება, საიდანაც ოთხი ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მედიის თასისთვის ცალკე შეჯიბრს გამართავენ.
დანარჩენი 9 გუნდის სია კი ასე გამოიყურება: ბათუმის “დელფინები”, “ბათუმი-2”, “სეუ უნივერსიტეტი”, “ივერია”, რაგბის კავშირის, ქუთაისისა და “გე-პე-ი”-ს ვეტერანების გუნდები, “რაგბის კუთხე” და ეროვნული ბანკი. რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება და მსურველებს შეუძლიათ  ქვიშის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, ზურაბ დუგლაძეს მიმართონ. ტელ: 599 14 66 99.

 

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080151