ამბები

17:35 | 11.08.2011 | ნანახია 3482 - ჯერ

რაგბიდან ზელანდიამდე

გადმოცემის თანახმად, რაგბი 1823 წლის 7 აპრილს დაიბადა და ეს ძალიან უბრალოდ მოხდა. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში, საიდანაც თამაშის სახელწოდებაც მოდის, 16 წლის მოსწავლე უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშისას ბურთს ხელი დასტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა. მართალია, დღეისათვის ეს ვერსია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბის მთავარ ჯილდოს სწორედ “უებ ელისის” სახელი ქვია და ის ფაქტი, რომ ეს ამბავი ქალაქ რაგბიში მოხდა და მოგვიანებით ამ ქალაქში უებ ელისს ძეგლიც დაუდგეს, ამ ვერსიას არსებობის უფლებას უტოვებს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე რაგბის მსგავს თამაშებს მთელს მსოფლიოში დიდი ხნით ადრე თამაშობდნენ. ქართული “ლელო ბურთის” მსგავსი გართობა ახალ ზელანდიელებს, ავსტრალიელებს, იაპონელებს და ევროპის მრავალი ქვეყნის ერებს ჰქონდათ. უილიამ ფიცსტეპენს აღწერილი აქვს თამაში, რომელიც ძლიერ წააგავს ქართულ “ლელო ბურთს” და ეს ინგლისში, დაახლოებით 1174-1183 წლებში ხდებოდა. შუა საუკუნეებში, რაგბის თამაშის მსგავსი გართობები ოფიციალურად აკრძალული იყო, რადგან მმართველები მიიჩნევდნენ, რომ ის ძალადობას ქადაგებდა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში, თამაშმა თვითმყოფადობა შეინარჩუნა და მერე უებ ელისიც გაიქცა...
1845 წელს, რაგბის სკოლის სამმა მოსწავლემ დაწერა წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-Football-ს. თავდაპირველად, რაგბისა და ფეხბურთის წესები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ იყო გამიჯნული და მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. ამიტომ, გუნდები უშუალოდ თამაშის წინ თანხმდებოდნენ, თუ რომელი წესებით ესარგებლათ. ასე გაგრძელდა 1863 წლამდე, როდესაც ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდა. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელით დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი, მხოლოდ დაჭერა. 1869 ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და 1871 წელს ინგლისის რაგბის კავშირი დაარსდა, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა რაგბის ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო შეხვედრა ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის. ეს 27 მარტს, ედინბურგში მოხდა და მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა 1:0.
ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე და მის კოლონიებში. 1886 წელს ირლანდიელებმა, უელსელებმა და შოტლანდიელებმა, რაგბის საერთაშორისო საბჭო დაარსეს, რომელსაც თავიდან International Rugby-football Board  ეწოდებოდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ მათ ინგლისიც შეუერთდა. 1949 წელს ორგანიზაციაში სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია მიიღეს, ხოლო საფრანგეთი მისი წევრი მხოლოდ 1976 წელს გახდა. მანამდე, 1934 წელს, ფრანგებმა IRB-ს ალტერნატიული ორგანიზაცია - ევროპის რაგბის ასოციაცია (იგივე ფირა) შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა (1900, 1908, 1924 და 1928 წლებში), მაგრამ მერე ის ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღეს და იქ ახლაღა დააბრუნეს, ოღონდ, 2016 წლიდან ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბის ითამაშებენ. 1997 წელს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს სახელწოდებიდან Football ამოიღეს და დარჩა დღევანდელი სახელწოდება.
აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რაგბი სამოყვარულო სპორტად რჩებოდა და თუკი ვინმეს დაუმტკიცდებოდა, რომ ის თამაშის სანაცვლოდ ფულს იღებდა, მას დიდი ხნით დისკვალიფიკაციას აძლევდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში, სტადიონზე მისვლასაც კი უკრძალავდნენ. ასეთმა მიდგომამ ის გამოიწვია, რომ ბევრი ძლიერი მოთამაშე რაგბი-ლიგაში გადადიოდა და 1995 წელს IRB-მ მიიღო გადაწყვეტილება, რაგბი პროფესიონალური გაეხადა. ამან სპორტის ამ სახეობის პოპულარობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და დღესდღეობით, მას ბევრი მიმდევარი და გულშემატკივარი ყავს. მსოფლიო თასი რაგბიში, დასწრების მხრივ შეჯიბრებებს შორის მესამე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ჩამოუვარდება.
მსოფლიო თასის შემოღება, რაგბის საერთაშორისო საბჭომ არსებობის 99-ე წლისთავზე, 1985 წლის მარტში გადაწყვიტა. იდეა ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და საფრანგეთის წამოწყებული იყო და ოთხივე ბრიტანული ქვეყანა სულ ბოლო მომენტამდე ასეთი შეჯიბრების გამართვის წინააღმდეგ იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაყაბულდნენ და 1987 წელს, პირველი მსოფლიო თასის მასპინძლობა ამ საქმის მოთავეებს - ავსტრალიას და ზელანდიას დაეკისრათ. პოლიტიკური მიზეზების გამო, ბობოლა გუნდებიდან სამხრეთ აფრიკა მოკვეთეს, სადაც აპარტეიდის რეჟიმი მძვინვარებდა. დანარჩენ შვიდს - ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, ინგლისს, შოტლანდიას, უელსს, ირლანდიას და საფრანგეთს, ცხრა მიწვეული ნაკრები დაემატა, რომლებიც მერეღა გახდნენ IRB-ს წევრები - არგენტინა, ფიჯი, იტალია, კანადა, რუმინეთი, ტონგა, იაპონია, ზიმბაბვე და აშშ. სხვათა შორის, მიწვევა იმხანად საბჭოთა კავშირმაც მიიღო, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო, მსოფლიო თასზე გამგზავრებაზე უარი თქვა და მისი ადგილი ტონგას ერგო. რატომღაც, რაგბის კავშირმა მიწვევა არ გაუგზავნა დასავლეთ სამოას, რომელიც ყველა მიწვეულ ნაკრებზე უკეთეს რაგბის თამაშობდა.
თამაშებს ავსტრალიის ორმა და ზელანდიის ცხრა ქალაქმა უმასპინძლა. ჯგუფურ ეტაპზე ბობოლებმა იოლად მოინელეს მიწვეულები და მეოთხედფინალში შვიდივე გავიდა, მერვე კი, ფიჯი გახდა. სეზონის საუკეთესო მატჩად აღიარებულ საფრანგეთი-ავსტრალიის ნახევარფინალში, იმ წელს “ხუთი ერის” “დიდი სლემით” მომგებმა საფრანგეთმა სიდნეის გარეუბანში ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი მოუგო ავსტრალიას. მოგვიანებით, ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი დამარცხდა ავსტრალია მესამე ადგილისთვის მატჩში უელსთან. ამ შეხვედრაში “კენგურუები” მთალი 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. ფინალში “ოლ ბლექსის” უპირატესობა აშკარა იყო, მათ საფრანგეთი 29:9 დაამარცხეს და “უებ ელისის თასის” პირველი მფლობელები გახდნენ. ტურნირის ბომბარდირი 126 ქულით ზელანდიელი გრანტ ფოქსი გახდა. საუკეთესო მელელოვეებშიც ზელანდიელებმა იყოჩაღეს - კრეიგ გრინის და ჯონ კირვანის ანგარიშზე 6-6 ლელო იყო.
დებიუტმა გაამართლა, სტადიონებზე 600 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა, ტელევიზიით, მსოფლიო თასი 17 ქვეყანაში სამასმა მილიონმა ადამიანმა იხილა და IRB-საც სუფთა მოგება ერთი მილიონი გირვანქა დარჩა. ჰოდა, რაგბის მამებმა გადაწყვიტეს, ტურნირი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაემართათ და მისთვის რიგრიგობით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებს ემასპინძლათ. ჯერი ევროპაზე იყო და 1988 წლის მარტში გადაწყდა, რომ 1991 წლის მსოფლიო თასს “ხუთი ერის” წარმომადგენელ ქვეყნებს საზიაროდ ემასპინძლათ, თუმცა, ფორმალურად მასპინძელ ქვეყნად ინგლისი მოიხსენიებოდა.
1987 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალისტები მომავალ გათამაშებაში პირდაპირ მოხვდნენ, დანარჩენი ადგილები კი, შესარჩევი ეტაპის საკუთარი ზონის წარმატებულ გუნდებს ხვდათ წილად. წინა მსოფლიო თასის მონაწილეთაგან მხოლოდ ერთი შეიცვალა - დასავლეთ სამოამ ტონგას აჯობა და მსოფლიო თასზეც წარმატებით იბურთავა - არგენტინის კვალად, ბობოლა უელსს 16:13 აჯობა, ხოლო ავსტრალიასთან მხოლოდ 3:9 დამარცხდა. მართალია, სამოელები მეოთხედფინალში დამარცხდნენ, მაგრამ ისინი მაინც იქცნენ ტურნირის აღმოჩენად. მეოთხედფინალს უწია კანადამაც, რომელსაც ჯგუფში მხოლოდ ერთი ბობოლა საფრანგეთი ჰყავდა. მესამე ადგილი წინა მსოფლიო თასის მომგებ ახალ ზელანდიას ერგო, ვინაც შოტლანდია 13:6 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონი ლონდონში მასპინძელი ინგლისის 12:6 მძლეველი ავსტრალია გახდა. ბომბარდირი 68 ქულით ირლანდიელი რელფ ქეისი გახდა, ხოლო საუკეთესო მელელოვეები 6-6 ლელოთი ფრანგი ჟან-ბაპტისტ ლაფონი და ზელანდიელი დევიდ კემპესი. IRB კვლავ მოგებული დარჩა – სტადიონებზე მილიონზე მეტი მაყურებელი მივიდა, ხოლო ტელერეპორტაჟები უკვე 103 ქვეყანაში გადაიცემოდა.
სამხრეთ აფრიკის დელეგატთა მხარდამჭერამ თავის დროზე დიდწილად განაპირობა მსოფლიო თასის დაარსება, მაგრამ პირველ ორ გათამაშებაში მათ მონაწილეობა ვერ მიიღეს. 90-იანი წლების დასაწყისში, აპარტეიდის რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ, ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები და პრეზიდენტი შავკანიანი ნელსონ მანდელა გახდა. შედეგად, 1992 წელს, IRB-მ სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასზე დაუშვა და უფრო მეტიც, მას მასპინძლობის უფლება მიანიჭა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო თასს მხოლოდ ერთი ქვეყანა უმასპინძლებდა. გათამაშებაში პირდაპირ იქნა დაშვებული წინა მსოფლიო თასის ოთხი მეოთხედფინალისტი - ახალი ზელანდია, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, სამოა, ირლანდია, ინგლისი და შოტლანდია. მათ შეუერთდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ხოლო დანარჩენი შვიდი ადგილისთვის რთული შესარჩევი პროცესი გაიმართა. შესარჩევ ეტაპში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებდა, რომელიც პირველივე რაუნდში, სოპოტში დამარცხდა მასპინძელ პოლონეთთან და პირველად და უკანასკნელად წააგო რუსეთთან. ევროპიდან საგზური ერგოთ უელსს, იტალიას და რუმინეთს, აფრიკიდან კოტ დივუარს, ოკეანეთიდან ტონგას, ამერიკიდან არგენტინას და აზიიდან იაპონიას.
სამხრეთ აფრიკამ გახსნით მატჩივე სენსაცია გამოაცხო და ჩემპიონი ავსტრალია დაამარცხა. ამასობაში, “ოლ ბლექსმა” წარადგინა ლომკაცი ჯონა ლომუ, რომლის შეჩერებაც პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა. მოგვიანებით, მეოთხედფინალში, ავსტრალიას წამატებულ დროში გატანილი არეკნით აჯობა ინგლისმა, მაგრამ ნახევარფინალში ინგლისს ლომუმ და მისმა ზელანდიამ შანსი არ დაუტოვა - ლომუმ ოთხი ლელო გაიტანა. მეორე ნახევარფინალი კოკისპირულ წვიმაში გაიმართა და რეფერიმ ფრანგებს ბოლო წუთზე გატანილი ლელო არ ჩაუთვალა, რითაც მასპინძლებს 19:15 მოგება დაუკანონა. საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და მესამე ადგილს დასჯერდა, ფინალში კი, სპეციალური ტაქტიკის წყალობით, სამხრეთ აფრიკამ ლომუ შეაჩერა. შეხვედრაში ლელო არ გასულა, თამაში დამატებით დროში გადავიდა და ყველაფერი ჯოელ სტანსკის უხერხული პოზიციიდან გატანილმა არეკნმა გადაწყვიტა და თასი სამხრეთ აფრიკამ შემართა. 112 ქულით საუკეთესო ბომბარდირი ფრანგი ტიერი ლაკრუა გახდა, ახალზელანდიელები ჯონა ლომუ და მარკ ელისი კი, საუკეთესო მელელოვეები იყვნენ (7-7 ლელო). 1995 წლის მსოფლიო თასი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ახალმა ზელანდიამ იაპონიას დღემდე სარეკორდო - 145 ქულა გაუტანა (21 ლელო, 20 გარდასახვა). ტურნირს ცოცხლად თვალი მილიონ ასი ათასმა ადამიანმა მიადევნა.
1999 წელს მსოფლიო თასს უელსმა უმასპინძლა, თუმცა, შეხვედრები ირლანდიის, შოტლანდიის, ინგლისისა და საფრანგეთის სტადიონებზეც ჩატარდა. IRB-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასზე მონაწილეთა რაოდენობა პირველად გაიზარდა 16-დან ოცამდე, ამასთან, შესარჩევი ეტაპის გარეშე ტურნირზე პირდაპირ დაუშვეს მხოლოდ ოთხი ნაკრები - 1995 წლის მსოფლიო თასის პრიზიორები სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია და საფრანგეთი და მასპინძელი უელსი. შესარჩევ ეტაპში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა და ტონგასთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა, მოგვიანებით კი, კუნძულელები მსოფლიო თასზე გავიდნენ. ოცი გუნდი ხუთ ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდა და ტურნირის ჩატარების ფორმატი შეიცვალა.
ჯგუფის ხუთი გამარჯვებული მეოთხედფინალში გავიდა, დანარჩენი სამი ადგილი კი, ჯგუფის მეორეადგილოსნებმა და ერთმა საუკეთესო მესამეადგილოსანმა პლეი ოფში გაითამაშეს. მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში უელსმა არგენტინა ახლადგახსნილ “მილენიუმზე” 23:18 დაამარცხა. მასპინძლები მეოთხედფინალში იმ წელს კარგად მობურთალ ავსტრალიასთან დამარცხდნენ. “კენგურუებმა” ნახევარფინალში მსოფლიო თასის მოქმედი მფლობელი სამხრეთ აფრიკა დამატებით დროში დაამარცხეს (27:21), ხოლო მეორე ნახევრფინალში საფრანგეთმა უხვქულიან ჯახში 43:31 დასცა. მესამე ადგილი აფრიკელებს დარჩათ, რომლებმაც ზელანდიელებს 22:18 სძლიეს, ფინალში კი, ავსტრალიამ საფრანგეთს 35:12 აჯობა და პირველი ნაკრები გახდა, რომელიც მსოფლიო თასს მეორედ დაეუფლა. საუკეთესო მექულე არგენტინელი გონსალო კესადა გახდა (102 ქულა), ხოლო მელელოვეებში პირველობა არავის დაუთმო ზელანდიელმა ჯონა ლომუმ (8 ლელო). სტადიონებზე მაყურებელთა დასწრება კიდევ უფრო გაიზარდა 1 750 ათასს მიაღწია.
2003 წლის მსოფლიო თასისთვის, ავსტრალიას ახალ ზელანდიასთან ერთად უნდა ემასპინძლა, თუმცა, ზელანდიის ფედერაციისა და ტურნირის ორგანიზატორებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, ყველა თამაში ავსტრალიაში ჩატარდა. გათამაშების ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა. გუნდების რაოდენობა 20 დარჩა, ოღონდ, ისინი ოთხ ხუთგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ, გაუქმდა მეოთხედფინალში გასასვლელი პლეი ოფი და ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდნენ. ტურნირზე პირდაპირ დაუშვეს წინა მსოფლიო თასის რვა მეოთხედფინალისტი, დანარჩენი 12 საგზურისთვის კი, შესარჩევ ეტაპზე ხუთი კონტინენტის 81-მა ნაკრებმა იბრძოლა. შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა საქართველოს ნაკრებმა და პირველად გავიდა მსოფლიო თასზე, თუმცა, იქ ოთხივე შეხვედრა წააგო.
მასპინძელმა ავსტრალიამ ტურნირი არგენტინის ძლევით გახსნა და ამ შეხვედრას სიდნეიში 81 350 მაყურებელი დაესწრო. მოგვიანებით, მასპინძლებმა მსოფლიო თასისთვის სარეკორდო გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც ნამიბია 142:0 გაანადგურეს. ნახევარფინალში ავსტრალიამ ახალ ზელანდიას 22:10 სძლია, ხოლო ინგლისმა საფრანგეთი დაამარცხა - 24:7. მესამე ადგილი ფრანგთა ძლევით ზელანდიამ დაისაკუთრა, ფინალი კი, ძალზედ დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრას უკვე 83 ათასი მაყურებელი დაესწრო და ძირითადი დრო ფრედ, 17:17 დასრულდა. დამატებითი დროის ბოლო წუთზე, ჯონ უილკინსონმა გადამწყვეტი არეკნი დაჰკრა და ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიტანა. ინგლისი გახდა პირველი ჩრდილოეთნახევარსფეროს ნაკრები, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. უილკინსონი 113 ქულით ტურნირის ბომბარდირიც გახდა, 7-7 გატანილი ლელოთი კი, მელელოვეებში ზელანდიელებმა - დუგ ჰოულეტმა და მილს მულიაინამ იპირველეს. მატჩებზე დამსწრეთა რაოდენობამ ამჯერად 1 837 547 ადამიანს მიაღწია.
2007 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის ბრძოლაში, საფრანგეთმა ინგლისს აჯობა (18 ხმა 3-ის წინააღმდეგ) და დღემდე დასწრების მხრივ ყველაზე მასშტაბური გათამაშება გაიმართა. სტადიონებზე თამაშებს 2 263 223 მაყურებელი დაესწრო. საფრანგეთის გარდა, რამდენიმე შეხვედრას შოტლანდიამ და უელსმაც უმასპინძლეს. ტურნირზე პირდაპირ იქნა დაშვებული წინა მსოფლიო თასის 8 მონაწილე, დანარჩენი 12 საგზურისთვის კი, 86-მა ნაკრებმა იბრძოლა. მათ შორის იყო საქართველოც, რომელმაც პორტუგალიას გადათამაშებაში სძლია და ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო თასზე. საფრანგეთში “ბორჯღალოსნებმა” წარმატებით იბურთავეს, ნამიბია 30:0 დაამარცხეს, ირლანდიასთან მხოლოდ 10:14 დამარცხდნენ, არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართეს და ბოლოსღა გატყდნენ (3:33), საფრანგეთთან კი, უბრალოდ ვერაფერს გახდნენ (7:64).
ტურნირი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებებისთვის. სამხრეთ აფრიკამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ და არგენტინამ, ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგეს და და პირველი ადგილები დაიკავეს. ამათგან გაოცებას არგენტინელთა თამაში იწვევდა, რომლებმაც მასპინძლები დაამარცხეს. ამ მარცხის გამო, ფრანგებს მეოთხედფინალური მატჩის ჩატარება კარდიფში მოუწიათ და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ. მანამდე “ოლ ბლექსს” ოთხ მატჩში საოცარი სხვაობა ჰქონდა - 309:35-ზე, მაგრამ “მამლებთან” ვერაფერს გახდა და საფრანგეთმა 20:18 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ზელანდიელები შესვენებისას 13:3-ს იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მანამდე არცთუ დამაჯერებლად მობურთალმა ინგლისმა, მეორე ფავორიტი ავსტრალია შეიწირა - 12:10. კიდევ ორ მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკამ და არგენტინამ იმარჯვეს და ნახევარფინალში ევროპული გუნდები ერთმანეთს, ხოლო სამხრეთულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ევროპული ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა. საფრანგეთის 6:5-ს იგებდა, მაგრამ ჯონ უილკინსონმა მეორე ტაიმში თამაში შემოაბრუნა, არეკნი და ორი ჯარიმა გაიტანა და ინგლისელებს 14:9 მოაგებინა. მეორე ნახევარფინალში აფრიკელთა უპირატესობა აშკარა იყო - 37:13. ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ, საფრანგეთი არგენტინასთან მესამე ადგილისთვის ჯახშიც დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, ფინალი კი, დაძაბული გამოდგა, ლელო არ გასულა და სამხრეთ აფრიკამ ინგლისს ჯარიმების ხარჯზე აჯობა - 15:6. ამრიგად, სამხრეთ აფრიკა ავსტრალიის მსგავსად, მსოფლიო თასს მეორედ დაუფლა, ხოლო თითო-თითო გამარჯვება ახალი ზელანდიისა და ინგლისის ანგარიშზეა. ტურნირის ბომბარდირი 105 ქულით სამხრეთ აფრიკელი პერსი მონტგომერი გახდა, საუკეთესო მელელოვე კი, ასევე სამხრეთაფრიკელი ბრაიან ჰაბანა (8 ლელო).
2005 წლის გადაწყვეტილებით, რიგით მეშვიდე მსოფლიო თასს რაგბიში ახალი ზელანდია უმასპინძლებს და ის ამა წლის 9 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე გაიმართება. მონაწილე კვლავაც 20 გუნდია და მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც, რომელიც პლანეტის უდიდეს სარაგბო ფორუმზე ზედიზედ მესამედ გავიდა. მსოფლიო თასზე პირდაპირ მოხვდა ის 12 ნაკრები, რომლებმაც წინა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი-მესამე ადგილები დაიკავეს, ხოლო დანარჩენი 8 საგზური რეგიონალური შესარჩევი ეტაპების საშუალებით გათამაშდა. ტურნირზე პირდაპირ მოხვდნენ არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, სამხრეთ აფრიკა, ტონგა და უელსი, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახეს საქართველომ, კანადამ, სამოამ, იაპონიამ, ნამიბიამ, აშშ-მ, რუსეთმა და რუმინეთმა.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075469